საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს. ზალკალიანი აშშ-ში ელჩად დაინიშნა
ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი
საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს – დავით ზალკალიანი, რომელიც ამ პოსტს 2018 წლიდან იკავებდა, გააგრძელებს მუშაობას ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად. საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი კი 41 წლის ილია დარჩიაშვილი გახდა.
დარჩიაშვილი 2021 წლიდან, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა, მანამდე კი საქართველოს ელჩი იყო პოლონეთში.
ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ზალკალიანს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„მას [ზალკალიანს] პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მიღებული მონაწილეობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დაამატა: „როცა ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო [აშშ-ში ელჩის] თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენი ამოცანა, სურვილია, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ორი ქვეყნის ურთიერთობები“.
● როგორ იყენებს რუსეთი ცხინვალს უკრაინაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხარდასაჭერად
● ცხინვალი “მშობლიურ” რუსეთთან შეერთებას გეგმავს. რას ამბობს თბილისი?
● 10 ნაბიჯი ევროკავშირისკენ – სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას კონკრეტულ გეგმას სთავაზობს
ზალკალიანი ოთხი წელი იყო საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მას ასევე ირაკლი ღარიბაშვილისა და წინა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტი ეკავა.
რაც შეეხება ილია დარჩიაშვილს, სხვადასხვა პერიოდში იგი იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე, საჯარო თანამდებობებამდე მუშაობდა კერძო სექტორში.