აფხაზეთში მცირე ზომის სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ მათ წამგებიან კონკურენციაში აქცევენ რუსული ტურისტული კომპანიები, რომლებიც რეგიონში საქმიანობენ. მათი თქმით, ეს კომპანიები განზრახ ამცირებენ ფასებს, რათა ადგილობრივი ბიზნესი გააძევონ ბაზრიდან.
გუდაუთაში, ერთ-ერთ 18-სართულიან სასტუმროში, ნომერი სრული სამჯერადი კვებით ღამეში მხოლოდ 700 რუბლი (დაახლოებით 8,70 აშშ დოლარი) ღირს. ეს სასტუმროები ეკუთვნის მიხეილ და დინარიკ სიჭინავებს, რომლებმაც ბოლო წლებში ათზე მეტი საბჭოთა დროინდელი პანსიონატი და სანატორიუმი შეიძინეს და გაარემონტეს. შედეგად, მათი ობიექტები ტურისტული სეზონის დაწყებამდე თითქმის სრულად არის დაჯავშნილი.
მეზობლად მდებარე მცირე სასტუმროები და საოჯახო სასტუმროები კი, როგორც იუწყებიან, ნახევრად ცარიელია. ზოგიერთი მფლობელი ამბობს, რომ აღდგომის და მაისის დღესასწაულებზე არც ერთი სტუმარი არ ჰყოლიათ.
“18-ნომრიანი სასტუმრო მაქვს და მაისის დღესასწაულებზე არც ერთი ტურისტი არ მყოლია. შარშან ამ დროს ნახევრად მაინც იყო სავსე. ახლა პირველი ჯავშანი ივლისზეა და ეს კატასტროფაა. ორი ასეთი სეზონი და სასტუმროს გაყიდვა მომიწევს“, – წერს სოციალურ ქსელში მეწარმე.
სიჭინავების ოჯახის თქმით, მათი სასტუმროები დიდ რუსულ ტუროპერატორს – “Библио-Глобус”-ს აქვთ გადაცემული და სწორედ ეს კომპანია ადგენს ფასებს.
თუ ფასების დემპინგი სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, მცირე სასტუმროების მრავალი მფლობელი იძულებული იქნება, ბიზნესს დაემშვიდობოს. ისინი აფხაზეთის ხელისუფლებას ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღებას სთხოვენ, რათა ადგილობრივი ბიზნესი დაცული იყოს.
“მარტივია – დიდმა მოთამაშეებმა ფასები მიზანმიმართულად დაწიეს, რათა გაანადგურონ ადგილობრივი მცირე ბიზნესი. მაგრამ დემპინგი აზიანებს თავად ქვეყანასაც, რომლის ბიუჯეტიც სეზონის ბოლოს სერიოზულ დანაკარგს მიიღებს“, – წერს აფხაზური გამოცემა “ნუჟნაია გაზეტა“.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო