ვიდეო: ასლან ბჟანიას თანაშემწემ რუსეთთან საზღვარი ავტომობილით გაარღვია
აფხაზეთში პრეზიდენტის თანაშემწეს, ახრა ავიძბას რუსეთიდან ვალის გამო არ უშვებდნენ. ამიტომ, მან საზღვარზე არსებული ბარიერი საკუთარი ავტომობილით გაარღვია.
ამ ვიდეოზე ჩანს, როგორ ეჯახება დაღესტნური ნომრის მქონე Land Cruiser-ი რუსეთის მხრიდან საზღვარზე არსებულ ბარიერს და როგორ შედის აფხაზეთში.
სოციალურ ქსელებში ვიდეოს გამოჩენის შემდეგ, 8 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საჭესთან აფხაზეთში საკმაოდ ცნობილი პიროვნება, ახრა ავიძბა იჯდა.
ვინ არის ახრა ავიძბა

ახრა ავიძბა ცნობილი აფხაზი „კანონიერი ქურდის“, ალხაზ ავიძბას ახლო ნათესავია. ალხაზ ავიძბა 2019 წლის ნოემბერში, სოხუმში, რესტორანში მომხდარი სკანდალური სროლის დროს დაიღუპა.
ახრა ავიძბა იბრძოდა აღმოსავლეთ უკრაინაში იმ რეგიონების მხარეს, რომლებმაც ცალმხრივად გამოაცხადეს კიევისგან დამოუკიდებლობა. მას „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ გმირის წოდება აქვს.
ფაქტობრივად, სწორედ ახრა ავიძბა გახდა 2020 წლის იანვარში, აფხაზეთში, ხელისუფლების შეცვლის გენერატორი. მან მიიყვანა ადამიანები პრეზიდენტის სასახლესთან, შტურმით შეიყვანა შიგნით და საბოლოოდ, ყველაფერი მაშინდელი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომითა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით დასრულდა.
• აფხაზეთის პარლამენტმა პრეზიდენტს თანამდებობიდან გადადგომა შესთავაზა
• სოხუმში ორი ე.წ. “კანონიერი ქურდი” მოკლეს. მძიმედ დაიჭრა მიმტანი გოგონა
• მოსაზრება: „კრიმინალური აფხაზეთი – როგორ მივიღეთ ის?“
22 მარტს, აფხაზეთის პრეზიდენტად გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია აირჩიეს. სწორედ მისი თანაშემწე გახდა ახრა ავიძბა.
დაახლოებით, ერთი თვის წინ, ავიძბა პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა საერთაშორისო საკითხებში.
თავად ავიძბას განმარტებით, რუსი მესაზღვრეები არ უშვებდნენ გადაუხდელი კომუნალური დავალიანების გამო. სოჭში, აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწეს უძრავი ქონება და მის სახელზე გაფორმებული რამდენიმე ავტომობილი აქვს.
„მე მათ აფხაზური დიპლომატიური პასპორტი ვაჩვენე. მათ ჩემთვის რუსეთიდან გამოსვლაში ხელის შეშლის უფლება არ ჰქონდათ. ვუთხარი, რომ აფხაზეთიდან დაბრუნებისთანავე მოვაგვარებდი დავალიანებასთან დაკავშირებულ პრობლემას, მაგრამ ისინი მაინც თავის ნათქვამზე იდგნენ“, – განაცხადა ახრა ავიძბამ.
მომხდარ ინციდენტს აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.