აფხაზეთმა მდინარე ენგურის ხიდი გახსნა
აფხაზეთმა მდინარე ენგურზე გადასასვლელი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა, მაგრამ ჯერ მხოლოდ აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის და ისიც მხოლოდ ერთ მხარეს – მათ შეუძლიათ სახლში დაბრუნდნენ, მაგრამ აფხაზეთიდან ვერ გავლენ.
ეს ძირითადად იმ ადამიანებს შეეხება, რომლებიც 2020 წლის მარტის ბოლომდე, კარანტინის გამოცხადებამდე გადავიდნენ სამკურნალოდ ქართულ კლინიკებში და შემდეგ უკან დაბრუნება ვეღარ შეძლეს, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა შესასვლელი ჩაიკეტა.
- კორონავირუსის ტყვეები – მათ, ვინც ქართულ მხარეს გადავიდნენ, აფხაზი მესაზღვრეები უკან აღარ უშვებენ
- აფხაზეთი: შვიდი კადეტი კორონავირუსით და უსიმპტომოდ. ისტორიები კლინიკიდან და კარანტინიდან
- კორონავირუსის პანდემიის ქრონიკა კავკასიაში
ყველა დაბრუნებულს მედიკოსები შეამოწმებენ და, ამასთან, მათ თან უნდა ჰქონდეთ ცნობა იმის შესახებ, რომ კორონავირუსზე ლაბორატორიული შემოწმება გაიარეს. ასეთი ცნობის არქონის შემთხვევაში, მათ ტესტირება უნდა გაიარონ.
დაბრუნებულებმა სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ, რომელსაც პოლიცია და სანიტარიული სამსახურები გააკონტროლებენ.
29 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში, COVID-19-ით ინფიცირების 26 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა, ერთი, 95 წლის ქალი გარდაიცვალა.
ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში, ყოველდღიურად, COVID-19-ზე ტესტირებას 70-დან 100 ადამიანამდე გადის.