საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების ფაიზერის ვაქცინით აცრა დაუშვეს
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვები ფაიზერის ვაქცინით აცრას შეძლებენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ბავშვების ვაქცინაციის პროცესში აუცილებელია მშობლის თანხმობა.
“12- დან 15- წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და ფაიზერით აიცრან”, – თქვა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ე.წ. ბუსტერ დოზებზეც. მისი თქმით, აცრის ბოლო დოზიდან 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზით აცრა შეეძლება ნებისმიერი ვაქცინით აცრილ ყველა 18 წელს გადაცილებულ ადამიანს.
გაბუნიამ აღნიშნა ისიც, რომ ვინც აიცრა სინოფარმით ან სინოვაკით, შეუძლია გაიკეთოს კვლავ სინოფარმის ან სინოვაკის ბუსტერ დოზა ან ფაიზერის ვაქცინა აირჩიოს ბუსტერ დოზისთვის.
რაც შეეხება “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრილებს, მათ 6 თვის შემდეგ დამატებით შეუძლიათ გაიკეთონ ასევე ფაიზერის ბუსტერ დოზა, ხოლო ფაიზერით აცრილებისთვის რეკომენდებულია ბუსტერ დოზადაც ფაიზერის ვაქცინის გამოყენება ბოლო აცრიდან 6 თვის შემდეგ.
თამარ გაბუნიას თქმით, 60 წელს გადაცილებულ “სინოვაკით” და “სინოფარმით” აცრილ ადამიანებში, გამონაკლისის სახით, ბუსტერ დოზით ვაქცინაცია დაშვებულია ბოლო აცრიდან 3 თვის შემდეგ.
● 18 თვე კორონავირუსთან ერთად: დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვრცელი ანგარიში
● მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში კოვიდით გარდაცვლილების თითქმის 99% აუცრელი იყო
● საქართველოში ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა 37,5%-ი მიზეზად უშვილობას ან სიკვდილს ასახელებს
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში აცრები ძირითადად ოთხი ვაქცინით მიმდინარეობდა – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერისგან“ განსხვავებით, ჩინური წარმოების ვაქცინებს ვადა ორიდან სამ წლამდე აქვთ.
რამდენიმე დღის წინ გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 17 ათასამდე დოზას ვადა გაუვიდა და ის უნდა ჩამოწერონ.
ეროვნული გეგმის თანახმად, ქვეყნის მიზანი წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა იყო. თუმცა, ბოლო დროს, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად დაეცა.
თუ აგვისტოს ბოლოს დღეში 20 ათასზე მეტი ადამიანი იცრებოდა, ბოლო პერიოდში დღეში საშუალოდ 3 ათასი დოზა ვაქცინა კეთდება.
8 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 010 783 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 052 313 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 37.0 %; სრულად ვაქცინირებულია 954 991 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 33.4 % გასული დღე-ღამის განმავლობაში მთლიანობაში აიცრა 5 254 ადამიანი.
8 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 75 ადამიანი.