უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში საქართველოდან რვა დეპუტატი გაემგზავრება
საქართველოდან უკრაინაში რვა დეპუტატი გაემგზავრება
უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში საქართველოდან რვა დეპუტატი გაემგზავრება. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს, მმართველი პარტიიდან დელეგაციაში ასევე იქნებიან: ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე.
საპარლამენტო ოპოზიციას დელეგაციაში ხუთი დეპუტატი წარმოადგენს: პარლამენტის ვიცე-სპიკერი პარტია „მოქალაქეებიდან“ ლევან იოსელიანი, დეპუტატი პარტიიდან „საქართველოსთვის“ გიორგი ხოჯევანიშვილი, ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, დეპუტატი „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილი, პარლამენტის წევრი პარტია „ლელო“-დან ანა ნაცვლიშვილი.
“ქართულ ოცნებასთან” ერთად ვიზიტზე უარი განაცხადა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.” მათი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება კოლაბორაციაშია რუსეთის ხელისუფლებასთან და მათთან ერთად ვიზიტი არ არის მიზანშეწონილი.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინაში საქართველოს პარლამენტიდან მიმავალი დელეგაციის წევრების სია “იდეალურად დალაგდა”. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესია, რომ ქვეყანა ომში ჩართონ და კარგია, რომ ისინი “ბორტს მიღმა” დარჩნენ:
“იდეალურია იმიტომ, რომ არის მრავალპარტიულია ეს ვიზიტი, მრავალპარტიული სახით იქნება გამოთქმული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ასევე, ძალიან კარგია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ იქნებიან ამ ვიზიტში. ეს არის ნიშანდობლივი და სიმბოლურიც, “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც არის “ომის პარტია”, არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, “ქართულ ოცნებასთან”, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ამ ვიზიტზე წარმოდგენილი.”
● მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა უკრაინაში. ფოტო
● საქართველოს პრემიერი: ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაისჯებოდა
● აბა ომი გინდათ?! – ვინ და რატომ აძლიერებს საქართველოში ომის ბუნებრივ შიშს? ექსპერტების შეფასებები
საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ ომის დაწყებიდან მეორე დღეს დაიძაბა, როდესაც საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება. ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ ომი ვერ აიცილა და ამის გამო ყველაზე მეტად უკრაინელი ხალხი, სახელმწიფო დაზარალდება.
იმავე დღეს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საკითხზე პოზიციის გამო. საქართველოს რეაქციას დასავლეთის ანტირუსულ სანქციებზე კარასინმა “გაწონასწორებული” უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში „ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩება“.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი ჯერ დროებით, შემდეგ კი საბოლოოდ გაიწვია.
ბოლო სკანდალი საქართველოსა და უკრაინას შორის უკრაინული დაზვერვის განცხადებას უკავშირდება, რომლის მიხედვით, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. მათი განმარტებით, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და მოუწოდა უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით.
რამდენიმე დღის წინ, ირაკლი კობახიძემ უკრაინის ხელისუფლებას სამი პირობა წაუყენა, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, შესაძლოა საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ჩასულიყო. პირობებს შორის იყო ბოდიში კონტრაბანდაზე, ელჩის გაწვევა და ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების თანამდებობებიდან გათავისუფლება.
საბოლოოდ სიტუაცია უკრაინის რადას სპიკერის და შალვა პაპუაშვილის ონლაინშეხვედრამ განმუხტა, სადაც გადაწყდა, რომ საქართველოდან უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია გაემგზავრება.