ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიცვას აქტივისტ სამირა ბაირამოვას უსაფრთხოება
“ალტ-ინფოს” მუქარა სამირა ბაირამოვას
საქართველოს შინაგან საქმეთა მისნისტრს, ვახტანგ გომელაურს, დღეს, 17 მარტს, პარლამენტში ჰკითხეს, როგორ აპირებს დაიცვას იმ აქტივისტების უსაფრთხოება, რომელთაც პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის “ალტ-ინფოს” წევრები ღიად ემუქრებიან გაქრობით.
“ალტ -ინფოს” სამიზნე ამჯერად მარნეულში მცხოვრები აქტივისტი სამირა ბაირამოვაა.
რამდენიმე დღის წინ, 14 მარტს სამირა ბაირამოვამ ქალაქ მარნეულში „ალტ-ინფოს“ ბაზაზე ჩამოყალიბებული „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა გააპროტესტა. მან ოფისის გარე ფასადი უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით მოხატა.
ამ პერფორმანსის შემდეგ სამირა ბაირამოვას მისამართით “ალტ-ინფოს” წევრების მხრიდან მუქარა დაიწყო. 16 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა “ალტ-ინფოს” მხარდამჭერების ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ისინი სამირა ბაირამოვას მოუწოდებენ ოფისის ფასადი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრონოს. მათ სამირას ორდღიანი ვადა მისცეს.
„ამოვედით მარნეულში, გასაფრთხილებლად, ჩვენ მუსლიმ ძმებსაც მინდა რომ მივაწვდინოთ ეს სიტყვები, მაგ ქალს (სამირა ბაირამოვა) გააგებინონ, ამით შეიძლება გაღვივდეს რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე შუღლი, რისი სურვილიც ძალიან დიდი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, – ისმის ვიდეოში.
აქტივისტმა მუქარის შეტყობინებები პირადადაც მიიღო “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, გიო ჩართოლანისგან:
„შენ დედას მოვტ..ავ, რო გნახავ ქათამივით უნდა მოგაჭრა ეგ თავი შენი ურჯულო დედას შევ..ი“.
„როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის მხრიდან შიშის დათესვის მცდელობაზე, იმ დაუცველობის განცდაზე მინდა გკითხოთ, რომელსაც ქვეყნის შიგნით ცდილობს დათესოს ღიად პრორუსული ორგანიზებული ძალა. ამ ძალადობრივმა ჯგუფებმა დაიწყეს შიშის დათესვა საქართველოს რეგიონებში. გეკითხები – რა რეაგირება ჰქონდათ სამირა ბაირამოვის განაცხადზე, რომელსაც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან ძალადობრივი ჯგუფები“, – ჰკითხა დღეს პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა თეონა აქუბარდიამ.
- პოლიტიკური კრიზისი და პრორუსული განწყობები. როგორ ხედავენ საქართველოს უკრაინელი ჟურნალისტები
- არასამთავრობოები მოუწოდებენ პარლამენტს, შეისწავლონ ალტ-ინფოს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებები
- MDF: ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი აქცენტები – შიში და უიმედობა
სამირა ბაირამოვას დაცვისკენ მოუწოდეს ხელისუფლებას საქართველოში მოქმედმა უფლებადამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც სამირა ბაირამოვას უფლებებს იცავს, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაატაროს სათანადო ზომები სამირა ბაირამოვას უსაფრთხოების დასაცავად და დროულად გამოიძიოს მუქარის შემცველი ყველა ეპიზოდი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, მუქარის ფაქტზე, სამირა ბაირამოვამ თავად მიმართა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო (სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა).
საია ამ გამოძიებისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი:
“ამ ჯგუფის მიერ 5-6 ივლისს განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ამგვარი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება ამ დრომდე დაუსჯელია, რაც გამოძიების მიმართ ნდობას ამცირებს და ახალისებს მოძალადე ჯგუფების ქმედებებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღესვე, სამირა ბარიამოვას დაცვისკენ ხელისუფლებას მოუწოდა კიდევ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინტიტუტმა” (TDI). ორგანიზაცია განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ “ალტ-ინფო”, რომელიც პოლიტიკური პარტიის ფორმით დარეგისტრირდა, არის რუსეთის აგრესიული პროპაგანდის ინსტრუმენტი საქართველოში, ებრძვის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებების პრინციპებს, საქართველოს სუვერენიტეტს და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას:
“მიგვაჩნია, რომ 5 ივლისის სისხლიანი ძალადობის ორგანიზატორების მიერ გაგზავნილი მუქარა რეალური საფრთხის შემცველია“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მარნეულის პოლიციამ დღეს სამირა ბაირამოვა უკვე გამოკითხა. ამის შესახებ, ფეისბუქის გვერდზე, თავად სამირამ დაწერა.
“ალტ -ინფო” პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფია. “ალტ-ინფოს” პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” საჯარო რეესტრმა 2021 წლის 7 დეკემბერს დაარეგისტრირა.
პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, ხოლო გენერალური მდივანი – გიორგი ქარდავა. სწორედ “კონსერვატიული მოძრაობის” დამფუძნებლები არიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები: კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო და სხვები.
ახალ პოლიტიკურ პარტიას სწორება ძირითადად რუსეთზე აქვს. „ალტ-ინფოს“ და პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელი კონსტანტინე მორგოშია “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ამბობს, რომ რუსეთთან საუბრის გარეშე საქართველო ფონს ვერ გავა.
ბოლო დღეებში, პარტია, ერთმანეთის მიყოლებით ხსნის საქართველოს რეგიონებში ოფისებს.
“ალტ-ინფოს” მუქარა სამირა ბაირამოვას