აფხაზეთში ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ
ქართველებს აფხაზეთში შესაძლოა მოქალაქეობა დაუბრუნონ
აფხაზეთში კვლავ ალაპარაკდნენ აფხაზეთის მოქალაქეობის დაბრუნებაზე გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის – ეთნიკურად ქართველებისთვის, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ. მათ აფხაზური პასპორტები 2014 წელს ჩამოართვეს, მათ გვერდით დადგომის მცდელობა კი ხელისუფლების დაკარგვად დაუჯდა მაშინდელ პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს. ეს იდეა იმდენად არ მოეწონა ყოფილ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას, რომ მან ამის გამო ხანგრძლივი დუმილი დაარღვია.
ძირითადად ეთნიკურად ქართველებით დასახლებული აფხაზეთის გალის რაიონის თემა წამოიჭრა ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „აფხაზეთის ხალხთა კონგრესის“ დამფუძნებელ ყრილობაზე, რომელიც ცნობილმა აფხაზმა პოლიტიკოსებმა, ოლეგ დამენიამ და დავით ფილიამ შექმნეს.
„ეს უბრალოდ აფხაზეთის ერთ-ერთი რაიონი კი არ არის, ეს – საზღვრისპირა რაიონია. ამ რაიონის მცხოვრებლები ამ დრომდე სვამენ კითხვას: „ვისი ხალხი ვართ? გვაქვს კავშირი აფხაზეთთან?“. თუკი გავიხსენებთ სტატისტიკას, საბჭოთა დროს აქ რესპუბლიკის მოსახლეობის მეხუთედი ცხოვრობდა, რომელიც აფხაზეთის ეკონომიკური პოტენციალის მესამედს უზრუნველყოფდა“, – განაცხადა დავით ფილიამ.
მისი თქმით, ადამიანებს მასობრივად ჩამოართვეს მოქალაქეობა „პოლიტიკური კონიუნქტურის გულისთვის“ და ბავშვებსაც კი დაბადებიდან არ ეძლევათ აფხაზური პასპორტი.
2014 წელს, პარლამენტის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ გალის რაიონის მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა უკანონოდ მიიღო აფხაზეთის მოქალაქეობა, რადგან მათ მეორე, საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, რაც მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაა.
საპარლამენტო კომისიის დასკვნის საფუძველზე ეროვნულმა კრებამ მაშინდელ პრეზიდენტს, ალექსანდრ ანქვაბს სიტუაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის რეკომენდაცია მისცა, ან გალელებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის.
ალექსანდრ ანქვაბმა უარი განაცხადა პარლამენტის გადაწყვეტილების შესრულებაზე, რის შედეგადაც, 2014 წლის მაისში, ოპოზიციამ შტურმით აიღო პრეზიდენტის სასახლე და მას გადადგომა აიძულა.
რაულ ხაჯიმბამ, რომელიც ანქვაბის შემდეგ ჩაუდგა აფხაზეთს სათავეში, საქართველოს მოქალაქეობის მქონე 20 ათასზე მეტ გალელს ჩამოართვა აფხაზური პასპორტი. ანულირებული დოკუმენტების სანაცვლოდ გალის რაიონის მცხოვრებლებს ბინადრობის ნებართვები გადასცეს.
„ამით ჩვენ საქართველოს წესებით ვთამაშობთ, – აღშფოთებულია მსგავსი პრაქტიკით დავით ფილია, – წლიდან წლამდე ასობით ახალგაზრდას ვაიძულებთ წავიდნენ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ჩვენ სამურზაყანო (გალის რაიონი) ახალგაზრდების გასაზრდელ ერთგვარ ინკუბატორად ვაქციეთ, რომელსაც საქართველოს ვაძლევთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. უნდა შევიმუშაოთ სახელმწიფო პოლიტიკა სამურზაყანოს მოსახლეობასთან დაკავშირებით და მისი ინტეგრაციისათვის ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში“.
ექსპრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში სწორედ გალელებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მიცემის წინააღმდეგ აგორებულ საპროტესტო ტალღაზე მოვიდა, „აფხაზეთის ხალხთა კონგრესის“ ინიციატივის საპასუხოდ, მრავალწლიანი დუმილი დაარღვია.
„ოლეგ დამენიას მიერ გახმოვანებულ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ პრიმიტივიზმს ჩალის ფასი აქვს, და რაიმე კომენტარიც… მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ ამ თემის დაბრუნება არ ღირს. არავინ დაუშვებს იმ პირობების შეცვლას, რომელიც მოქალაქეობის შესახებ კანონშია შესული“, – განაცხადა ხაჯიმბამ აფხაზურ გამოცემა „Нужная газет“-სთან ინტერვიუში.
მან ოპონენტებს ურჩია, განმარტებებისთვის ცნობილ აფხაზ ისტორიკოსს, სტანისლავ ლაკობას მიმართონ, რომლის დასკვნებიც დაედო საფუძვლად გალელებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას.