რა საერთო აქვთ ქართველ, სომეხ და უკრაინელ ანტივაქსერებს
ანტივაქსერების ბრძოლა
კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური პრობლემები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. გამონაკლისი არც აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებია, სადაც ანტივაქსერულმა განწყობამ და ამ განწყობის თანმდევმა პროპაგანდამ მასშტაბური სახე მიიღო. საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ნაკლებობამ, მთავრობების მხრიდან გადადგმულმა მცდარმა და პოპულისტურმა ნაბიჯებმა, რუსეთიდან წარმოებულმა საინფორმაციო ომმა და დეზინფორმაციის ნიაღვარმა ვაქცინაციის შესახებ ეს პრობლემა კიდევ უფრო სახიფათო პროცესად გარდაქმნა.
პანდემიური საქართველო – შეთქმულების თეორიების კვალდაკვალ
ავტორი: ქეთი თუთბერიძე
„ყველაზე დიდი პრობლემა, რის წინაშეც პანდემიის დროს ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს, ვაქცინის გამოუყენებელი მარაგია, – გქონდეს ვაქცინა და მოსახლეობა არ იცრებოდეს“. – ეს სიტყვები ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ წამყვან ეპიდემიოლოგს, საბინის ვაქცინის ინსტიტუტის იმუნიზაციის პრეზიდენტ ბრიუს გელინს ეკუთვნის. საქართველო ამ პრობლემის მქონე ქვეყნების კატეგორიაში აღმოჩნდა.
შემოდგომაზე საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 17 ათასამდე დოზას გამოუყენებლობის გამო ვადა გაუვიდა და გადაიღვარა. ამ ფაქტს ფონად გასდევს დრამატული რეალობა, – უკვე მეოთხე თვეა, რაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოს პირველ ათეულშია. 2020 წლის 4 აპრილიდან ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსით 13 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.
ეპიდემიური ვითარების ქრონოლოგია
ეპიდვითარების გაუარესების ქრონოლოგია საქართველოში 2020 წლის აგვისტოს ბოლოდან იწყება. რეგულაციების შემსუბუქებამ, რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მქონე რუსეთთან საზღვრების არჩაკეტვამ, ხალხმრავლობამ საზაფხულო კურორტებზე კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში, პირველთან შედარებით, გაცილებით მძიმე რეალობად აქცია.
ლოქდაუნის მორიგი ტალღა 2020 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო. რეგულაციები მკაცრი იყო, მოქმედებდა კომენდანტის საათი 21:00-დან 6:00-მდე, შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
2021 წლის თებერვალში დღის წესრიგში ვაქცინის შემოტანის საკითხი დადგა.
საქართველოს მოსახლეობამ ასტრაზენეკას ვაქცინების პირველი მარაგი კოვაქსის პლატფორმიდან 2021 წლის 13 მარტს მიიღო, დათქმულ ვადაზე 3 კვირით გვიან. შემუშავებული გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე მედპერსონალი, შემდეგ 65 წელს ზემოთ მოქალაქეები და რისკჯგუფში შემავალი ადამიანები უნდა აეცრათ. საყოველთაო ვაქცინაცია კი მაისიდან სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით დაიწყო. ივლისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს Pfizer-Biontech-ის ნახევარი მილიონი დოზა საჩუქრად გაუგზავნა. საქართველომ ფაიზერის დამატებითი მარაგი, – 50 ათასი დოზა მიიღო ლიეტუვის მთავრობისგანაც.
მთელი ამ დროის განმავლობაში პანდემიას საქართველოში ფონად გასდევდა შეთქმულების თეორიებისა და დეზინფორმაციის აგრესიული კამპანია. ანტიდასავლური მედია, როგორიცაა ტელეკომპანია „ობიექტივი“, ინტერნეტ-ტელევიზია „ალტ ინფო“ და გაზეთები „ასავალ დასავალი“, „საქინფორმი“ და სხვა, საკუთარ პლატფორმებს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის აქტიურად იყენებდნენ. პროცესში ჩართული იყო არაერთი სასულიერო პირი, რომელთა განცხადებებმა იმუნიზაციის მიმართ უნდობლობის გაღვივებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანია – ვინ, რატომ, რისთვის, საიდან?
„არავითარი კორონავირუსი არ არსებობს“, „ვაქცინა ადამიანის დამონების იარაღია“, „მწვანე პასპორტები დისკრიმინაცია და ფაშიზმია“, „ვაქცინაში ჩიპია, რითაც მართლმადიდებლებზე მასონები ექსპერიმენტს ატარებენ“, „არავინ იცის, ერთ წელში შექმნილი ვაქცინა რას გვიზამს“, „ყველა ვაქცინირებული ორ წელში მოკვდება“, „ვაქცინა ახალ მსოფლიო წესრიგს ემსახურება“, – ასეთი ფრაზები ანტივაქსერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებზე თბილისში ხშირად ისმის, ამავე შინაარსის თეორიებიც სოციალურ ქსელსა და პრორუსულ მედიაში ხშირად იწერება. ერთი შეხედვით, მსგავსი დეზინფორმაცია სხვა ქვეყნების ანტივაქსერების ექოსაც ეხმაურება, მაგრამ რელიგიური და ეთნოცენტრული მოტივი საქართველოში უფრო მეტად თვალსაჩინოა.
1 დეკემბერს საქართველოში მწვანე პასპორტები ამოქმედდა, რასაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა, ხოლო სოციალურ ქსელში ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამ უფრო აგრესიული სახე მიიღო.
ბოლო სამი კვირაა, ყოველ კვირა დღეს თბილისის ცენტრში ანტივაქსერები მწვანე პასპორტების გაუქმების მოთხოვნით აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ რამდენიმე ექიმის ფოტო გაშალეს და პროტესტის ნიშნად, ფეხებით გადაუარეს, მედია კი ვაქცინების შესახებ ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულეს. ანტივაქსერებმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელევიზია „TV პირველის“ შენობების წინ აქციები გამართეს. მოთხოვნა ეთერის დათმობა იყო, ასევე გამოხატეს პროტესტი იმ ჟურნალისტების მიმართ, ვინც ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებს.
„დადგება დრო და თქვენ გასამართლდებით საკუთარი ხალხის მტრობისთვის, მედია ხალხის მტერია“, – ისმოდა შეძახილები დემონსტრაციებზე.
საპროტესტო აქციები Facebook-ში შექმნილ ანტივაქსერების საჯარო ჯგუფში დაიგეგმა. ჯგუფი, სახელწოდებით “უარი მწვანე პასპორტებს” 68 ათასამდე ადამიანს აერთიანებს, სადაც პოსტის გამოქვეყნება მხოლოდ ჯგუფის წევრს ადმინის თანხმობით შეუძლია. ჯგუფის წევრი, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით ანონიმურად დარჩენა ისურვა, ანტივაქსერების განწყობაზე საუბრობს. ამ აქციებს ორგანიზებას იგივე ხალხი უწევს, ვინც ბოლო წლებია საქართველოში ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ გზავნილებს ავრცელებს, ვინც ეთნიკური უმცირესობებისა და ლგბტ თემის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს მართავს, ვინც ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსს.
ანონიმური წყარო სოციოლოგიის მაგისტრატურის სტუდენტია და ანტივაქსერებზე სადიპლომო ნაშრომის მომზადების მიზნით, ჯგუფში შეცვლილი სახელითა და გვარით გაწევრიანდა.
„ეს იგივე ხალხია, ვინც 5 ივლისს თბილისში საშინელება დაატრიალა. თითქმის ყველა პრორუსი სუბიექტი ამ ჯგუფშია გაწევრიანებული. იმ ჯგუფში ხშირად გადააწყდებით პირდაპირ მუქარას მედიის მიმართ. აქვთ სიები, კონკრეტული სახელები, ვისი გასამართლებაც უნდა მოითხოვონ რაღაც აბსურდულ სასამართლოზე. სჯერათ, რომ ეს სასამართლო პროცესი მალე შედგება და ექიმები და ჟურნალისტები განსასჯელის სკამზე აღმოჩნდებიან“. – ამბობს წყარო.
5 ივლისი ის დღეა, როცა ულტრამემარჯვენე, ანტიდასავლურმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა თბილისის ცენტრში პრაიდის ჩასაშლელად აქცია დაგეგმეს. მათი რაოდენობა 10 ათასს არ აღემატებოდა, თუმცა მოქმედებდნენ ორგანიზებულად. ვითარების განმუხტვის მიზნით, ლგბტ თემმა დაგეგმილი პრაიდი გააუქმა. ამის მიუხედავად, ძალადობრივი ჯგუფების სამიზნედ 53 ჟურნალისტი იქცა. მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რამდენიმეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენეს და ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, დახიეს და მის ნაცვლად ჯვარი აღმართეს. მედიის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ძალადობრივი აქციის თითქმის არცერთ მონაწილეს პირბადე არ კეთებია.
აქციის ორგანიზატორი ექსტრემისტული ჯგუფი „ალტ ინფო“ იყო, რომელმაც საკუთარი ინტერნეტ-მედიის საშუალებით ჯერ 5 ივლისის მოვლენებს გაუწია ორგანიზება, დღეს კი იმავე პლატფორმიდან იმუნიზაციის წინააღმდეგ მოწოდებებს განაგრძობს. 5 ივლისს ძალადობის ფაქტზე 32 ადამიანი დააკავეს, მაგრამ არცერთი ორგანიზატორი, რაც თავის მხრივ კითხვებს ბადებს.
სოციალურ ქსელ Facebook-ში, სადაც საქართველოს 2 მილიონ 800 ათასამდე მოქალაქეა რეგისტრირებული, ანტივაქსერული დეზინფორმაცია, ისევე როგორც რუსული პროპაგანდისტული ყალბი ინფორმაცია, მძლავრად მუშაობს. იმუნიზაციის მოწინააღმდეგე ჯგუფების ანტიდასავლური საქმიანობა და იდეოლოგიური კავშირი კრემლის პროპაგანდასთან არაერთი კვლევითაც დასტურდება.
ანტივაქსერული მოძრაობის ლიდერი ზვიად ტომარაძეა, – რამდენიმე დისკრიმინაციული შინაარსის კანონპროექტის ავტორი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მასალაში, სახელწოდებით „ქართული ნეონაციზმის ანატომია“, ზვიად ტომარაძე ანტიდასავლური და დისკრიმინაციული რიტორიკის გამავრცელებელ პიროვნებადაა მოხსენიებული, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვას ითხოვს.
ანტივაქსერული მოძრაობის ერთ-ერთი წევრი და სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის გამავრცელებელი ბექა ვარდოსანიძეა. იგი Facebook-ში ვაქცინების შესახებ ყალბ ინფორმაციას ხშირად ავრცელებს. ბექა ვარდოსანიძე 5 ივლისის მოვლენების ერთ-ერთი მონაწილეა, გამოირჩევა ანტილიბერალური ექსტრემიზმით. ბოლო თვეებში მას ანტივაქსერების სოციალური მედიის მენეჯერის ფუნქცია აქვს შეთავსებული, რომელიც Facebook-ში იმუნიზაციის საწინააღმდეგო ყალბ ინფორმაციას ინტენსიურად ავრცელებს. კიბერბულინგის საშუალებით ეწევა ვაქცინაციის პროცესთან კავშირში მყოფი ექიმების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.
საკუთარი ინტერნეტ-ტელევიზიისა და სოციალური ქსელის საშუალებით ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს ალტ ინფოც, 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი ექსტრემისტული, ანტილიბერალური და ღიად პრორუსული ჯგუფი, რომელიც ორი კვირის წინ პარტიად დარეგისტრირდა.
საქართველოში ანტივაქსერული განწყობები სამ ნაწილად იყოფა, მაგრამ ყველა მათგანი მეცნიერულ მტკიცებულებას მოკლებულია. მათი მთავარი წყარო ინტერნეტში მოპოვებული სამოყვარულო ვიდეომასალა ან არასამეცნიერო სტატიებია, ხშირ შემთხვევაში რუსულენოვანი ან სხვა ენებიდან ქართულად ნათარგმნი მასალებიც,ზოგჯერ სასულიერო პირების ქადაგებები, ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ცალკეული ექიმების ფრაზები, ასევე ქართულ პრორუსულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები.
ანტივაქსერების ერთ-ერთი გავრცელებული თეორიის თანახმად, ერთ წელში შექმნილი ვაქცინა სანდო არ არის, თუმცა ამ თეორიის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. მეორე თეორია ეთნოცენტრული ხასიათისაა. ანტივაქსერების ნაწილი შიშობს, რომ ფაიზერის ვაქცინით ქართული დნმ და გენი ზიანდება. მესამე ვერსია რელიგიასთან და ე.წ. „მიკრო ჩიპების შეთქმულების თეორიასთან“ იკვეთება. ამ თეორიის ავტორებს კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ და ამტკიცებენ, რომ პანდემიითა და საყოველთაო ვაქცინაციით (ე.წ „დაჩიპვით“) ახალი მსოფლიო წესრიგი მყარდება. ეს კონსპირაცია ქართულ საზოგადოებაში არ შობილა, თუმცა პოსტ-საბჭოთა სივრცის ნაწილში, განსაკუთრებით რუსეთში და რუსული პროპაგანდის სამიზნედ ქცეულ საქართველოსა და უკრაინაში „ჩიპების თეორიამ“ მიმდევრები შეიძინა.
„ანტივაქსერების მხრიდან მწვანე პასპორტების აკრძალვის მოთხოვნა მხოლოდ ზედაპირული მოთხოვნაა, სინამდვილეში უმრავლესობას დიდად არც ადარდებს, ვინ რომელ რესტორანში შევა. მათი მიზანია, რომ ვაქცინაცია შეწყდეს საქართველოში, რადგან ვირუსის არსებობის უმრავლესობას არ სჯერა, თუმცა ზოგიერთებს სჯერათ, რომ 2024 წლისთვის დედამიწას ერთი მმართველი ეყოლება და ისინი ამ „ანტიქრისტიანული ტოტალიტარიზმის“ წინააღმდეგ მებრძოლ ჯარისკაცებად მიიჩნევენ საკუთარ თავებს. ამიტომაც არ მოსწონთ, როცა ანტივაქსერებს უწოდებენ“. – ამბობს ანონიმური წყარო, რომელიც ანტივაქსერების Facebook-ის ჯგუფს კვლევის მიზნით სექტემბერში დაემატა.
დღესდღეობით საქართველოში მწვანე პასპორტი ორი დოზით აცრილ მოქალაქეს ან იმ პირს ენიჭება, ვინც კორონავირუსი გადაიტანა. ეს უკანასკნელი საკითხი საქართველოში ექიმების ნაწილისთვის სადავოა. არაერთი სპეციალისტის მხრიდან მთავრობის ეს გადაწყვეტილება პოპულისტურ ან არაგონივრულ ნაბიჯად ფასდება. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის წევრი, იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ კოვიდგადატანილისთვის მწვანე სტატუსის მინიჭება არამართებულია.
„მწვანე პასპორტში კოვიდგადატანილებზე არსებული ჩანაწერი დაუსაბუთებელია, რადგან კორონავირუსით ადამიანი შეიძლება, რამდენჯერმე დაინფიცირდეს და რეალური გამოსავალი მხოლოდ ვაქცინაციაა“. – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილ მძიმე ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის საშიში პათოგენების ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი ინტერვიუში განმარტავს, რომ პანდემიასთან გამკლავება მხოლოდ რეგულაციების დაცვითა და საყოველთაო ვაქცინაციითაა შესაძლებელი.
“ანტივაქსერების ამგვარი განწყობა მართლაც დიდი პრობლემაა. ექიმების პირდაპირი მოვალეობაა, ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები დავარწმუნოთ, რომ ვაქცინა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან ეფექტურად იცავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახლახან გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ ბოლო თვეებში ევროპის 33 სახელმწიფოში ვაქცინაციის შედეგად 60 წელს გადაცილებული ნახევარ მილიონამდე ადამიანი გადარჩა. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით დიდი სხვაობაა იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია”. – აღნიშნა რიჩარდ პიბოდიმ.
15 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ორი დოზით ზრდასრული მოსახლეობის 36,9%-ია აცრილი. გაზაფხულზე აცრილებმა გამაძლიერებელი დოზით, ე.წ. ბუსტერით ვაქცინაცია უკვე დაიწყეს, მაგრამ ვაქცინაციის მაჩვენებელი კვირიდან კვირამდე მცირდება. თუ აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში დღეში 20 ათასამდე ადამიანი იცრებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 7 ათასამდეა შემცირებული, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი კი ბოლო ოთხი თვეა 7%-დან 9%-მდე მერყეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის ასარიდებლად დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სისტემა და ადამიანური რესურსი დატვირთვას ვეღარ უძლებს. დღესდღეობით საქართველოში, რეანიმაციულ განყოფილებებში პაციენტების 98% არავაქცინირებული მოქალაქეა.
სომხეთი და COVID-19 – ჯანდაცვის პრობლემა თუ პოლიტიკური პრობლემა?
ავტორი: გაიანე სარგსიანი
დღესდღეობით სომხეთი მეოთხე ტალღის ძლიერი დარტყმის წინაშე დგას. იმ დროს, როცა დანარჩენი მსოფლიოს ფონზე სომხეთი ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა, მეოთხე ტალღა ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა კამპანიებს შორის დიდი კონკურენციით მიმდინარეობს. ეს კონკურენცია ძალიან ხშირად ჯანდაცვის სფეროდან პოლიტიკურ ასპარეზზე დაუბრკოლებლად გადაინაცვლებს და არაერთგვაროვან ვარაუდებსაც იწვევს.
ეპიდემიური ვითარება
მიმდინარე წლის 14 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 342,765 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 326,304 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის 7136 პაციენტი შესაბამის მკურნალობას გადის, 7845 ადამიანი გარდაიცვალა. ორი დოზით ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 23,9%.
13 დეკემბრის მონაცემებით, სომხეთში ვაქცინაციის მაჩვენებელი მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით კვლავაც ყველაზე დაბალია. საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი 36,9%-ია, აზერბაიჯანში – 54,3%, თურქეთში – 73%, უკრაინაში – 30,1%. ვირუსის ფართო გავრცელება სომხეთში პირველად 2020 წლის ზაფხულში დაიწყო და წელიწადი და 5 თვე გაგრძელდა. მთავრობამ მოქალაქეებს მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა, რის შედეგადაც სიკვდილიანობისა და ინფიცირების მაჩვენებელი დროდადრო მერყეობდა და იცვლებოდა.
სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020-2021 წლებში სომხეთში COVID-19-მა 6366 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა, 3405 ადამიანი 2020 წელს გარდაიცვალა, ხოლო 2961 მიმდინარე წლის ბოლო 9 თვეში.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი საკოორდინაციო უწყების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს არ ემთხვევა. ამ უკანასკნელის მტკიცებით, 1 ოქტომბრის მდგომარეობით მიმდინარე წელს კორონავირუსით 5339 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, იკვეთება, რომ ორი სახელმწიფო სტრუქტურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემთა რიცხვში მნიშვნელოვანი სხვაობაა, – გარდაცვალების 1027 შემთხვევით, რაც სომხეთის მსგავსი პატარა ქვეყნისთვის ძალიან დიდი მაჩვენებელია.
ორივე უწყების მიერ გამოქვეყნებული განსხვავებული ციფრები ბოლო დროს ცხარე კამათისა და განსჯის საგანია. სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ანაიტ ავანესიანის თქმით, მონაცემთა შორის სხვაობა ახალი სისტემის, – Armmed-ის დანერგვითაა განპირობებული, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა. „ახლა მიმდინარეობს შესწავლა თუ რომელ ეტაპზე რომელი სტატისტიკური მონაცემები დარჩა ჩვენი სისტემის მიღმა“, – განაცხადა მინისტრმა.
მონაცემთა რიცხვებს შორის სხვაობის მიზეზის დასადგენად სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
გამოძიების დასრულებისას პრობლემის შესწავლაში ასევე ჩაერთვება პროკურატურა იმ მიზნით, რომ დაადგინოს, მონაცემთა რიცხვში სხვაობას გამიზნული თუ ტექნიკური მიზეზები აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოვლინდა, ორი თვის შემდეგაც კი ოფიციალური ინფორმაცია ამ საკითხზე არ გამოქვეყნებულა.
რა ტიპის ეპიდემიური შეზღუდვები მოქმედებს?
ვირუსის გავრცელების შესაკავებლად სომხეთში ბოლო სამი თვის განმავლობაში მთელი რიგი შეზღუდვები დაწესდა.
შეზღუდვა 1:
1 ოქტომბერს ამოქმედებული დადგენილების თანახმად, არავაქცინირებული თანამშრომლები ვალდებული არიან, ყოველ 14 დღეში ერთხელ საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ ტესტირება და PCR ტესტის უარყოფითი პასუხი სამსახურში წარადგინონ. PCR ტესტის ხარჯს დამსაქმებელი არ ანაზღაურებს.
ამ დადგენილების თანახმად, სრულად ვაქცინირებულ ან ერთი დოზით აცრილ მოქალაქეებს შეუძლიათ სამსახურში PCR ტესტის პასუხის გარეშე გამოცხადდნენ. გამონაკლისად ითვლებიან ორსულები და ის პირები, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული იშვიათი მიზეზების გამო ვაქცინაცია ეკრძალებათ.
შეზღუდვა 2:
1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა მოთხოვნა ხალხმრავალ ღია სივრცეში პირბადის ტარების შესახებ. გამონაკლისია სპორტული აქტივობა, ლაშქრობა ბუნებაში და ასევე პირბადის ტარება არაა სავალდებულო 5 წლამდე ბავშვებისთვის.
შეზღუდვა 3:
ეპიდემიური ვითარების გაუარესების გათვალისწინებით, პირველი რეგულაცია შეიცვალა და თანამშრომლებს 1 დეკემბრიდან სამსახურში PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ყოველ 7 დღეში ერთხელ უწევთ.
შეზღუდვა 4:
სომხეთში ეპიდემიის შეკავების მიზნით, შეზღუდვების მორიგი გამკაცრება 1 იანვრიდან იგეგმება. „1 იანვრიდან მოქალაქეები კვების ობიექტებში შესვლასა და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებას მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხით ან ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობით მოახერხებენ“ , – განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა 29 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღნიშნული პროექტი ახლა განხილვის ფაზაშია. რეგულაციების თანმიმდევრული გამკაცრება მაღალჩინოსანი პირებისთვის დაშვებული გამონაკლისის ფონზე, მოსახლეობაში უკმაყოფილების განცდას ზრდის. ეს უკმაყოფილება დროდადრო საპროტესტო აქციებით გამოიხატება.
კამპანია ვაქცინაციის წინააღმდეგ – ვინ არიან ინიციატორები?
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას საპასუხოდ მოჰყვა კანონპროექტი „სახელმწიფო მოხელეების შესახებ“, რომლის ფარგლებშიც მაღალი თანამდებობის პირებს სამსახურში PCR ტესტის ან ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა არ ევალებათ. მაღალი თანამდებობის პირებში იგულისხმებიან პრეზიდენტი, ეროვნული კრების დეპუტატები, პრემიერ-მინისტრი, სახალხო დამცველი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს წევრები, ავტონომიური ორგანოს წევრები, საკასაციო და სააპელაციო ინსტანციის წევრები (პირველი ინსტანციის სასამართლოს წევრები და ა.შ.).
ამ მიდგომამ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. მაღალი თანამდებობის პირების გათავისუფლება მსგავსი ვალდებულებისგან, ამავდროულად თვალსაჩინო დიფერენციაცია მაღალჩინოსნებსა და დანარჩენ მოქალაქეებს შორის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა.
სამოქალაქო უკმაყოფილებასა და მღელვარებას სომხეთის იუსტიციის სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, რისი საშუალებითაც სამინისტრო ცდილობდა მოსახლეობისთვის აეხსნა, თუ რატომ არ ევალებათ თანამდებობის პირებს PCR ტესტის პასუხის ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სამსახურში.
„ეროვნული კრების დეპუტატები ხალხის მიერ არჩეულნი არიან, რესპუბლიკის პრეზიდენტს, უფლებადამცველს, დამოუკიდებელი ორგანოების წევრებსა და სხვებს სწორედ ეს დეპუტატები ირჩევენ. თავის მხრივ, მოსამართლეების უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონით, იგივე შეიძლება ითქვას პრემიერ-მინისტრზეც, რომელსაც ზემდგომი ორგანო და ხელმძღვანელი არ ჰყავს, ვინც მათ სამსახურიდან გაათავისუფლებს. შესაბამისად, ამ რეგულაციის ამოქმედება, სურვილის შემთხვევაშიც კი, შეუძლებელია. შეუძლებელია, ზემოთ ჩამოთვლილ პირებთან მიმართებით ამ მოთხოვნის წაყენება“, – წერია იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
ამგვარი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა როგორც მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის, აგრეთვე სახალხო დამცველისთვისაც.
„ამ სახის გამონაკლისის დაშვებას არამართებულად მივიჩნევ. ეს დისკრიმინაციული მიდგომაა. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ ამგვარი მიდგომით ამ კანონის მთავარი მიზანი დაკნინებულია. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენ ხალხს ავუხსნათ, რატომ გათავისუფლდა ამდენი მაღალჩინოსანი ვალდებულებისგან. თუ კანონის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მაშინ სწორედ დეპუტატებს ეხება ეს კანონი, რადგან მათ და სხვა თანამდებობის პირებს ხალხთან გაცილებით ხშირი შეხება აქვთ, ვიდრე საკუთარ სამუშაო ოთახში მჯდომ, უწყების რიგით თანამშრომელს“, – განაცხადა სომხეთის სახალხო დამცველმა არმან ტატოიანმა.
სომხეთში ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის პარალელურად, ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ძალას იკრებს. სახელმწიფოს მხრიდან დაშვებული შეცდომები, ურთიერთგამომრიცხავი, მოქალაქეებისადმი უთანასწორო მიდგომა და უთანხმოების ხელშემწყობი ქმედებები ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიას ხელს უწყობს, ხოლო ოპოზიციურ ძალებს ამ პრობლემით მანიპულაციის საშუალებას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ძირითადად, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები უდგანან სათავეში. მათი უმრავლესობა არა უშუალოდ ვაქცინაციის პროცესს, არამედ იძულებით ვაქცინაციას ეწინააღმდეგება და თავს მოქალაქეთა თავისუფალი ნების დამცველად წარმოაჩენს. ამგვარი მიდგომით ეს საკითხი ჯანდაცვის სფეროდან პოლიტიკურ პლატფორმაზე ინაცვლებს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიის ორგანიზატორები პროცესში იმ ექიმებსაც რთავენ, რომელთაც ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან სხვადასხვა სახის ურთიერთობები აკავშირებთ.
10 სექტემბერს პოლიტიკური ბლოკის „აიასტანის“ ლიდერმა რობერტ კოჩარიანმა იძულებით ვაქცინაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თანამდებობის მიხედვით დიფერენციაცია დაუშვებელია. „ვაქცინაცია თითოეული მოქალაქის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილება უნდა იყოს და არა იძულების შედეგად მიღწეული შედეგი. აგრეთვე ყოვლად მიუღებელია პოლიტიკური თანამდებობების მიხედვით ამგვარი მიდგომა საკითხისადმი“, – აღნიშნულია მის განცხადებაში.
განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პოლიტიკურმა ბლოკმა „აიასტანმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივრით მიმართა. მათ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული და 1 ოქტომბერს ძალაში შესული კანონი გაასაჩივრეს.
სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, არტურ ვანეციანის მიერ დაფუძნებულ ფონდ „სამშობლოს“ სამეურვეო საბჭოს წევრის, ექიმ გევორგ გრიგორიანის სახელი ანტივაქსერული პროპაგანდის ფარგლებში ხშირად ისმის. მან სამ პარტნიორთან ერთად დააფუძნა კომპანია, სახელწოდებით „COVID-19 სომხეთი: ფაქტების შემსწავლელი ჯგუფი“. ამ ჯგუფის გვერდი უმეტესწილად, მთავრობის მიმართ დაუსაბუთებელი კრიტიკის პროპაგანდას ემსახურება.
ანტივაქსერული კამპანიის ერთ-ერთი ლიდერია ეროვნული ქრისტიანული პარტიის „ზარტონკის“ ხელმძღვანელი, ადვოკატი არა ზოგრაბიანი. იგი იძულებითი ვაქცინაციის მოწინააღმდეგეა და პროექტ „თავისუფალი ნების“ ფარგლებში რამდენიმე თვის წინ ადმინისტრაციულ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, გაუქმდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ზემოთ ხსენებული ყველა იურიდიული აქტი ან ცალკეული პუნქტები.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სომხეთში მედიასაშუალებების დიდი ნაწილი ოპოზიციის ხელშია, ანტივაქსერული კამპანიის პოპულარიზაციაში მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
არსებული პრობლემის შედეგად, სომხეთში ჯანდაცვის საკითხი პოლიტიკურ პრობლემად ბუნებრივად გარდაიქმნა. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა კამპანიის პროტაგონისტებისთვის ახლა მთავარ საკითხს მთავრობის მხრიდან ეპიდემიის მართვაში განცდილი მარცხი და ვაქცინაციის არაეფექტურად წარმართული პროცესი წარმოადგენს.
ეპიდვითარების მართვის თვალსაზრისით სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი არაერთი პრობლემა, სახელმწიფო მექანიზმის დაგვიანებული მოქმედება და უთანასწორო მიდგომა მოქალაქეების მიმართ, თავის მხრივ, ანტივაქსერული კამპანიის წარმატებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის.
ანტივაქსერული მოძრაობა უკრაინაში – წყარო, მასშტაბი, შედეგი
ავტორი: ვიქტორ ჟიხი
პანდემიამ უკრაინა სრულად მოიცვა. მთელი ამ დროის განმავლობაში ევროპის ქვეყნებს შორის, ერთ დღე-ღამეში COVID-19-ით სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით უკრაინა მოწინავე ადგილზე არაერთხელ ყოფილა. 2021 წლის თებერვალში დაწყებულმა მასობრივმა ვაქცინაციამ პრობლემების ყველა მხარე გამოააშკარავა. უკრაინაში, ისევე როგორც არაერთ სხვა ქვეყანაში, ვაქცინაციასთან მიმართებით მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობრივმა ქმედებებმა იჩინა თავი, რაც შიდა და გარე პოლიტიკურ ფაქტორებზეც აისახა. ადამიანის უფლებები და საზოგადოებრივი უპრინციპობა, მთავრობის ნაბიჯები და პოლიტიკოსების პირადი ამბიციები, რუსეთიდან ორკესტრირებული ჰიბრიდული ომი უკრაინის წინააღმდეგ და შიდა პოლიტიკური გარჩევები, – ეს ყველაფერი უკრაინულ ნაციონალურ წვნიანში, ბორჩში ერთად მოიხარშა. ახლა შევეცადოთ, ამ ცხელ ნახარშში ცოტა რამ მაინც გავარჩიოთ.
COVID-19 -ით გამოწვეული ეპიდემია უკრაინაში და ვაქცინაცია
2019 წლის ნოემბერში წარმოშობილ მწვავე ინფექციურ ვირუსს, რომელიც კორონავირუსმა გამოიწვია და COVID-19 ეწოდა, ვერც უკრაინა დაემალა. ინფიცირების პირველი იმპორტირებული შემთხვევა 2020 წლის 3 მარტს დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების პირველი შემთხვევა ათ დღეში, – 13 მარტს. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ახლანდელი (13/12/2021) მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 3 მილიონ 570 448 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 3 მილიონ 233 009 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 91 602 კი გარდაიცვალა. 35-38-მილიონიანი ქვეყნისთვის ეს რიცხვი ზედმეტად მაღალია. ვითარება ახლაც შემაშფოთებელია, ეპიდემიის დასრულებას კი ბოლო არ უჩანს.
რა ზომები მიიღო მთავრობამ პანდემიასთან საბრძოლველად? თავდაპირველი ნაბიჯები პანიკური და ქაოტური იყო. პირველივე ერთეული შემთხვევების ფონზე, 2020 წლის 17 მარტიდან უკრაინა ჩაიკეტა, – სრული ლოქდაუნი. მთავრობის გადაწყვეტილებით ჩერდება სარკინიგზო და ნებისმიერი სატრანსპორტო მიმოსვლა დასახლებულ პუნქტებს შორის, მოქმედებს მკაცრი რეგულაციები საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით. პირველად ისტორიაში იკეტება კიევის მეტრო, იკრძალება მაღაზიებისა და ბაზრობების მუშაობა, გარდა პროდუქტების მაღაზიებისა და აფთიაქებისა, იზღუდება სავაჭრო ცენტრებისა და სუპერმარკეტების მუშაობა. 6 აპრილიდან მყარდება ე.წ. „პირბადეების რეჟიმი“ და იკრძალება ქუჩაში გამოსვლა. ამ ყველაფრის ფონზე კი სხვა ქვეყნიდან შემოსულებისთვის მკაცრი კარანტინის დაწესებისგან მთავრობა თავს იკავებს.
იყო კი ეს ზომები ეფექტური? სადავოა. თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო უდიდესი დარტყმა ქვეყნის ეკონომიკისთვის, მცირე და მიკრო ბიზნესისთვის, რისი ფუნქციონირებაც ფაქტობრივად, შეჩერდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის გაზაფხულის შემდეგ, მსგავსი მკაცრი ლოქდაუნი აღარ განმეორებულა, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის შემოდგომაზე ეპიდვითარება საგრძნობლად გაუარესდა. თუ შარშან გაზაფხულზე ინფიცირების ერთეული შემთხვევები იყო, შემოდგომაზე დღე-ღამეში ათასობით შემთხვევა ვლინდებოდა.
COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია უკრაინაში 2021 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 13 დეკემბრის მონაცემებით 26 მილიონ 589 094 აცრა ჩატარდა, ამ დროის განმავლობაში სულ ვაქცინირებულია 14 მილიონ 131 445 მოქალაქე, მათგან ორი დოზით 12 მილიონ 457 651.
უნდა აღნიშნოს, რომ ვაქცინაციის დასაწყისში უკრაინას ვაქცინების არასაკმარისი მარაგი ჰქონდა. ეს იყო ინდური წარმოების კოვიშელდი და ჩინური კორონავაკი, თუმცა 2021 წლის ზაფხულიდან უკრაინამ Pfizer-Biontech-ის „კომირნატის“ ვაქცინების დიდი მარაგი მიიღო, ასევე მიიღო Johnson&Johnson-ის ვაქცინა Janssen, AstraZeneca-სა და Moderna-ს ვაქცინები. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო 2021 წლის 13 დეკემბერს ამ მონაცემებს აქვეყნებს:
კოვიშელდით ვაქცინირებულია – 487 187 ადამიანი
კორონავაკით ვაქცინირებულია – 4 636 034 ადამიანი
Pfizer-Biontech-ის „კომირნატით“ ვაქცინირებულია – 5 960 778 ადამიანია
ასტრაზენეკათი ვაქცინირებულია – 1 602 986 ადამიანი
იანსენით ვაქცინირებულია – 20 680 ადამიანი
მოდერნათი ვაქცინირებულია – 1 423 780 ადამიანი
მოძრაობა ვაქცინაციის წინააღმდეგ
2021 წლიდან ვაქცინაციის დაწყებისთანავე, ქვეყანაში აქტიურდება კამპანია ვაქცინების წინააღმდეგ. ამ მოძრაობის ლიდერია ოსტაპ ვასილევიჩ სტახივი, 36 წლის ადგილობრივი პოლიტიკოსი ქალაქ ლვოვიდან. კამპანია ძალას იკრებს სოციალურ ქსელში, – იქმნება ჯგუფები ვაიბერში, ფეისბუქში, ტელეგრამში, ჩნდებიან რეგიონული კოორდინატორები და საინიციატივო ჯგუფები. მალევე იქმნება საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მოძრაობა ადამიანის უფლებები და ერის ჯანმრთელობა“, რომელსაც რეგიონული დანაყოფები ჰყავს და აქვე ყალიბდება მოძრაობა „შეჩერდეს ცრუ პანდემია“.
ოსტაპ სტახივის ვინაობის შესახებ ბევრი ვერსიაა. ბევრისთვის იგი პოპულისტი პოლიტიკოსია, რომელმაც დროულად მოირგო ახალი ტრენდი და ვაქცინებთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილო მოსახლეობის ხედვას მოერგო. ზოგიერთი მას ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლად აღიარებს. მოსახლეობის ნაწილი კი, მათ შორის უკრაინის სადაზვერვო სამსახური, მას რუსეთის სპეცსამსახურიდან მართულ პროვოკატორად მიიჩნევს, ვისი მიზანიცაა ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დამხობა.
2021 წლის 3 ნოემბერს სტახივის საინიციატივო ჯგუფმა კიევის ცენტრში, პარლამენტის შენობისა და პრეზიდენტის რეზიდენციის წინ ფართომასშტაბიანი აქცია გამართა.
აქციის ორგანიზატორების მტკიცებით, დემონსტრაციას 10 ათასამდე ადამიანი შეუერთდა. ბევრი მათგანი დედაქალაქში რეგიონებიდან სწორედ ამ აქციაში მონაწილეობის მიზნით ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეთა ხედვა ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია. ამ აქციაში მონაწილეობას იღებდნენ რელიგიური ჯგუფები, ლოზუნგით „არა ვაქცინას, არა ჩიპებს“, ასევე ამ აქციაზე იყვნენ თავდაჯერებული მოქალაქეები, რომლებიც მთავრობის მიერ პანდემიის არასწორად მართვას აკრიტიკებდნენ.
აქტივისტების მთავარი მოთხოვნა იყო, არ შევიდეს ძალაში კანონპროექტი №4142 „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის შესახებ“. კანონი მთავრობას უფლებამოსილებას ანიჭებს, საჭიროების შემთხვევაში, შემოიღოს ისეთი საკარანტინო ზომები, რითაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებიც კი შეიძლება დაირღვეს, ასევე კანონპროექტი ითვალისწინებს ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესებას, ჯარიმებსა და მუშაობის აკრძალვასაც კი, თუ ისინი ვაქცინირებულები არ არიან. აღნიშნული კანონპროექტი ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის ეტაპზეა. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების გარდა, არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის მოსაზრებით, ზემოთ ხსენებული კანონპროექტი ზედმეტად ხისტია და ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს ეწინააღმდეგება.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ აქციის არაერთი მონაწილე ვაქცინირებულთათვის QR კოდების შემოღებას აპროტესტებდა. თუმცა პლაკატებზე გამოსახულ QR კოდებს კავშირი არა აღნიშნულ კანონპროექტთან ან უკრაინაში მოქმედ რომელიმე კანონთან, არამედ რუსეთის ფედერაციასთან აქვს. აქციის მონაწილეების პლაკატზე გამოსახული QR კოდი რუსეთის მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ საიტს უკავშირდება. გამოწვეულია თუ არა მსგავსი „გაუგებრობა“ აქციის მონაწილეებისთვის ან ორგანიზატორებისთვის ინფორმაციის ნაკლებობით, არავინ იცის. ან იქნებ ამ ყველაფერს სხვა მიზეზები აქვს?!
უკრაინის მოსახლეობისთვის ვაქცინაციისა და მითუმეტეს, სავალდებულო ვაქცინაციის მიუღებლობა თვალსაჩინოა. უკრაინის მომავლის ინსტიტუტის მიერ დაკვეთილი სოციოლოგიური კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 36% ვაქცინაციის კატეგორიული წინააღმდეგია, მათგან 48% მიზეზად ყველა ვაქცინისადმი უნდობლობას ასახელებს, 10% შიშობს, რომ ვაქცინა ორგანიზმში მუტაციას გამოიწვევს, 9% კი უშუალოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას არ ენდობა, რადგან ფიქრობს, რომ საკმარისად გამოცდილი არ არის.
ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით უკრაინის უმაღლესმა რადამ 2 დეკემბერს დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც 19 დეკემბრიდან ორჯერ აცრილ მოქალაქეებს ერთჯერადად 1000 გრივნას გადაუხდიან, ასევე თანხის მიღებიდან 4 თვის განმავლობაში მოქალაქეს შეუძლია მიიღოს აბონიმენტი ფიტნეს ცენტრში, შეიძინოს სამგზავრო ბილეთები ქვეყნის ფარგლებში, შეიძინოს წიგნები ან კინო-თეატრის ბილეთები. 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები კი ამ ბარათით გარკვეული რაოდენობის წამლების ყიდვას შეძლებენ. თანხა ხელზე არ გაიცემა. ორი დოზით აცრილი მოქალაქე სახელმწიფოსგან ვირტუალურ საკრედიტო ბარათს მიიღებს.
რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ?
ჩამოთვლილ პრობლემებს ისიც ემატება, რომ ვაქცინაციის დასაწყისშივე საინფორმაციო კამპანიის ნაკლებობამ ანტივაქსერული განწყობების ფორმირებაში თავისი როლი ითამაშა. 2020 წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისში ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნები ამტკიცებდნენ, რომ იმუნიზაცია ჯოგური იმუნიტეტის მიღწევის მთავარი გზაა. „აცრილი ხარ, ე.ი. დაცული ხარ!“ – ეს ფრაზა ისმოდა ყველგან, უთოდანაც კი. რეალობამ კი დაგვანახა, რომ ორი დოზით ვაქცინირებულებსაც ემართებათ კოვიდი და ამ ფაქტმა სათანადო ინფორმაციის არქონის გამო მოსახლეობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. ის ფაქტიც უცვლელია, რომ ვაქცინირებულ მოქალაქეებში ინფიცირების შემთხვევები გარდაცვალებისა და გართულების გარეშე მიმდინარეობს, გადადებაც ნაკლებია, თუმცაღა ზოგადი იმედგაცრუება, სკეპტიციზმი და უნდობლობა ხელისუფლების მიმართ გლობალურ ტენდენციად იქცა.
მესამე ფაქტორად შეგვიძლია ზღვარგადასული პოპულიზმი განვიხილოთ, რაც არაერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორიცაა უკრაინა, ავანტიურადაც კი იქცა. ოსტაპ სტახივის ფენომენი, ვისი რეიტინგიც მისი დაპატიმრებისა და ექსტრემიზმში დადანაშაულების შემდეგ უფრო გაიზარდა, ბევრი ქვეყნისთვის უცხო სულაც არ არის. ახლა მისი ფენომენი პოლიტიკას შეერწყა და მოახლოებულ არჩევნებზე აუცილებლად გამოჩნდება. მოლოდინიც არსებობს, რომ პარტია „ადამიანის უფლებები და ერის ჯანმრთელობა“ პარლამენტშიც მოხვდება. ამას ემატება ისიც, რომ არცერთ მოქმედ პოლიტიკოსს მთავრობა ვაქცინების შესახებ არასწორად წარმართული საინფორმაციო კამპანიის გამო არ გაუკრიტიკებია, ეს ფაქტი კი გამოთქმულ ვარაუდს სტახივის შესახებ რეალურს ხდის. როგორც სოციოლოგიური კვლევა გვაჩვენებს, ამომრჩევლის 36% ვაქცინაციის წინააღმდეგია. ვაქცინაციის მიმართ ასეთი დამოკიდებულება უკრაინის ყველა პოლიტიკური პარტიის ამომრჩეველში თითქმის თანაბარია, ოდნავ უფრო მაღალია ანტივაქსერული განწყობა (42%) პრორუსული პარტიის «Оппозиционная платформа за жизнь» ამომრჩევლებში.
ამგვარად, უახლოეს მომავალში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა უკრაინაში კიდევ შემცირდება, ხოლო „ვაქცინაციისთვის დამსახურებული 1000 გრივნა“ ამ პროცესზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს. ეს ტენდენცია მთავრობასა და ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს შორის დიდი წინააღმდეგობით წარიმართება, საბოლოოდ კი მთავრობას ალბათ დათმობაზე წასვლა მაინც მოუწევს. პოლიტიკური ლანდშაფტი უკრაინაში უკვე შეცვლილია და ეს ცვლილება მალე არჩევნების შედეგადაც ნათელი გახდება. ამ ყველაფერს წერტილს მხოლოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ეფექტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი მედიკამენტი დაუსვამს, ან თავად ვირუსის მუტაცია.
მაგრამ შეიცვლება კი პოლიტიკური ელიტის ცნობიერება თუნდაც დემოკრატიულ სახელმწიფოებში?! ეს ცნობიერება წლების განმავლობაში სნობიზმით გაჯერებულ მუტაციას განიცდიდა და საზოგადოების ნაწილის აზრს უგულებელყოფდა. საკითხავი სწორედ ეს არის!
2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა, „Новая газета“-ს მთავარმა რედაქტორმა დმიტრი მურატოვმა ერთ-ერთი ლექციის დროს თქვა: „მსოფლიომ გადაიყვარა დემოკრატია. მსოფლიოს იმედი გაუცრუეს მმართველმა ელიტებმა. მსოფლიო დიქტატურისკენ მიისწრაფვის. შეიქმნა ილუზია, რომ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად, პროგრესი ტექნოლოგიებითა და ძალადობით მიიღწევა.“ თანამედროვეობის პრობლემაც სწორედ ამაშია, რასაც ფარდა COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ახადა.