საქართველოს პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვაზე ცვლილებათა პაკეტს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვაზე ცვლილებათა პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
აღნიშნული ცვლილებები ეხება რამდენიმე კანონს, მათ შორის, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ კანონს და ა.შ.
ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მას შემდეგ მოამზადა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ერთ მილიონამდე მოქალაქეს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალება.
ღარიბაშვილის განმარტებით, აიკრძალება ყველანაირი სატელევიზიო, გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება.
ასევე, სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება და ძირითადად, ეს დაშვება შეეხება სპორტს.
რას ითვალისწინებს კანონში ცვლილებები
● ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 25-წლამდე ადამიანებს ყველა სახის აზარტული თამაშები აკერძალებათ, გარდა წამახალისებელი ლატარიებისა;
● ყველა საჯარო სამსახურში, მათ შორის, ეროვნულ ბანკში დასაქმებულ ადამიანებს აეკრძალებათ აზარტული თამაშები;
● თამაში ეკრძალებათ სოციალურად დაუცველებს;
● შეიქმნება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სია და შეიქმნება მონაცემთა ბაზა – დამოკიდებულ პირთა სიაში ადამიანებს 5 წლით შეიყვანენ.
კანონპროექტის მიხედვით:
● დამოკიდებულ პირთა სიას და აკრძალულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
● დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემების შეტანა ხდება შემდეგნაირად:
ა) თავად დამოკიდებული პირის მიმართვის საფუძველზე;
ბ) სასამართლოს ბრძანების საფუძველზე;
● დამოკიდებულ პირთა სიიდან, პირის მონაცემების ამოღება შესაძლებელია სასამართლოს ბრძანების საფუძველზე
● დამოკიდებულ პირთა სიაში მყოფი ადამიანი, თამაშის შემთხვევაში, პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი 20 ათასი ლარით. იგივე ოდენობის ჯარიმებია განსაზღვრული იმ დაწესებულებისთვის, ვინც დამოკიდებულ პირს სათამაშოდ დაუშვებს.
● იგეგმება, რომ დამოკიდებულთა და ასაკრძალი პირების სიების შესახებ კანონის მუხლები 2022 წლის მარტიდან ამოქმედდეს, თამაშის აკრძალვა კი ძალაში 2022 წლის პირველი იანვრიდან შევა.
იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამაც, თუმცა, არის გამონაკლისების სია, რა შემთხვევაშიც რეკლამა დაშვებულია. მაგალითად:
- რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა;
- იქ, სადაც მიმდინარეობს სპორტული ღონისძიება, კომპანია კი არის სპონსორი;
- რეკლამა განთავსებულია საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე.
კანონპროექტით გათვალისწინებული აკრძალვები არ ეხება სპორტულ ფსონებს.
● “საქსტატის” მონაცემებით, ექსპორტი 24 პროცენტით, ხოლო იმპორტი 21.6 პროცენტით გაიზარდა
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● საქსტატის მონაცემებით, საქართველოში პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. 2016 წელს საქართველოში აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვამ 4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო მთელ მსოფლიოში, მხოლოდ 2015 წელს, აზარტული თამაშების მოგებამ 400 მილიარდ დოლარს მიაღწია.
businessmap.ge-ს თანახმად, აზარტული თამაშები ყველაზე მომგებიანი ბიზნესია საქართველოში და ამ სექტორის შემოსავალმა კომერციული ბანკების შემოსავალსაც კი აჯობა. მაგალითად 2016 წელს, ბანკების შემოსავალი 2 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო აზარტული თამაშების სექტორის – 4 მილიარდ ლარზე მეტს.
საქართველოში აზარტული მოთამაშეების რაოდენობისა და მათ მიერ წაგებული თანხების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს. საკითხზე არ არსებობს სახელმწიფოს მიერ ჩატარებული რაიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რაც აზარტული თამაშების სოციალურ დანახარჯებს შეისწავლიდა.
რეგულაციების მიუხედავად, საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა სამორინეების, სლოტ-კლუბებისა და ტოტალიზატორების რიცხვი. ამაზე მიუთითებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევაც აზარტული თამაშების ბაზრის შესახებ საქართველოში.
კვლევის მიხედვით, აზარტული თამაშების ბიზნესის მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო 2011 წლიდან, როდესაც ამ სექტორის ბრუნვამ 3.2- ჯერ გადააჭარბა წინა წლის ბრუნვას, ხოლო მიღებულმა მოგებამ 54-ჯერ გადააჭარბა წინა წლის მაჩვენებელს.