მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში კოვიდით გარდაცვლილების თითქმის 99% აუცრელი იყო
15 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით კოვიდით 5 469 ადამიანი გარდაიცვალა და მათგან 98,95% აუცრელი იყო, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძემ აღნიშნა ისიც, რომ საქართველო ევროკავშირის QR კოდების სისტემას რამდენიმე დღეში მიუერთდება.
მისივე თქმით, 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაციით განპირობებული სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99.37%, ხოლო 60 წლიდან ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში – 97.8%. ეს საერთო ციფრებია იმ 4 ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება.
რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციისგან დაცვას, გამყრელიძის განმარტებით, აცრა მოქალაქეებს კლინიკაში მოხვედრისგან 93,4%-ით იცავს.
● საქართველოში “ასტრაზენეკას” 17 ათასამდე დოზას ვადა გაუვიდა
QR კოდების სისტემაზე საუბრისას გამყრელიძემ თქვა:
“ამაზე ძირითადად მუშაობენ სამინისტროს IT დეპარტამენტი, იუსტიციის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვიცი, რომ დაახლოებით 10 დღეში უკვე საქართველო უნდა მიუერთდეს.”
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირს უკვე აღიარებული აქვს საქართველოს მეზობელი ქვეყნების – სომხეთისა და თურქეთის კოვიდბარათები.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვაქცინაციის განვითარების სხვადასხვა ღონისძიებები განიხილეს. მათ შორის ძლიერი საკომუნიკაციო კამპანია და აცრილი მოსახლეობის წახალისება.
“დღეს საბჭოზე იყო სერიოზული განხილვა ვაქცინაციის შემდგომი განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ. წარდგენილი იქნა და განვიხილეთ ძალიან ძლიერი საკომუნიკაციო კამპანია, აგრესიული კამპანია, რომელიც დაახლოებით იმ რანგში იქნება, როგორიც არჩევნების დროს არის ხოლმე. მეორე – იქნება წახალისებები აცრილებისთვის, განსაკუთრებით 60 წელს ზემოთ ადამიანებისთვის და სასოფლო დასახლებებში მყოფი ადამიანების და ასევე, ქალაქებში მყოფ აცრილებთან მიმართებით”, – თქვა გამყრელიძემ.
დღევანდელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განხილული თემები და რეკომენდაციები ასეთია:
● 3 რეგიონში: თბილისში, აჭარასა და რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში, დამატებითი სტიმულების შექმნა, რათა აცრის მაჩვენებელი მოკლე დროში 60%-ს მიუახლოვდეს;
● ინტენსიური აცრების განხორციელება 10 ყველაზე მსხვილ ქალაქში, სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიების ფარგლებში;
● აგრესიული საკომუნიკაციო კამპანიის განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით;
● ე.წ მწვანე პასპორტის შემოღება;
● მარათონის გაგრძელება, ამ ეტაპისთვის კონცენტრირებულად ორ მუნიციპალიტეტში: ოზურგეთსა და გურჯაანში, იმ მიზნით, რომ აცრის მაჩვენებელმა მოკლე დროში 60%-ს მიაღწიოს;
● ხალხმრავალი შეკრებების თავიდან აცილების მნიშვნელობა;
● რიკს ჯგუფში მყოფი მოქალაქეების გრიპის საწინააღმდეგო აცრის აუცილებლობა;
● 12-15 წლის ბავშვებზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრულად დაშვება (განიხილება იმუნიზაციის საბჭოზე).
ასევე, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეიცვალა პანდემიის მართვის მოდელი, სადაც აღარ განიხილება ლოქდაუნები და სატრანსპორტო შეზღუდვები.
● ეკლესია და Pfizer-ი: რატომ ჩააგდო საქართველომ ვაქცინაციის კამპანია
გამყრელიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებასაც, სადაც ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მიმართა, რომ ეპიდვითარების გაუარესების ფონზე მკაცრი და სასწრაფო ზომები მიიღონ. სალომე ზურაბიშვილმა კოვიდთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და მათ შორის საპატრიარქოს აცრის კურთხევის მიცემისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტის თქმით, არის პასუხისმგებლობა სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის, რომლის შეხედულებები საერთო საქმეს ავნებს. ასევე, პასუხისმგებლობაა იმ მოქალაქეების, ვინც პირადი შიშების და საკუთარი ჯანმრთელობის გამო, ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს.
“დღეს ქალბატონი პრეზიდენტი ესწრებოდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომას. მან გამოთქვა სურვილი რეგიონებში აქტიური მოგზაურობის, აცრების ადვოკატირების და პრომოციის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
● საქართველოში ვაქცინაციის მოწინააღმდეგთა 37,5%-ი მიზეზად უშვილობას ან სიკვდილს ასახელებს
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში აცრები ძირითადად ოთხი ვაქცინით მიმდინარეობდა – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერისგან“ განსხვავებით, ჩინური წარმოების ვაქცინებს ვადა ორიდან სამ წლამდე აქვთ.
ორი დღის წინ გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 17 ათასამდე დოზას ვადა გაუვიდა და ის უნდა ჩამოწერონ.
ეროვნული გეგმის თანახმად, ქვეყნის მიზანი წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა იყო. თუმცა, ბოლო დროს, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად დაეცა.
თუ აგვისტოს ბოლოს დღეში 20 ათასზე მეტი ადამიანი იცრებოდა, ბოლო პერიოდში დღეში საშუალოდ 3 ათასი დოზა ვაქცინა კეთდება.
4 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 990 501 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 041 751 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 36.7 %; სრულად ვაქცინირებულია 946 395 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 33.1%. გასული დღე-ღამის განმავლობაში მთლიანობაში აიცრა 3 469 ადამიანი.
4 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 53 ადამიანი.