"მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას" - თბილისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს და ხელისუფლებას ვადა ორშაბათს, 12 საათამდე მისცეს – მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ქალაქის პარალიზება დააანონსეს.
_________________________________
● “არა ნამახვანჰესს!” რატომ აპროტესტებენ საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობას
__________________________________
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ ისინი კარვებში ღამის გათენებას აპირებენ. ადგილზე 50-მდე კარვის გაშლა იგეგმება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკან არ დაიხევენ.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი “რიონის მცველები” ითხოვენ:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
- დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში – აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ეს ბრძოლა არის სახალხო.
“ეს ბრძოლა არ არის მოკლევადიანი. შეიძლება აქ ვერ მოხდეს საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ ჩვენ განწყობილები ვართ ბრძოლის იმ ჟინით, რომელიც ნაწილობრივ ემოციებით არის მართული, მაგრამ ამას წინ უძღვის დაგეგმვა, სტრატეგია. ამ სტრატეგიის ნაწილი აისახება დღევანდელ დღეზე. იმიტომ, რომ ეს არის პროტესტი, რომელიც 209 დღის წინ არ არსებობდა, დღეს კი მრავალათასიანია. ეს პროტესტი, პირველ რიგში, არის გულწრფელი, სამართლიანი და იმაზე ორიენტირებული, რომ საზოგადოების პრობლემები გადაჭრას და გადაწყვიტოს. პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ, არის ის, რომ ვიყოთ ბევრნი და ვიყოთ ერთად. ბრძოლა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არის სახალხო. სახალხოობას და სიმრავლეს უნდა მივაღწიოთ”. – თქვა გოლეთიანმა სიტყვით გამოსვლისას.
ხოლო კითხვაზე, თუ რატომ არ ახსენებენ აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილს, ვარლამ გოლეთიანმა უპასუხა:
“ზოგადად, ჩვენი ბრძოლის და პროტესტის დისკრედიტირება ხდება იმ მოტივებზე, რომ თითქოს, პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებთ. ის, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის სახელი ვახსენოთ აქ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ პროექტის უკან, მისი ინტერესია და ა.შ, ამას ხომ ფაქტები ღიად ზურგს არ უმაგრებს? არც მისი ხელმოწერაა კონკრეტულად არც ერთ დოკუმენტზე და ა.შ. ამიტომ, ამ ნაწილში უბრალოდ ჩვენ გავაღვივებთ იმ ნარატივს და მეტი არაფერი, რომ რაღაც პოლიტიკური საფუძველი აქვს ამ ჩვენს პროტესტს.”
მისივე თქმით, იმ ხალხის გვარები, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა – თუნდაც გახარიას გვარი იცის მთელმა საზოგადოებამ – “იმიტომ, რომ უშუალოდ მისი ხელმოწერაა რიონის ხეობის გადაცემასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე”.
გოლეთიანმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლება თვითონვე მოარყევს თავის თავს.
“ჩვენ კი არ გადავაგდებთ ამ ხელისუფლებას, თვითონვე მოარყევს თავის თავს და მას მოარყევს ჩვენი სიმრავლე. ნათელია ყველაფერი. ყველაფერი ხელისგულზე დევს. ხელისგულზე დევს ხელისუფლების მოქმედებები რამდენად უსამართლო და არასწორია მთელ ამ პროცესში”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა სიტყვით მიმართვისას.
გამოხმაურება
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას გამეოხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისი თქმით, ქვეყანაში 2012 წლიდან სრული თავისუფლებაა.
“ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია. რეალური, ჭეშმარიტი დემოკრატია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, აქციების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არის აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ:
“სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ და ითხოვენ კაპიტალისტური კოლონიალიზმისგან ქვეყნის დახსნას ეროვნული ინტერესების წინ წამოწევით.
ჯერჯერობით უცნობია რიონის ხეობაში მცხოვრები მიტინგზე გამოსვლის ხელოვნებაში რეპეტიტორის სახელი და გვარი, რომელმაც დღეს წარმოუდგენელი შედეგები აჩვენა ახალბედა სპიკერებით.”
_____________________________________
● მათი ხეობა. როგორ იცავენ ადგილობრივები საკუთარ სახლებს ნამახვანჰესის დიდი პროექტისგან. VIDEO
● „ორ ადამიანს დავიტოვებ, ჭამა-სმა ჩემზე იყოს“. თბილისი ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქციისთვის ემზადება
● ხმაური და დაკავებები რიონის ხეობაში: ნამახვანჰესის მშენებლობა განახლდა
● პოლიციამ სოფელ გუმათთან რკინის ბარიკადები აღმართა. რა ხდება რიონის ხეობაში
___________________________________
“ნამახვანიჰესი” – ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელების შემთხვევაში იგი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ენერგეტიკული პროექტი იქნება. პროექტს თურქეთის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ENKA ახორციელებს და მისი ღირებულება 800 მილიონი აშშ დოლარია.
თუმცა, გარემოსდამცველებს და ადგილობრივ მოსახლეობას პროექტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვთ. ისინი შიშობენ, რომ მასშტაბური ჰესი საფრთხეს შეუქმნის პატარა ხეობას, შექმნის სეისმურ საფრთხეს, შეცვლის მიკროკლიმატს, დააზიანებს უნიკალურ ვაზის ჯიშებსა და ღვინის წარმოებას.
ხელისუფლება კი, რომელიც აღნიშნული პროექტის მთავარი ლობისტია, ირწმუნება, რომ საფრთხეები გაზვიადებულია და ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარეშე საქართველოს რამდენიმე წელიწადში სერიოზული პრობლემები ელის ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით.
ხუთ თვეზე მეტია, მდინარე რიონის ხეობაში არ წყდება პროტესტი ნამახვანის ჰესის პროექტის წინააღმდეგ.
2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯონეთში კარვები გაშალეს. მათ ENKA– ს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამუშაოები და ხეობიდან ტექნიკა გაეყვანა.
ელენე ასათიანის ეს ფილმი რიონის ხეობის მცველებზეა, თუ როგორ დაუკავშირეს მათ საკუთარი ცხოვრება ხეობის პროტესტს ჰესის წინააღმდეგ:
3 აპრილს პოლიციამ ნამახვანისკენ მიმავალი გზა ორივე მხრიდან ჩაკეტა და ადგილობრივები ტერიტორიაზე არ შეუშვა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა.
მაშინ ხეობაში კომპანია ENKA– ს ახალი დირექტორი მერან ლომინაძე პოლიციის თანხლებით ჩავიდა. აქტივისტები მას შეძახილებით – “მონა” და “წადი” დახვდნენ.
ამის შემდეგ აქცია ჯერ წყალტუბოში, შემდეგ კი ქუთაისში გაიმართა. სწორედ მაშინ გადაწყდა მასშტაბური აქციის თბილისში გამართვა.