საქართველოში, ორჯერ აცრილი ადამიანებისთვის, შესაძლოა კომენდანტის საათი გაუქმდეს
საქართველოში ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული, შესაძლოა, გარკვეული შეღავათები ჰქონდეთ, მათ შორის კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, ამ ინიციატივის მიზანია, მოქალაქეებს მეტი სტიმული მიეცეთ და რაც შეიძლება სწრაფად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
“ჩვენთან 4 400-მდე ადამიანს აქვს ორჯერადი აცრა გაკეთებული ფაიზერით. დაავადებათა კონტროლის ცენტრი აპირებს მომავალ კვირაში შესაბამისი ინიციატივით შევიდეს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოში, რომ ამ ადამიანებს შეზღუდვების პერიოდში ასე ვთქვათ, შესაბამისი შეღავათები ჰქონდეთ”, – თქვა გამყრელიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ განიხილება რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებითაც დამტკიცებულია. ეს ეხება როგორც კომენდანტის საათის დროს თავისუფალ გადაადგილებას, ასევე უცხოეთში მგზავრობის დროს შესაბამისი დოკუმენტს:
“კიდევ არის სხვა ინიციატივები, რამდენიმე ასეთზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ ამ ადამიანებს და საერთოდ მოსახლეობას ჰქონდეს უფრო მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იქნას აცრილი”
მისი განმარტებით, ორჯერადად აცრილი ადამიანები რამდენიმე ქვეყანაში შეღავათებით უკვე სარგებლობენ.
“ვინც ორჯერადად არის აცრილი, მთელ რიგ ქვეყნებში, გარე სივრცეებში პირბადე უკვე არ მოეთხოვებათ, მაგრამ მოეთხოვებათ დახურულში, ასევე, აქვთ შეღავათები კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვებთან მიმართებაში”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
გამყრელიძის თქმით, 15 მაისამდე დაგვიგროვდება დაახლოებით 14 000-მდე ადამიანი უკვე სრულად, ანუ ორჯერადად აცრილი.
ვაქცინაციაზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება გვქონდეს კომპლექსი, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ, არ უნდა გვეგონოს, რომ ამას ვერ ვაკეთებთ.
“ვაქცინაციას აქვს ის ტემპი, რა მოლოდინიც ჩვენ გვქონდა. მოსახლეობას სჭირდება დრო იმისათვის, რომ კარგად გაიაზროს ვაქცინის უსაფრთხოება, ვინაიდან არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ მედიაშიც არის საკმაოდ არაერთგვაროვანი განცხადებები, ვაქცინის სანდოობასთან და მის ზიანთან დაკავშირებით.
მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა ძალიან მალე გაიაზრებს, თუ რამდენად დიდი არის სარგებელი ვაქცინის და უფრო ინტენსიურად ჩაერთვება ამ პროცესში”, – განაცხადა მინისტრმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით 41 801 ადამიანია აცრილი.
____________________________________
● აღდგომის დღეებში ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობაც
● NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
● საპატრიარქო არ ჩაერთვება ვაქცინაციის პროპაგანდაში – ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქს შეხვდა
● საქართველოში მხოლოდ 5 ათასი მედმუშაკი აიცრა
● 30 მარტიდან საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინით აცრა დაიწყო
____________________________________
ქვეყანაში ამ ეტაპზე ორი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი – ფაიზერი და ასტრაზენეკა, ასევე ქვეყანაში შემოტანილია ჩინური სინოფარმი.
გუშინ საქართველოში “სინოფარმზე” 18 წლის და ზემოთ ადამიანების რეგისტრაცია დაიწყო. დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სინოფარმის ვაქცინით აცრისთვის 6700-ზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიარა რეგისტრაცია.
ჩინურ “სინოფარმს” ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს, მაგრამ აქვს უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია.
სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები.
ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID 19-ის 1551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 17 ადამიანი.