აღდგომის დღეებში ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობაც
სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება. ასევე, აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე იმოქმედებს, ხოლო 3-დან 12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება – ამის შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
მათი გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ ერთი დღით – პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე.
საბჭო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან აწარმოებდა მოლაპარაკებას. მათი ერთობლივი გადაწყვეტილებით, ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვით ჩატარდება – ტაძრებში იქნება გახმოვანების სისტემა, სოციალური დისტანცია და პირბადეების მოხმარების კონტროლი.
რაც შეეხება ტრანსპორტის გადაადგილებას, 3-დან 12 მაისის ჩათვლით შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ამ დღეებში არ იმუშავებს მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები.
“როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მთავრობა კოვიდპასპორტების მიღებას განიხილავს.
“კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ. მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში. ეს აუცილებლად იქნება ვაქცინაციის ისტორია, გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში – PCR ტესტის პასუხი. მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობთ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც”, – აღნიშნა გაბუნიამ.
მისივე თქმით, 10 მაისამდე 6 000 საწოლის მობილიზება მოხდება:
“გასული მეორე ტალღის პერიოდში, როცა აქტიური შემთხვევები იყო, 31 000 იყო მაქსიმუმი, პიკური მაჩვენებელი, ამ პერიოდში საწოლფონდის დატვირთვა შეადგენდა 6 700 პაციენტს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური დატვირთის პირობებში დაახლოებით, 7 500 საწოლის მობილიზება ჭირდება ჰოსპიტალურ სექტორს.”
__________________________________
● NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
● საპატრიარქო არ ჩაერთვება ვაქცინაციის პროპაგანდაში – ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქს შეხვდა
● საქართველოში მხოლოდ 5 ათასი მედმუშაკი აიცრა
___________________________________
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID 19-ის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 18 ადამიანი. ეს არის სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დეკემბრის შემდეგ.
ქვეყანაში ამჟამად ორი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი – “ფაიზერი” და “ასტრაზენეკა”. ორი კვირის წინ ქვეყანაში შემოვიდა ჩინური ვაქცინის 100 000 დოზაც, თუმცა მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ-ჯერობით არ აქვს.
საქართველო კორონავირუსის პანდემიის გამო შარშან, მარტში ჩაიკეტა. თუმცა მანამდე, 2019 წელს, საქართველოს 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია და ტურიზმმა ჯამში ქართულ ეკონომიკას 3.2 მილიარდი დოლარი მოუტანა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.