შეხვედრები ბრიუსელში და თბილისში. ევროპარლამენტი კრიზისის გადაჭრისთვის სპეციალურ ჯგუფს ქმნის
საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება.
პრემიერი ღარიბაშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა, ევროპარლამენტი კი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისთვის სპეციალურ ჯგუფს ქმნის.
პარალელურად გრძელდება შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის შეხვედრები ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან, რომელიც, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება, ხოლო აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ სპეციალური მოსმენა გაიმართება.
-
წინაისტორია
რატომ შეიქმნა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი?
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მწვავე პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მის შედეგებს არ აღიარებს. პარლამენტში გასულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა (ექვსი დეპუტატის გამოკლებით) უარი თქვეს სადეპუტატო მანდატებზე და მმართველი გუნდი “ქართული ოცნება” მარტო დატოვეს პარლამენტში. ეს საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი ჰყავს.
პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში კიდევ უფრო გაამწვავა მთავარი ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ, რომლის დროსაც ამ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.
მელიას დაკავებას უპრეცედენტო რეაქცია მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
გადადგა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო, თუმცა გუნდის შიგნით უმცირესობაში აღმოჩნდა.
საქართველოს ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა ოპოზიციური პარტიის ოფისში მოწყობილი სპეცოპერაცია შეაფასეს, როგორც “დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი”.
ოქტომბრიდან მოყოლებული პოლიტიკურმა პროცესებმა ფაქტობრივად ქუჩაში გადაინაცვლა. ოპოზიცია და საზოგადოებრივი აქტივისტები პერმანენტულ აქციებს აწყობენ და სამთავრობო შენობების პიკეტირებას ახდენენ.
ოპოზიციას ორი მთავარი მოთხოვნა აქვს – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ნიკა მელიას და ასევე სხვა პოლიტიკური ნიშნითვ დაკავებული ადამიანების გაავისუფლება. დაკავებულებს შორის არის ოპოზიციური ტელეკომპნია “მთავარის” ერთ-ერთივ მეწილი გიორგი რურუა, რომელსაც უარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავებიან. დამოუკიდებელი იურისტები ამბობენ, რომ მელიას და რურუას საქმეები სამართლებრივ სარჩულს მოკლებულია.
ოქტომნბრის შემდეგ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა აშშ-ის ელჩის და საქართველოში აკრედიტებული სხვა დიპლომატების ფასილიტატორობით, თუმცა ამ საუბრებს შედეგი არ მოჰყოლია.
1 მარტს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ევროჩინოვნიკი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვიდა, რომელმაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოდერატორის ფუნქცია აიღო.
___________________________________________________
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სასოლიმ საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებს არაფორმალური საკონტაქტო ჯგუფის შექმნა შესთავაზა.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა ტელეკომპანია ფორმულას უთხრა, რომ პრეზიდენტ სასოლის ინიციატივა საქართველოში არსებული კრიზისის გადაჭრას უკავშირდება.
“ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ბატონმა სასოლიმ მოგვიწვია ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად. გავცვალეთ მოსაზრებები, თუ როგორ ვითარდება მოვლენები. ძალიან გვინდა, რომ შარლ მიშელის მისია, რომლის მიზანიც კრიზისის გადაჭრაა, წარმატებული იყოს”, – განაცხადა კუბილიუსმა.
იენს სტოლტენბერგი: გვაღელვებს ბოლო დროის მოვლენები, მათ შორის, მელიას დაკავება
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ წუხილები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, ნიკა მელიას დაპატიმრებას უკავშირდება:
“ამ უთანხმოების გადაჭრის გზა უნდა მოიძებნოს, რათა საქართველომ შეძლოს დაგეგმილი რეფორმების გაგრძელება და რა თქმა უნდა, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი ამ დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს.”
პრემიერ ღარიბაშვილთან გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა ღარიბაშვილს მოუწოდა, რომ გამოიყენოს თავისი პოზიცია დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად.
დანიელსონის შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან
ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის პარალელურად, თბილისში დასრულდა შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული კიდევ ერთი შეხვედრა.
მიუხედავად იმისა, რომ დანიელსონი თბილისში უკვე მეხუთე დღეა ხელისულფებასა და ოპოზიციასთან შეხვედრებს მართავს, შეთანხმება ამ დრომდე არ მიღწეულა.
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეხვედრა რთულ და მძიმე ვითარებაში წარიმართა.
ხოლო “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან გაკეთებული კომენტარისას თქვა, რომ შეხვედრა იყო ძალიან კარგი და ახლა “მთავარია, ოპოზიციამ არ ჩაშალოს მოლაპარაკებები”.
კობახიძე განმარტებით, შეხვედრაზე მხარეებმა ყველა საკითხი განიხილეს, ამ საკითხების განხილვა კი, მისი თქმით, სავარაუდოდ ხვალ დასრულდება.
_________________________________
● ოლიგარქიული გავლენები და პოლიტიზირებული სასამართლო – საქართველო Freedom House-ის ანგარიშში
_________________________________
“შეთანხმება მიღწეულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქნება თანხმობა ყველა საკითხზე“, – განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.
სამნიძის თქმითვე, შეხვედრაზე განხილულ იქნა შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის 6-ვე პუნქტი, მათ შორის რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების საკითხი.
შეხვედრა დროზე ადრე დატოვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.
“ვტოვებ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ დგას არჩევნების თარიღი და პოლიტპატიმრები”, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება მაშინ, როცა ეს ორი საკითხი გარკვეული და გადაწყვეტილი იქნება.
__________________________________
● პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, თბილისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ჩამოვიდა
● რუსეთის საგარეო დაზვერვა: აშშ გაღიზიანებულია “ოცნებით”, რომელიც უსიტყვოდ არ მიჰყვება დასავლურ კურსს
● ყოფილი ელჩები და დიპლომატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლონ ნიკა მელია
● ირაკლი ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნები არ განიხილება
_____________________________________
აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 23 მარტს სპეციალური მოსმენა გაიმართება.
სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს.
სხდომაზე მომხსენებლები სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი იქნებიან.
აპატურაი: ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს საერთო გზაზე
“ჩემი მთავარი დასკვნაა: რეგიონული სიტუაციის, კოვიდკრიზისის, რეფორმების გაგრძელების და გაძლიერების მყარი საჭიროების გათვალისწინებით, საქართველოს აღარ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო. რაც შეიძლება სწრაფად, პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა შემცირდეს, ოპოზიციური პარტიები კი პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ, მისი სათანადო ფუნქციონირებისთვის.
ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს საერთო გზაზე, პოლიტიკური პროცესის წინ წასაყვანად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან მედიაციის მცდელობას, რომელსაც ორი შესანიშნავი დიპლომატი უძღვება”, – დაწერა ფეისბუკზე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ.