ყარაბაღის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი გლოვა: მსვლელობა, პროტესტი, განცხადებები
19 დეკემბერს, სომხეთში, ყარაბაღის მეორე ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამდღიანი გლოვა დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებსა და თავისი მომხრეების საკმაოდ მრავალრიცხოვან კოლონასთან ერთად, ძლივს მოახერხა დაღუპულთა საფლავებამდე მისვლა.
სამხედრო პანთეონის შესასვლელი გადაკეტეს ყარაბაღის პირველი ომის მონაწილეებმა, ასევე, 2020 წლის შემოდგომის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა.
მათ მიაჩნიათ, რომ სწორედ ნიკოლ ფაშინიანია დამნაშავე ათასობით ადამიანის სიკვდილში, ყარაბაღში ტერიტორიების დაკარგვასა და ბოლო ომში მარცხში, რომელიც აზერბაიჯანთან კაპიტულანტური შეთანხმებით დასრულდა.
თუმცა, პოლიციამ პროტესტის მონაწილეების გაყვანა მოახერხა, პრემიერი და მისი მხარდამჭერები კი პანთეონის ტერიტორიაზე შევიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
გლოვის პირველ დღეს მომხდარ ექსცესებზე და რით იყო ის გამოწვეული, ასევე, ხსოვნის დღესთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიმართვის მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ.
რით დაიწყო ყველაფერი
დაძაბულობა ჯერ კიდევ 18 დეკემბრის საღამოს დაიწყო, როდესაც ოპოზიციამ მსვლელობა მოაწყო სამხედრო პანთეონი „ერაბლურის“ მიმართულებით.
საქმე იმაშია, რომ პრემიერ-მინისტრმა ადრევე განაცხადა, რომ გლოვის პირველ დღეს, ხელისუფლება „სამახსოვრო მსვლელობას“ გაუწევდა ორგანიზებას დედაქალაქის მთავარი მოედნიდან სამხედრო პანთეონ „ერაბლურის“ მიმართულებით.
17-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა გამოყოფოდა ხელისუფლებას და გლოვის გამოცხადების წინა დღეს მიაგეს პატივი დაღუპულთა ხსოვნას – მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობა მოაწყვეს სამხედრო პანთეონის მიმართულებით. თუმცა, პოლიტიკური ლოზუნგების გარეშე – ოპოზიციის ლიდერები ამ დღეს სიტყვით არ გამოსულან.
მაგრამ ოპოზიციურ კოალიციას პრემიერ-მინისტრი „მოღალატედ მიაჩნია, რომელმაც ნებაყოფლობით ჩააბარა ყარაბაღის ტერიტორიები აზერბაიჯანს“ და 10 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ხელი მოეწერა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, მის გადადგომას მოითხოვს.
სამთავრობო კოლონის მსვლელობა
19 დეკემბერს, დღის პირველი საათისთვის, დაღუპულ მებრძოლთა პანთეონის მიმართულებით პრემიერისა და მისი მომხრეების სამთავრობო კოლონა დაიძრა. მაგრამ მანამდე, სანამ ის ადგილამდე მიაღწევდა, პანთეონის ტერიტორიის შესასვლელი ყარაბაღის პირველი ომის მონაწილეებმა და ცოტა ხნის წინ დასრულებული საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ნათესავებმა გადაკეტეს.
დაღუპულ ჯარისკაცთა აღშფოთებულმა მშობლებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ გაჩუმებას და არ დაუშვებენ, რომ ფაშინიანი მათი შვილების საფლავებთან მივიდეს. „ფაშინიანი მოღალატეა“ – სკანდირებდნენ და აფრთხილებდნენ, რომ პრემიერს „ერაბლურის“ ტერიტორიაზე შესასვლელად, მათ გვამებზე მოუწევდა გადავლა.
მაგრამ პოლიციელებმა მათი გაყვანა და პრემიერ-მინისტრისთვის გზის უსაფრთხოდ გავლის უზრუნველყოფა მოახერხეს, მიუხედავად პროტესტის მონაწილეებთან შეტაკებებისა და დაშავებულებისა. ფაშინიანის დაცვა იძულებული გახდა ის დამცავი ქოლგებით დაეფარა.
პრემიერის გამოსვლა
19 დეკემბრის დღის პირველ ნახევარში, მსვლელობის დაწყებამდე, ნიკოლ ფაშინიანი ვიდეომიმართვით გამოვიდა, რომლიდანაც კიდევ ერთხელ ცნობილი გახდა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ის პირველად არ აცხადებს, რომ სომხეთის პოლიტიკური მომავალი არჩევნების გზით გადაწყდება ანუ საზოგადოების ნებით და არა „ბუნტით“, რომელსაც ორგანიზება ოპოზიციამ გაუკეთა.
ამასთან, პრემიერმა კვლავ აღიარა საკუთარი ბრალი მომხდარში:
„მე სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე – როგორც ამას სამსახური მავალდებულებს. და ვთქვი, რომ მივიღებ ყველა ვერდიქტს, რომელსაც ჩვენი ხალხი გამომიტანს. მაგრამ არ შემიძლია ვთქვა არც ის, რომ თუკი „განტევების ვაცის“ ინსტიტუტი კარგია სულის შემსუბუქებისთვის, გაბრაზებისა და აღშფოთების გამოსახატად, ის უსარგებლოა იმის ღრმად აღსაქმელად, თუ რა მოხდა. იმისათვის, რაც აუცილებელია მომავლის ასაშენებლად და იმისათვის, რომ არ გავიმეოროთ განვლილი გზა“.
მან ასევე ისაუბრა ბოლო დღეებში სომხეთის მცხოვრებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და საგანგაშო საკითხის შესახებ – ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე, სიუნიქის პროვინციაზე. იქ ახლა აზერბაიჯანთან საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქმე იმაშია, რომ ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ სამმხრივ განცხადებაზე ხელმოწერის შემდეგ, აზერბაიჯანს გადაეცა მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რაიონები, რის გამოც შეიქმნა „ახალი საზღვარი“.
როგორც ფაშინიანმა განმარტა, ახლა სიუნიქის მონაკვეთზე, რომელსაც ამ დრომდე საკუთარი ძალებით იცავდნენ ადგილობრივი მოხალისეები, განთავსდებიან მესაზღვრეები, მათ შორის, რუსები. პრემიერის თქმით, მათი პოსტები განთავსდება სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე ანუ არ არსებობს მიზეზი ჩაითვალოს, რომ ქვეყანა სიუნიქის ტერიტორიას კარგავს.
გუშინ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იქ საპროტესტო აქცია გამართეს და გზებიც კი გადაკეტეს, თან ხელისუფლების მხრიდან განმარტებებს მოითხოვდნენ. ეს დაკავშირებული იყო სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნასთან, 18 დეკემბრის საღამომდე გაეთავისუფლებინათ პოზიციები ქალაქ კაპანის მახლობლად სიმაღლეებზე, რადგან ის აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცემა.
სიუნიქის მცხოვრებლები ნერვიულობენ იმაზე, რომ ისინი მნიშვნელოვან პოზიციებს კარგავენ სიმაღლეებზე, აზერბაიჯანული სამხედრო პოსტები კი უახლოვდება ერთ კილომეტრზე უფრო ახლო მანძილზე.