განქორწინება აზერბაიჯანულად
სხედან და ტელეფონებს მისჩერებიან! ამ ტელეფონებში კარგი არაფერი ყრია. მხოლოდ ახლომხედველობას და განქორწინებებს იწვევს. რამდენი ოჯახი დაანგრია ამ მოწყობილობამ! ადრეც ხომ ღალატობდნენ ერთმანეთს! მაგრამ მერე რა?! მაშინ ეს ტელეფონები და კომპიუტერები არ არსებობდა, საიდუმლოებები არ მჟღავდნდებოდა და ოჯახები არ ინგრეოდა!
ავტობუსში მჯდომი ქალის აღშფოთება იმდენად გულწრფელია, რომ მისი თვალთმაქცობა გულუბრყვილოდ გამოიყურება. მეტიც, მისი ტირადა ერთგვარად ამაღელვებელიც კია.
ჩემი ერთი ნაცნობი კი პირიქით, ძალიან ხარობს, როდესაც იგებს, რომ ვინმე სამსახურიდან წამოვიდა, ან მეუღლეს გაეყარა. არა იმიტომ, რომ ბოროტი და შურიანი ადამიანია. ის უბრალოდ დარწმუნებულია, რომ განქოწინება და სამსახურიდან წასვლა რაღაც ახლის დაწყების წინაპირობაა.
საკამათო, მაგრამ ოპტიმისტური თვალსაზრისია, რომელსაც საერთოდ არ იზიარებენ ის ადამიანები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია, განგაშს ტეხენ იმის გამო, რომ აზერბაიჯანში განქწორწინების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა.
• განქორწინება აზერბაიჯანში: როგორ დავიცვათ ბავშვები?
• დავა სოციალური ქსელების გარშემო აზერბაიჯანში
• მშობლების ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვები აზერბაიჯანში
ადამიანები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ამ თემაზე – პრესაში, ტელევიზიებში, სოციალურ ქსელებში, „სამზარეულოში“… ემოციებს არ იკავებენ და, რა თქმა უნდა, დამნაშავეებს ეძებენ.
ზოგიერთს მიაჩნია, რომ ყველაფრის მიზეზი ცუდი მატერიალური პირობებია. ისინი ამბობენ, რომ სასიყვარულო ნავები საბანკო კრედიტებისა და ელექტროენერგიის გადასახადის მეჩეჩებს ეხეთქება.
სხვებს მიაჩნიათ, რომ ყველაფრის მიზეზი მორალური ნორმების დარღვევაა. ჩვენს ახალგაზრდობას ისევ ეს „გეიროპა“ რყვნის!
ჰო, მართლა… კიდევ ტექნიკური პროგრესი, რომელზეც ავტობუსში მჯდომი დეიდა ჩიოდა. მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ტელეფონებს ისევე მიუძღვით ბრალი ღალატში, როგორც რენტგენის აპარატს იმ ტრავმის მიყენებაში, რომელსაც ის აშუქებს.
რა თქმა უნდა, განქორწინება ცუდი მოვლენაა.
მაგრამ, აზერბაიჯანის შემთხვევაში, ყველა ცუდ მოვლენას რაღაც კარგიც ახლავს.
რადგანაც ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანებმა თავისუფლება მოიპოვეს. მცირედი თავისუფლება. უცებ მიხვდნენ, რომ ასეც შეიძლება. შესაძლებელია განქორწინება და ცხოვრების გაგრძელება. არ არის აუცილებელი, რომ ქორწინების მოწმობა სასამართლოს განაჩენად იქნას აღქმული. მეუღლეები ორადგილიან საკანში გამოკეტილი პატიმრები არ არიან. და მათ სამუდამო პატიმრობა არ აქვთ მისჯილი.
ათი, ოცი და ორმოცდაათი წლის წინათ აზერბაიჯანში გაცილებით ნაკლები განქორწინება ხდებოდა – არა იმიტომ, რომ მაშინ უფრო მდიდრები იყვნენ, და არც იმიტომ რომ მაშინ სმარტფონები არ არსებოდა. მაშინ განქორწინება მიღებული არ იყო და უბრალოდ, უკიდურეს ზომად ითვლებოდა, რომელსაც მხოლოდ მას შემდეგ მიმართავდნენ, რაც სხვა ვარიანტები აღარ რჩებოდა. ცოლისათვის განქორწინება სირცხვილად ითვლებოდა – ქმედებად, რომელიც ქალის მომავალს წერტილს უსვამდა. ითვლებოდა, რომ „ ქალმა, რომელიც თეთრი კაბაში გამოწყობილი შედის ქმრის სახლში, მეუღლის ოჯახი მხოლოდ თეთრ სუდარაში გახვეუმა შეიძლება დატოვოს“. ანუ მკვდარმა. ამიტომ ქალი ყველაფერს ითმენდა. მათ შორის ყოველდღიურ ცემა-ტყეპასაც. განქორწინებაზე უარის თქმის მიზეზები ზოგიერთ მამაკაცსაც ჰქონდა – გაჭორვისა და შვილების სახელის შებღალვის შიში, მშობლების ინფარქტამდე მიყვანის ალბათობა და ა.შ.
მაგრამ აზერბაიჯანელების ცნობიერებაში რაღაც შეიცვალა – ან რაღაც გადატრიალდა მათ ტვინებში, ან უბრალოდ ევოლუციის შეუქცევად შედეგებთან გვაქვს საქმე. მაგრამ, როგორც ჩანს, განქორწინება მათთვის განსაკუთრებულ ტრაგედიასა და კატასტროფას აღარ წარმოადგენს.
დიახ, სამწუხაროა. დიახ, არასასიამოვნოა. და საერთოდ, ყველაფერი ისე კარგად იწყებოდა! მაგრამ ეს სამყაროს აღსასრული არ არის. ნამდვილად შეიძლება ამ პრობლემის გადალახვა. შესაძლებელია მეორედ გათხოვება იმ შემთხვევაში, თუკი პირველი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდება. და ამ დროს „წუნდებული საქონლის“ დამღის თავიდან აცილებაც შეიძლება. ადამიანს შეუძლია, ცოლს გაშორდეს და, ამასთან, არ ეშინოდეს იმის, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში საიწვება; მეტიც – ადამიანს შეუძლია, კიდევ ერთხელ სცადოს, ურთიერთობა წამოიწყოს იმ ადამიანთან, რომელთანაც უკვე ჰქონდა კავშირი. იმ შემთხვევაში, თუკი ორივე პარტნიორი გადაწყვეტს, რომ ბოლომდე არ „შეუჭამიათ“ ერთმანეთი.
მოდით, ვარდისფერი სათვალე მოვიხსნათ, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და ვაღიაროთ, რომ განქორწინება ცივილიზაციის მშვენიერი მიღწევაა და მის აკრძალვას კარგი არაფერი მოუტანია კაცობრიობისთვის. უსაფრთხოების ტექნიკის წესების მიხედვით, ნებისმიერ შენობაში უნდა იყოს სახანძრო გასასვლელი. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენობა ოდესმე აუცილებლად დაიწვება. არაა გამორიცხული, რომ სამას წელსაც გაუძლოს. მაგრამ აუცილებლად უნდა არსებობდეს სახანძრო გასასვლელი. ალბათ, დამეთანხმებით, რომ განქორწინებების მაღალი მაჩვენებელი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობელობების მაღალ მაჩვენებლებს მაინც ჯობს.
მოკლედ, განქორწინება, ავად თუ კარგად, უკვე ვისწავლეთ.
ახლა კი ისღა დაგვრჩენია, რომ ადამიანურად ქორწინება ვისწავლოთ.
სხვათა შორის, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, განქორწინებების საერთო რაოდენობაც გაიზარდოს.