ახალი ამბები, რეპორტაჟი: 5 ოქტომბერს, ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები
-
რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროები მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაცრად დაგმეს კონფლიქტის ზონასა და მის ფარგლებს გარეთ ძალადობის უპრეცედენტო და სახიფათო ესკალაცია.
მათ ხაზი გაუსვეს, რომ ცოტა ხნის წინანდელი თავდასხმები, როგორც უშუალოდ კონტაქტის ხაზზე, ისე აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიებზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის ფარგლებს გარეთ, რომლის მიზანსაც, სავარაუდოდ, სამოქალაქო ობიექტები წარმოადგენდა, ასევე, ასეთი თავდასხმების არაპროპორციულობა, მიუღებელ საფრთხეს უქმნის რეგიონში სტაბილურობას.
განცხადების ავტორები კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ მიიღონ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება.
-
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს დაურეკა
ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ განიხილეს მთიან ყარაბაღში გაჭიანურებული შეიარაღებული კონფლიქტი. ისაუბრეს იმის შესახებ, რომ მან უკვე მასშტაბური ხასიათი შეიძინა და მხარეები დიდ დანაკარგებს განიცდიან, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობას შორის.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აუცილებელია სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები
-
„ყარაბაღის თავდაცვის არმიამ მტრის ქვედანაყოფი ხაფანგში მოაქცია“ - სომხეთის თავდაცვის სამინისტრო
დღეს, ფრონტის ხაზის ერთ-ერთ ურთულეს მიმართულებაზე, თავდაცვის არმიამ ტაქტიკური ილეთი გამოიყენა, შეუქმნა რა მოწინააღმდეგეს უკან დახევის შთაბეჭდილება, იტყობინება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი, შუშან სტეფანიანი.
„მოწინააღმდეგე შეეცადა სწრაფად დაეკავებინა სომხეთის ძალების მიერ „მიტოვებული“ პოზიციები და ხაფანგში აღმოჩნდა. ამის შემდეგ, ძლიერი საარტილერიო დარტყმის შედეგად, აზერბაიჯანული ქვედანაყოფის დიდი ნაწილი განადგურდა. მტერმა ბრძოლის ველზე 200 მოკლული ჯარისკაცი დატოვა და გაიქცა“.
-
აზერბაიჯანის არმიამ კიდევ რამდენიმე სოფელსა და სიმაღლეზე დაამყარა კონტროლი - პრეზიდენტი
„დღეს, აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა ჯაბრაილის რაიონის სოფლები შიხალი აღალი, სარიჯალი, მეზრე და რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი გმირი არმიის წარმატებული ოპერაცია გრძელდება. ყარაბაღი – აზერბაიჯანია!“, – დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.
Bu gün Azərbaycan ordusu Cəbrayıl rayonunun Şıxəli Ağalı, Sarıcalı, Məzrə kəndlərini və müxtəlif istiqamətlərdə bir neçə strateji yüksəkliyi azad etmişdir. Qəhrəman ordumuzun uğurlu əməliyyatı davam edir. Qarabağ Azərbaycandır!
— İlham Əliyev (@azpresident) October 5, 2020
-
განჯა კიდევ ერთხელ დაბომბეს - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრ
სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, კიდევ ერთხელ დაბომბა ქალაქი განჯა – ამის შესახებ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
-
სომხეთის პრემიერ-მინისტრის შვილი ფრონტზე მოხალისედ მიდის
«ეს ესაა, ცენტრალურ სამხედრო კომისარიატში, მოხალისედ ჩავეწერე. ძვირფასო თანამებრძოლებო, დადგა ჩვენი დრო, ვემსახუროთ სამშობლოს», – დაწერა აშოტ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
შვილის პოსტი საკუთარ გვერდზე გააზიარა სომხეთის პრემიერ-მინიატრმა, ნიკოლ ფაშინიანმაც
Մեր որդին զինվորագրվեց։
Posted by Nikol Pashinyan / Նիկոլ Փաշինյան on ორშაბათი, 05 ოქტომბერი, 2020
«ჩვენი შვილი არმიის რიგებში ჩაირიცხა», – მიაწერა ფოტოსურათს პრემიერმა.
მანამდე, ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში, ბოლო წლებში დემობილიზირებილ სამხედრო მოსამსახურეებს მოუწოდა, გამოცხადებულიყვნენ სამხედრო კომისარიატებში.
საკუთარი მოწოდება მთავრობის მეთაურმა იმით ახსნა, რომ «სწორედ ამ ჯარისკაცებს აქვთ საუკეთესო სამხედრო მომზადება». აშოტ ფაშინიანი 2020 წლის ზაფხულში დაითხოვეს.
-
ომი ხელს არ შეგვიშლის: ერევანი ევრაზიის მთავრობათაშორისო საბჭოს სხდომისთვის ემზადება
ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით სხდომა 8-9 ოქტომბერს გაიმართება.
5 ოქტომბერს, სომხეთის დედაქალაქში, სპეციალური ავიარეისით უკვე ჩავიდნენ ჯგუფის წევრები, რომლებიც მოსამზადებელი სამუშაოებით არიან დაკავებული.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა, ანა ნაგდალიანმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყველა წევრი ქვეყანა აპირებს თუ არა ღონისძიებაზე დასწრებას, უპასუხა, რომ ინფორმაცია უარის შესახებ მას არ აქვს. შეხვედრის გადადების შესახებ კი მისი თქმით, საუბარიც არ არის.
რუსეთის ლიდერობით მოქმედი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შემადგენლობაში შედიან სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
-
იბომბება ქალაქი აღჯაბადი - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო
ქალაქი აღჯაბადი სომხეთის შეიარაღებული ძალების საარტილერიო ცეცხლის ქვეშაა, იტყობინება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
დაბომბვის შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები დაიჭრა, ნათქვამია განცხადებაში.
-
„თავდაცვის არმია თითოეული სანტიმეტრისთვის იბრძვის“ - მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი
5 ოქტომბერს, დილით, არაიკ არუთუნიანი სამხრეთის მიმართულებაზე, ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა, სოფელ მეხაქავანში (ჯებრაილი). ამის შესახებ, მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:
„არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ დაპირისპირების მთელ პერიმეტრზე, არცახის თავდაცვის არმია აგრძელებს ბრძოლას არა სიკვდილ-სიცოცხლისთვის, არამედ მიწის თითოეული სანტიმეტრისთვის. მტრის განადგურებისთვის გაწეული ჩვენი ძალისხმევა, ეჭვგარეშეა, რომ წარმატებით დასრულდება“.
#RUS #ENG ⬇️Սիրելի ՛ հայրենակիցներՎաղ առավոտյան եղել եմ առաջնագծի հարավային թևում՝ Մեխակավանում (Ջեբրաիլ): Տեղում…
Posted by Արայիկ Հարությունյան Arayik Harutyunyan on ორშაბათი, 05 ოქტომბერი, 2020
-
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სოფელ თალიშიდან ვიდეო გაავრცელა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ტერტერის რაიონის სოფელ თალიშიდან ვიდეოკადრები გაავრცელა.
გუშინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის არმიის მიერ, ამ სოფლის აღების შესახებ განაცხადა.
-
24 გარდაცვლილი და 121 დაჭრილი - აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ დანაკარგების შესახებ განაცხადა
აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
„27 სექტემბრიდან დღემდე, დაიღუპა 24 მშვიდობიანი მოქალაქე და 121 ადამიანი დაიჭრა“, – ნათქვამია განცხადებაში.
-
„საბრძოლო მოქმედებები შეიძლება აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე გადავიდეს“ - ყარაბაღის პრეზიდენტის პრესმდივანი
ვაგრამ პოღოსიანმა ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და ამ გადაწყვეტილების მიზეზები დაასახელა:
– ყარაბაღი ახლა ჩართულია საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში და „ამ მტკიცებულებას სერიოზული საფუძველი აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ექსპერტული შეფასებებით“
– ყარაბაღისთვის ომის გამოცხადებით, აზერბაიჯანმა უარი თქვა ეუთოს მინსკის ჯგუფის სამი თანათავმჯდომარე ქვეყნის ეგიდით მოლაპარაკებებზე და საკითხის ძალადობის გზით გადაწყვეტა არჩია
– საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან, აზერბაიჯანი მიზანმიმართულად ბომბავს მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ პუნქტებს და ამისთვის სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციით აკრძალულ იარაღს იყენებს
– ყარაბაღის წინააღმდეგ ბრძოლაში, აზერბაიჯანმა ჩართო დაქირავებული ტერორისტები, რაც სხვადასხვა საერთაშორისო ცენტრის მიერაც მტკიცდება.
ვაგრამ პოღოსიანი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი „ოპერაციის აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე გადატანის კანონიერ უფლებას აძლევთ, რათა ის ტერორისტული ჯგუფებისგან გაწმინდონ“.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩანაწერს, მთიანი ყარაბაღის პრესმდივანი აჯამებს და ამბობს, რომ მთელი პასუხისმგებლობა შედეგებზე, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.
-
სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს - სომხეთის თავდაცვის სამინისტრო
4-დან 5 ოქტომბრის ღამეს და ამ მომენტშიც, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, სხვადასხვა ინტენსივობის ბრძოლები გრძელდება, – წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი, შუშან სტეფანიანი:
„ამ მომენტში, მოწინააღმდეგე ინტენსიურ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს სტეპანაკერტზე. მოწინააღმდეგემ არცახის ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე განაახლა შეტევა… თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები ღირსეულ პასუხს აძლევენ მტრის ძალებს“.
Ստեփանակերտում կրկին հրետակոծվում են քաղաքացիական օբյեկտները
Posted by Ջեմնյուզ – JAMnews Armenian on ორშაბათი, 05 ოქტომბერი, 2020
-
აზერბაიჯანის ტერიტორიას სომხეთიდან სარაკეტო დარტყმა მიაყენეს - თავდაცვის სამინისტრო
5 ოქტომბრის დილას, აზერბაიჯანის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რადიოლოკაციურმა სისტემამ, აზერბაიჯანის მიმართულებით სომხეთიდან, ჯერმუკის, კაფანისა და ბერდის რაიონებიდან რაკეტების გამოშვება დააფიქსირა, იტყობინება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
„უკვე, რამდენიმე დღეა, ფრონტის მთელ ხაზზე შევიწროებული მოწინააღმდეგე, სომხეთის ტერიტორიიდან სისტემატურ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს აზერბაიჯანის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებსა და ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ამავდროულად, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს მის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის დაბომბვას და აცხადებს, რომ ცეცხლი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გახსნეს. სომხეთის ასეთი უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ქმედებები აზერბაიჯანს საპასუხო ზომების მიღებას აიძულებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
-
თავდასხმა ქალაქ ტერტერზე, ორი ადამიანი დაიჭრა - მასმედია
სომხეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მძიმე არტილერიით ტერტერის დაბომბვას, წერს გამოცემა Qafqazinfo.
ღამით, ქალაქის ცენტრში ჩამოვარდნილი ჭურვის ნამსხვრევით ორი მოქალაქე დაიჭრა – ტალეხ ნოვრუზოვი (დ.წ. 1981) და დავუდ სულეიმანოვი (დ.წ. 1993), აღნიშნულია სტატიაში. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
-
5 ოქტომბრის დილისთვის არსებული ვითარების მოკლე მიმოხილვა
• მხარეებს დაღუპულთა შესახებ ახალი მონაცემები არ გაუსაჯაროებიათ. აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ დაიღუპა 24 მშვიდობიანი მოქალაქე და 111 დაიჭრა. გუშინ, სომხეთმა 200-ზე მეტი სამხედროს გარდაცვალების შესახებ გააკეთა განცხადება. ბრძოლების ინტენსივობის გათვალისწინებით, რომელიც უკვე რვა დღეა გრძელდება, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ორივე მხარეს ძალიან ბევრი მებრძოლი დაიღუპა.
• სომეხი სამხედრო მოსამსახურეების სარაკეტო თავდასხმა სტრატეგიულად მნიშვნელოვან აზერბაიჯანულ ქალაქ მინგეჩაურზე – იქ არის წყალსაცავი და მთავარი ელექტროსადგური. აზერბაიჯანში, ოფიციალურად გამოქვეყნდა ამის დამადასტურებელი ფოტოსურათები და ვიდეომასალა, აცხადებენ, რომ რაკეტა მოიგერიეს. სომხეთში, ოფიციალურად უარყვეს სარაკეტო თავდასხმის ფაქტი და ფალსიფიკაცია უწოდეს.
• აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ნაღმტყორცნებით ყარაბაღის დედაქალაქის, სტეპანაკერტის დაბომბვას. ბევრი შენობა დაზიანდა, ბევრი ადამიანი დაიჭრა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ქალაქ შუშას დაბომბვის შესახებ.
• სომეხმა მებრძოლებმა სარაკეტო დარტყმები მიაყენეს აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯას. ერთი ადგილობრივი დაიღუპა, ოთხი – დაიჭრა.
• ყარაბაღის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ „მიზანში აქვთ ამოღებული აზერბაიჯანის მსხვილი სამხედრო ობიექტები“ და ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირობა დადო – სტეპანაკერტისა და ყარაბაღის სხვა ქალაქების დაბომბვის გამო. მან აზერბაიჯანის მოსახლეობას „დასახლებული პუნქტების დატოვებისკენ მოუწოდა, სადაც განთავსებულია მათი ტერორისტული არმიის პოზიციები, რათა მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი თავიდან აირიდონ.
• აზერბაიჯანის არმიამ ქალაქი ჯებრაილი და კიდევ ცხრა სოფელი დაიკავა, საერთო ჯამში უკვე 16 – ჯებრაილის რაიონში. ეს ერთ-ერთია ყარაბაღის მოსაზღვრე იმ შვიდი აზერბაიჯანული რაიონიდან, რომლებსაც 1999-იანი წლების დასაწყისში მომხდარი ომის შემდეგ, ყარაბაღის ხელისუფლება აკონტროლებდა. აზერბაიჯანში ამის დამადასტურებელი ფოტოსურათები და ვიდეომასალა გამოაქვეყნეს. ყარაბაღის ხელისუფლებამ უპასუხა, რომ „აზერბაიჯანი მუდმივად ცდილობს შეტევას კონფლიქტის ზონაში, თუმცა, ყარაბაღის თავდაცვის არმიის მოქმედებების შედეგად, შეტევები იფუშება“.
• სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა: „მთიანი ყარაბაღი და სომხეთი ცივილიზაციის ფრონტი გახდა. სომხეთი სამხრეთ კავკასიაში ბოლო წინაღობაა თურქეთის ჩრდილოეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და აღმოსავლეთით ექსპანსიისთვის (…) თურქეთის ქმედებები მომართულია „თურქეთის იმპერიის აღდგენისკენ. თუკი მსოფლიო თანამეგობრობა არასწორად შეაფასებს მიმდინარე მოვლენის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, მაშინ ევროპა თურქეთს ვენის გვერდით უნდა ელოდოს“.
• ყარაბაღში უარყვეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ყარაბაღის პრეზიდენტის მძიმედ დაჭრის შესახებ.
• გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დაურეკა და მხარი დაუჭირა რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას, რომელიც მათ, რამდენიმე დღის წინ გააკეთეს, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების მეთაურებმა (ყარაბაღის კონფლიქტის პროცესში მოლაპარაკებების მთავარი ფასილიტატორი). მინსკის ჯგუფის წინადადებაა – დაუყოვნებლივ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები და მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ. ამასთან, მერკელმა განაცხადა, რომ აუცილებელია თუნდაც ჰუმანიტარულ პაუზაზე შეთანხმება, რათა მხარეებმა ბრძოლის ველიდან საკუთარი გარდაცვლილი სამხედროების ცხედრების გატანა მაინც შეძლონ.
• „ირანი მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. სომხეთის მხრიდან ოკუპაციის დასრულება, რეგიონში სტაბილურობის გარანტია გახდება“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ ვაეზიმ.
-
ახალი ამბები, ფოტო/ვიდეო ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით - 4 ოქტომბერი, 2020