ლოცვები 4 საათზე დაიწყება, ეკლესიები 8-ზე დაიკეტება
საქართველოში დაწესებული კომენდანტის საათის გამო, 4 აპრილიდან ეკლესიებში ლოცვა შუადღეს, 16:00 საათზე დაიწყება, ეკლესიები კი 20:00 საათზე დაიხურება.
3 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 27 გამოჯანმრთელდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ტაძრების წინამძღვრებს კიდევ ორ რეკომენდაციას აძლევს: ტაძრის ეზოებში უნდა გაკეთდეს 1,5 მ-ის დაშორებით დასადგომი ნიშნულები მრევლისთვის და ხატები სპირტისა და ვარდის წყლით ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს. უნდა დამუშავდეს იატაკებიც.
ტაძრების წინამძღვრებისთვის მიცემული ახალი რეკომენდაციების შესახებ, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე წერს.
- სინოდი ზიარების წესს არ ცვლის – ტაძრებში მსახურება გახმოვანდება
- სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს
- საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა: შეზღუდვები ეკლესიაზე არ ვრცელდება
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით, 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული. 31 მარტიდან აიკრძალა სამ კაცზე მეტის შეკრება, გარდა მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც მოქალაქეებმა ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. მუშაობა შეწყვიტა ყველა სახის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. გაჩერდა მეტროც. მთავრობის დადგენილებით, 21:00-დან 06:00-მდე კომენდანტის საათი დაწესდა.
საქართველოს საპატრიარქო კი მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის განჩინებით, ზიარების წესს არ ცვლის და მრევლს ისევ საერთო კოვზით აზიარებს.