კორონავირუსი კავკასიაში. 20-23 მარტი, 2020
-
აზერბაიჯანში, კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევაა
აზერბაიჯანში, კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევაა. ამრიგად, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა – 72-ია. მათგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ათი – გამოჯანმრთელდა
-
25 ქვეყანა დაემატა სიას, რომლიდანაც სომხეთში ჩასვლა არ შეიძლება. ახლა ასეთი უკვე 41 სახელმწიფოა
25-ით გაიზარდა ქვეყნების ჩამონათვალი, რომლიდანაც სომხეთში ჩასვლა არ შეიძლება. ახლა ასეთი უკვე 41 სახელმწიფოა. გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიიღეს.
სომხეთში, საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირების 194 შემთხვევაა დადასტურებული, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
-
საქართველოს ქალაქებს შორის ტრანსპორტი აღარ ივლის
23 მარტის 00:00 საათიდან საქართველოს ქალაქებს შორის მიმოსვლა წყდება.
არ იმუშავებს არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც მგზავრები ქალაქებს შორის გადაჰყავს – არც ავტობუსები, არც სამარშრუტო ტაქსები და არც მატარებლები.
კერძო ავტომობილებით გადაადგილება ამ ეტაპზე დაშვებულია.
• თბილისის მერიამ შეზღუდვები დააწესა თბილისში მომუშავე კერძო ტაქსებისთვისაც
-
კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაია თქმით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 5-მა საავადმყოფო უკვე დატოვა.
-
მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
პრემიერის განმარტებით, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა, რის გამოც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონებად გამოცხადდა.
-
4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სომხეთში
კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სომხეთში. ახლა ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 194 მიაღწია.
-
კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აზერბაიჯანში
კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აზერბაიჯანში. ახლა ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 65-ს მიაღწია.
-
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 1,966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259. 54 პაციენტიდან 3 გამოჯანმრთელდა.
-
კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სომხეთში
კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სომხეთში. ახლა ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 190 მიაღწია. მათგან 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
-
აზერბაიჯანში, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აზერბაიჯანში
კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აზერბაიჯანში. ახლა ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 53-ს მიაღწია. მათგან ერთი პაციენტი გარდაიცვალა, 10 – გამოჯანმრთელდა.
-
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ერთი თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.
საგანგებო მდგომარეობა მთავრობას უფლებას აძლევს, რომ:
იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით გადაიყვანოს კარანტინში. წესების დამრღვევის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება სანქციები;
საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
საქართველოს მთავრობას ექნება უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
იზღუდება ათ კაცზე მეტი ადამიანის შეკრება;
მთავრობას ექნება უფლება კერძო სტრუქტურებს, ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;
მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ კანონისგან დადგენილი წესების განსხვავებულ წესებს;
საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა მობილიზებას;
საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად;
ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევა, რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით.
-
სომხეთი: ჯარიმა ან პატიმრობა საგანგებო მდგომარეობის დროს კარანტინის დარღვევისთვის
300-500-ჯერ მინიმალური ხელფასი, რაც ექვივალენტით დაახლოებით $600 -დან $1,000 – მდე შეადგენს – ასეთი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული სომხეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 16 მარტს დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, იზოლაციის ან თვითიზოლაციის მოთხოვნების დარღვევისთვის.
გაცილებით მკაცრი იქნება სასჯელი ამავე დარღვევისთვის, თუკი ის „დაუდევრობით ადამიანების მასობრივ დაინფიცირებას გამოიწვევს“.
ასეთ შემთხვევაში, გათვალისწინებულია პატიმრობა 3 თვემდე ან თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთა – იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი დაზარალდება.
სომხეთის ეროვნულმა საკრებულომ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ კოდექსში ასეთი შესწორებები 20 მარტს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.
იზოლაციის რეჟიმის დამრღვევთა დასჯის შესახებ შეტანილ შესწორებებს 102-მა დეპუტატმა ერთხმად უყარა კენჭი. ეს კანონპროექტის პირველი მოსმენა იყო, საბოლოო, მეორე მოსმენა ორშაბათს, 23 მარტს, დილისთვის არის ჩანიშნული.
თუმცა, სხვა შეზღუდვამ – მედიასა და სოციალურ ქსელებში პუბლიკაციების შესახებ, პარლამენტში მწვავე დისკუსია გამოიწვია.
სომხეთში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ კორონოვარუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნება შეიძლება. როგორც მთავრობაში განმარტავენ, ეს აუცილებელია დაავადებულთა მიმართ აგრესიისა და მოსახლეობაში არსებული პანიკის თავიდან ასაცილებლად.
ზოგიერთი დეპუტატი ჟურნალისტებისა და რედაქტორების კრიტიკას ეთანხმება. არ არსებობს ზუსტი განსაზღვრება, თუ რომელმა ცნობამ შეიძლება გამოიწვიოს პანიკა, და რომელმა – არა.
თუმცა უკვე არსებობს სასჯელის ზომა – ამ მოთხოვნის დარღვევისთვის გათვალისწინებულია 300-500-ჯერ მინიმალური ხელფასის ოდენობით ჯარიმა, რაც შეიძლება $600-დან $1000-მდე უდრიდეს.
-
სტატისტიკა
საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი.
სომხეთში, კორონავირუსით ინფიცირების 160 დადასტურებული შემთხვევაა. ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
აზერბაიჯანში, კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევაა. 10 მათგანი გამოჯანმრთელდა, ერთი – გარდაიცვალა.