„საბედისწერო კოეფიციენტი“: როგორ იწვევს აფხაზეთში სრულფასოვანი ციხის არარსებობა ახალ დანაშაულებს
ციხეები აფხაზეთში
რუსი ტურისტის ბოლოდროინდელმა მკვლელობამ აფხაზეთში პატიმრობის ვადებთან დაკავშირებული პრობლემა გამოააშკარავა. ედგარ აბუხბას, რომელსაც ამინა ბიკბოვას მკვლელობაში ედება ბრალი, წარსულში ჩადენილი სხვა მძიმე დანაშაულისთვის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა რეალურად სასჯელის ვადა ორჯერ ნაკლები აღმოჩნდა. საბოლოოდ, ეს მისი ახალი მსხვერპლისთვის საბედისწერო გამოდგა.
ამინას მკვლელობამ აფხაზური საზოგადოება აიძულა, უფრო მეტი ყურადღება მიექციათ, როგორ სრულდება სასამართლოს გადაწყვეტილებები. აღმოჩნდა, რომ აფხაზეთში გამოტანილი განაჩენი პატიმრობის რეალურ ხანგრძლივობაზე თითქმის არაფერს ამბობს. რესპუბლიკაში უბრალოდ არ არსებობს სრულფასოვანი ციხე, ხოლო იმას, თუ რამდენ ხანს გაატარებს ადამიანი გისოსებს მიღმა, რთული „სასჯელაღსრულების არითმეტიკა“ განსაზღვრავს, რომელშიც თავად ამ სისტემის წარმომადგენლებიც კი იბნევიან.
ბოლო ყავა
ამინა ბიკბოვას ოჯახში ერთი წესი არსებობს: საღამოს დედას უნდა დაურეკო. 26 წლის გოგონა ამ წესს ყოველთვის ზედმიწევნით იცავდა. 2026 წლის სექტემბერში ის მეგობარ ადილასთან ერთად დასასვენებლად აფხაზეთში ჩავიდა. მაგრამ ერთ საღამოს დედას არ დაურეკა და არც თავად უპასუხა ზარებს. მეორე დღეს მისი ტელეფონი კვლავ დუმდა. მაშინ ახლობლებმა გააცნობიერეს, რომ რაღაც სერიოზული მოხდა.

ამინას სიცოცხლის ბოლო დღის გარემოებები მისი ახლობლების მონათხრობიდან და მოწმეების ჩვენებებიდან არის ცნობილი, რომლებსაც აფხაზური და რუსული მედია ავრცელებს. ამინა და ადილა ხილის გამყიდველს, 25 წლის ედგარ აბუხბას, გაეცნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მან ამინას ყავის დასალევად შეხვედრა შესთავაზა. ადილას თქმით, ის მეგობრის გადარწმუნებას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო. ამინა ედგართან შესახვედრად წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
პირველ დაკითხვებზე ედგარი დანაშაულს უარყოფდა. მისი მტკიცებით, მან და ამინამ უბრალოდ ყავა დალიეს, შემდეგ კი გოგონა ვიღაცის მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. თუმცა გამოძიებამ ეს ვერსია მალევე უარყო. ედგარმა აღიარა, რომ მათ შორის კამათი მოხდა, რის შემდეგაც მან გოგონა დაახრჩო და მისი ცხედარი გზის პირას, ბუჩქებში დატოვა.
ნაცნობი გვარი

აფხაზეთის იმ მცხოვრებლებისთვის, რომლებიც ადგილობრივ კრიმინალურ ქრონიკას თვალს ადევნებენ, აბუხბას გვარი ნაცნობად ჟღერდა. 2019 წლის ივლისში სოხუმის ცენტრში 24 წლის რუს ტურისტ ქალს თავს დაესხნენ – სცემეს, გააუპატიურეს და გაძარცვეს. ყველა, ვინც საქმის მასალებს იცნობდა, ამბობდა, რომ ასეთი სისასტიკე დიდი ხანია არ ენახათ. ამ დანაშაულის ბრალდებით ედგარ აბუხბა დააკავეს. საქმის განხილვა ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა და 2021 წელს სასამართლომ მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თუ ცხრა წელს იმ დროიდან დავითვლით, როცა 2019 წელს აბუხბა საგამოძიებო იზოლატორში მოათავსეს, გამოდის, რომ ის 2028 წელზე ადრე არ უნდა გათავისუფლებულიყო. თუმცა 2026 წლის ზაფხულში ის უკვე გაგრაში ხილით ვაჭრობდა.
სასჯელის ვადები არსებობს, ციხე კი – არა
სასამართლოს განაჩენში მითითებულია, რა რეჟიმის პირობებში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი, რაც პატიმრობის ვადაზეც აისახება. თუმცა აფხაზეთში არ არსებობს სხვადასხვა რეჟიმის კოლონია, რაც გაურკვევლობას იწვევს. სასჯელის ვადებს ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარად „გადაანგარიშებენ“, იმის მიხედვით, თუ რა პირობებში გაატარა მსჯავრდებულმა დრო. საბოლოო შედეგი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი კოეფიციენტი გამოიყენეს, ამიტომ რეალური ვადა შეიძლება სასამართლოს განაჩენში მითითებულს მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.
გაიგეთ? რა თქმა უნდა, არა. ამ სისტემის გაგება ადამიანისთვის, რომელიც მის მუშაობას არ იცნობს, თითქმის შეუძლებელია. შესაბამისი უწყებების თანამშრომლებსაც უჭირთ დაუყოვნებლივ პასუხის გაცემა კითხვებზე, თუ როგორ გამოითვლება კონკრეტული სასჯელის ვადა, რამდენ ხანს გაატარებს მსჯავრდებული ციხეში და როდის გათავისუფლდება.
როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ადამიანმა, რომელსაც დოკუმენტების მიხედვით ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ამ ვადის ამოწურვამდე დიდი ხნით ადრე კიდევ ერთ ქალზე იძალადა.
ლმობიერება თუ წინდახედულობა
თუმცა ედგარ აბუხბას საქმეში კიდევ ერთი სამართლებრივი ნიუანსია. პირველი დანაშაულის ჩადენის დროს ის ჯერ სრულწლოვანი არ იყო, ხოლო აფხაზეთის კანონმდებლობის თანახმად, არასრულწლოვან ასაკში მიღებული ნასამართლობა მომავალში არ უნდა გაითვალისწინონ.
ამ წესთან დაკავშირებით ორი საპირისპირო მოსაზრება არსებობს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლოგიკით, მოზარდის საქციელმა მთელი მისი შემდგომი ცხოვრება არ უნდა განსაზღვროს. თუმცა ეს მიდგომა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ლოგიკას არ შეესაბამება, რომელიც გვკარნახობს, რომ ადამიანისგან მომდინარე, დადასტურებული საფრთხის უგულებელყოფა დაუშვებელია.
ეს დილემა ბევრ ქვეყანაში არსებობს, თუმცა იქ გათავისუფლებამდე რისკებს აფასებენ, გათავისუფლების შემდეგ კი პირს ზედამხედველობას უწესებენ. ასევე მოქმედებს შეზღუდვები სამუშაო ადგილისა და საცხოვრებლის არჩევასთან დაკავშირებით და გამოიყენება სხვა ზომებიც. აფხაზეთში კი მსგავსი მექანიზმები არ მოქმედებს.
შელახული რეპუტაცია
რაც უნდა ცინიკურად ჟღერდეს, ამ ტრაგედიის ერთ-ერთ „დაზარალებულ მხარედ“ აფხაზეთის ტურისტული სექტორიც შეიძლება მივიჩნიოთ და, შესაბამისად, რესპუბლიკის ბიუჯეტიც.
აფხაზეთი, ფაქტობრივად, რუსი ტურისტების ხარჯზე ცხოვრობს – ისინი რესპუბლიკის შემოსავლის ძირითადი წყაროა. მისთვის, როგორც ტურისტული მიმართულებისთვის, უსაფრთხო კურორტის რეპუტაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ახლა კი ამ რეპუტაციას ამინა ბიკბოვას მკვლელობამ დიდი შავი ლაქა დაასვა. მით უმეტეს, რომ ტურისტებზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის.