ვენეციის კომისიამ "გრანტების შესახებ კანონზე" კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა
გრანტების შესახებ კანონი
ვენეციის კომისიამ გრანტების შესახებ კანონზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა. საბოლოო დასკვნაში ვენეციის კომისია მტკიცედ მიიჩნევს, რომ განსახილველი კანონმდებლობა არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და განმტკიცების მიზანს.
დასკვნის მიხედვით, კანონი საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე, და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას.
25-გვერდიანი დასკვნა, რომელიც კომისიამ 9-10 ოქტომბერს გამართულ პლენარულ სესიაზე მიიღო, 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა. შეფასება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის, ელვირა კოვაჩის მოთხოვნით მომზადდა.
დოკუმენტი ეხება 2026 წლის 4 მარტს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. ცვლილებები მოიცავს „გრანტების შესახებ“ კანონს, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას.
რა წერია დასკვნაში
ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც უცხოურ გრანტებს, პოლიტიკურ საქმიანობასა და მასთან დაკავშირებულ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას არეგულირებს. კომისიის შეფასებით, კანონებში გამოყენებული ფართო და ბუნდოვანი განმარტებები აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაჭარბებულ უფლებამოსილებას ანიჭებს და შესაძლოა პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვას შეუწყოს ხელი.
კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს, განსაკუთრებით გადახედოს სისხლისსამართლებრივ სანქციებსა და ბუნდოვან ნორმებს, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებას კანონის გამოყენებისას ფართო დისკრეციას ანიჭებს.
ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა გრანტის ცნების ფართო განმარტებას უკავშირდება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, გრანტად შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ ფულადი დახმარება, არამედ ტექნიკური მხარდაჭერა, ექსპერტიზა, მომსახურება, ტრენინგები და თანამშრომლობის სხვა ფორმებიც.
ამასთან, გარკვეული სახის უცხოური დაფინანსების მისაღებად ორგანიზაციებს მთავრობის წინასწარი თანხმობა სჭირდებათ.
კომისიის შეფასებით, გრანტის ფართო განმარტებისა და წინასწარი თანხმობის მოთხოვნის ერთობლიობა ორგანიზაციებს სამართლებრივ გაურკვევლობაში ამყოფებს და ხელისუფლებას მათი საქმიანობის შეზღუდვის ფართო შესაძლებლობას აძლევს.
დასკვნაში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ნორმების ბუნდოვანი ფორმულირებები სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს არ შეესაბამება. ეს პრინციპი მოითხოვს, რომ კანონი საკმარისად მკაფიო და განჭვრეტადი იყოს, რათა მოქალაქეებმა და ორგანიზაციებმა შეძლონ საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრა.
ვენეციის კომისიის შეფასებით, დაწესებულმა შეზღუდვებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბებასა და არსებობას და, შედეგად, პოლიტიკური პლურალიზმი დააზიანოს.
კომისია ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვა და უცხოური ჩარევის თავიდან აცილება თავისთავად არ ამართლებს ფუნდამენტური უფლებების არაპროპორციულ შეზღუდვას.
ხელისუფლებამ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა
დასკვნაში ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მისი წარმომადგენლების შეხვედრაზე უარი თქვეს საქართველოს მთავრობამ, საპარლამენტო უმრავლესობამ, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო ის უწყებაა, რომლის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებაც უკვე მიღებულია.
„ვენეციის კომისია გამოთქვამს სინანულს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუჩენია სურვილი, ჩართულიყო კომისიასთან ამ დასკვნის მომზადების პროცესში, თუმცა კვლავაც მზად არის დიალოგისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტის დასკვნით ნაწილში.
ვენეციის კომისია, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა „ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად“, ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც კონსტიტუციურ და სამართლებრივ საკითხებზე მუშაობს.
ბოლო ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება კომისიას მკაცრად აკრიტიკებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ის ერთ-ერთ ყველაზე არასერიოზულ ევროპულ სტრუქტურად აქვს მოხსენიებული, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ კომისია ჩვეულებრივ პოლიტიკურ კომენტატორად გადაიქცა.
კომენტარი

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი თამთა მიქელაძე:
“მათ შორის, კომისიამ თქვამ, რომ:
1. მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო მოკლებულია სამართლებრივ სიცხადესა და განჭვრეტადობას. ისეთი ძირითადი ცნებები, როგორებიცაა „გრანტი“, „პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული“ საქმიანობა, „უცხო სახელმწიფოს ინტერესების წარმომადგენელი ორგანიზაცია“, „გამოცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირი“, „არალეგიტიმურობის აღქმის ჩამოყალიბება“ ან „სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება“, ზედმეტად ფართო და არაზუსტი ფორმულირებებით არის ჩამოყალიბებული.
2. რეპრესირების, სანქციებისა და შემოწმებების ის მექანიზმები, რომელიც კანონშია გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
კომისია მტკიცე რეკომენდაციას უწევს, ხელახლა იქნეს განხილული სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევებში. ასეთი ქმედებები უნდა რეგულირდებოდეს მხოლოდ ადმინისტრაციული ზომებით, სათანადო და მყარი საპროცესო გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში.
3. გამიყავ ეფექტს მთელს სექტორზე და საჯარო სივრცეზე ექნება პარალიზების შედეგი. სახელმწიფოს მხრიდან წინასწარი კონტროლის, ფართო მონიტორინგის უფლებამოსილებებისა და გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და თავისუფლების აღკვეთის საფრთხის პირობებში, ფიზიკურმა პირებმა და ორგანიზაციებმა შესაძლოა გონივრულად მიიჩნიონ, რომ თავი შეიკავონ კანონიერ საქმიანობაში მონაწილეობისგან, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის დაცული. შესაბამისად, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებით, აგრეთვე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებით სარგებლობა, სავარაუდოდ, შეიზღუდება არა მხოლოდ პირდაპირი აკრძალვების, არამედ, უფრო არსებითად, ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნის შედეგად, რომელშიც სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობის თანმდევი რისკები იმდენად მაღალი ხდება, რომ მათი საკუთარ თავზე აღება შესაძლოა გაუმართლებლად სახიფათოდ მიიჩნეოდეს.
დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ამავე დასკვნას ჩვენს სარჩელებზე გამოიტანს ევროპული სასამართლოც. “ქართული ოცნება” როგორც ამბობს ის მიყვება სამართლებრივ წესებს და გადაწყვეტილებებს და ვნახოთ, როგორ შეასრულებენ ამ პირობას?!”

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ონიანი:
“2026 წლის მარტში „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (და ამასთან კავშირში სხვა კანონებში, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსში) შეტანილი ცვლილებები იყო იმ დამანგრეველი ეფექტის მქონე ცვლილებები, რომლებმაც მომეტებულად და გამიზნული ბუნდოვანებით გააფართოვა გრანტის დეფინიცია, და, ე.წ. არაავტორიზებული „გრანტები“ სისხლის სამართლის დასჯადობას დაუქვემდებარა. ეს მიზნად ისახავდა ხელისუფლების ხელში კონტროლის კიდევ ერთი მძლავრი იარაღის შექმნას.
ახლა ვნახოთ, რას წერს ვენეციის კომისია ამ ცვლილებებზე.
2 თეზისით შეიძლება შეჯამდეს და ორიგინალში დასკვნის 83-ე პარაგრაფი შეგიძლიათ იხილოთ:
1. ამ ცვლილებებს არ აქვს ლეგიტიმური მიზანი.
ვენეციის კომისია ამბობს, კანონმდებლობა არ ისახავს მიზნად საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების დაცვასა და გაძლიერებას უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან.
2. სინამდვილეში, ამ ცვლილებების მიზანი კანონმდებლობის შეიარაღებაა პოლიტიკური დღის წესრიგით გაცხადებული მიზნების მისაღწევად. კერძოდ, სამოქალაქო და პოლიტიკური ოპოზიციის ჯგუფებზე მომეტებული კონტროლის დამყარება.
ვენეციის კომისიის აზრით, ცვლილებები არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე, კერძოდ კი გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე.
კანონმდებლობა ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას.
განსაკუთრებით 2026 წლის 4 მარტის საკანონმდებლო ჩარჩოს (მთლიანობაში) კუმულაციური და სისტემური გავლენის გათვალისწინებით.
აღნიშნული კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს.
ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუციური წყობილება და პოლიტიკური პარტიები უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან, განსახილველი კანონმდებლობა მათ საფუძვლიანად შერყევის რისკს ქმნის.”
რას გულისხმობს ე.წ. გრანტების კანონი
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 4 მარტს დამტკიცდა, მნიშვნელოვნად აფართოებს “გრანტის“ განსაზღვრებას და მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას, თუ ის შესაძლოა გამოყენებულ იქნას ქვეყნის შიდა ან საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, მათ შორის იმ საქმიანობებში, რომლებიც უცხო სახელმწიფოს ან პოლიტიკური ძალის ინტერესებს უკავშირდება.
კანონი ასევე აძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზედამხედველობას გრანტების გაცემასა და მიღებაზე. უცხოური იურიდიული პირის მიერ საქართველოში მოქმედი ფილიალის დაფინანსება მთავრობის თანხმობის გარეშე იწვევს სანქციებს – მათ შორის, ჯარიმას გრანტის ორმაგი ოდენობით.
გარდა ამისა, გრანტების შესახებ კანონის დარღვევამ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც გამოიწვიოს: სასჯელი მოიცავს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით.
ცვლილებები ეხება პოლიტიკურ პროცესსაც: პირებს, რომლებიც ძირითადად უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებში მუშაობენ, 8 წლის განმავლობაში ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის წევრობა. ამასთან, პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება იმ სუბიექტებზეც, რომლებიც ფორმალურად პარტიები არ არიან, თუმცა ფაქტობრივად პოლიტიკური საქმიანობით არიან დაკავებული.
საკანონმდებლო პაკეტი ასევე ამკაცრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კერძო კომპანიებისთვის, თუ ისინი საჯარო პოლიტიკურ აქტივობაში ჩაერთვებიან.
ცვლილებების ერთ-ერთ ყველაზე სადავო ნაწილად შეფასებულია სისხლის სამართლის კოდექსში დამატებული ნორმები, რომლებიც “ექსტრემიზმის“ ცნებას აფართოებს. ახალი მუხლის მიხედვით, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისკენ საჯარო მოწოდება, მათ შორის ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ან ალტერნატიული სტრუქტურების შექმნისკენ, შესაძლოა დასჯადი გახდეს.
ამასთან, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად განიხილება, რაც სასჯელის მინიმუმ ერთწლიანი გაზრდას ითვალისწინებს.
ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, ასეთი ფორმულირებები ქმნის ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და ზრდის რისკს, რომ კანონი გამოყენებულ იქნას განსხვავებული აზრისა და კრიტიკული აქტივობის წინააღმდეგ.