აფხაზეთში, გალის რაიონში, რეგიონული ტელეკომპანია „გალ-მედიას“ შენობა დაიწვა. ტექნიკის დაკარგვის შემდეგ ჟურნალისტები რეპორტაჟებს სმარტფონებით იღებენ.
ტელეკომპანია გალის რაიონში მდებარეობს, სადაც ძირითადად ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ. მას ოთხსართულიან შენობაში რამდენიმე ოთახი ეკავა. ხანძარმა გაანადგურა სამონტაჟო და ხმის ჩამწერი ოთახები, მთავარი საინფორმაციო გამოშვების სტუდია, ტექნიკა, სერვერული ოთახი და მთელი არქივი.
ვიდეოთვალთვალის კამერების ჩანაწერებით დადგინდა, რომ ცეცხლი ჭერში, ხმის შთამნთქმელი ქაფის ფენის ქვეშ გაჩნდა. ექსპერტების ვარაუდით, ხანძარი შესაძლოა ძველმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ შენობა 2016 წელს გარემონტდა, გაყვანილობა არ შეუცვლიათ.
გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კონსტანტინ პილიას თქმით, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო გამოძიებას ატარებს. შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამასთან, ექსპერტები ზარალის ოდენობას, რემონტის ღირებულებასა და საჭირო აღჭურვილობის ხარჯებს ითვლიან. რაიონული და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არხის მუშაობის აღსადგენად ზომებს უკვე იღებს.
ხანძრის შემდეგ „გალ-მედია“ მუშაობას შეზღუდულ რეჟიმში განაგრძობს. ჟურნალისტები მასალებს დროებით პირადი სმარტფონებითა და ლეპტოპებით მოამზადებენ, რაც სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გასავრცელებლად საკმარისია. ტელეკომპანიის ხელმძღვანელის, თეა არშბას თქმით, სრულფასოვანი ანალოგური მაუწყებლობა დროებით შეჩერდება.
გალის რაიონის ადმინისტრაცია ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის დროებით ფართს ეძებს, სადაც ისინი რემონტის დასრულებამდე იმუშავებენ.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას