მაღალჩინოსნების საქმე: პროკურორი ამბობს, რომ მიქაუტაძე ლილუაშვილს თანხას კაბინეტში გადასცემდა
გრიგოლ ლილუაშვილის საქმე
პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიდიოდა და სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, თანხას პირადად გადასცემდა. მისი თქმით, თანხის გადაცემა ლილუაშვილის კაბინეტში ხდებოდა. ამის შესახებ ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
პროკურორის თქმით, საქმეზე მოწმედ დაკითხულმა მიქაუტაძემ სასამართლოს უთხრა, რომ სუს-ის შენობაში შესვლისას საშვის შემოწმებისა და სხვა შესაბამისი პროცედურების გავლა უწევდა, რის შემდეგაც ლილუაშვილის კაბინეტამდე ადიოდა.
ბერძენიშვილის განცხადებით, გამოძიებას სხვა მტკიცებულებებიც აქვს, რომლებიც მიქაუტაძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორესა და სანდოობას ამყარებს. მათ შორის, დაკითხულია ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც, პროკურორის თქმით, სასამართლოს წინაშე არსებითად იგივე ინფორმაცია დაადასტურა, რაზეც მანამდე მიქაუტაძემ ისაუბრა.
მისივე თქმით, იმ პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც, გამოძიების ვერსიით, მიქაუტაძემ ლილუაშვილს თანხა გადასცა, შესაბამისი კომპანიებიდან ინფორმაცია გამოითხოვეს. ბერძენიშვილის განცხადებით, მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტტრაფიკის შესწავლამ აჩვენა, რომ ორივე პირი ერთსა და იმავე პერიოდში ერთსა და იმავე ადგილას იმყოფებოდა.
“ბრალდების მხარეს გამოთხოვილი აქვს დოკუმენტაცია ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც ეხებოდა ქრთამის გადაცემის ფაქტს“, – აღნიშნა მან.
პროკურორის თქმით, საქმეში არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა მტკიცებულებებითაც არის გამყარებული და მისი სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების ობიექტური საფუძველი არ არსებობს.
ბერძენიშვილის განცხადებით, დაცვის მხარის არგუმენტი, რომ თანხის გადაცემას სხვა პირი ფიზიკურად არ შესწრებია, საქმეზე არსებით გავლენას ვერ ახდენს. მისი თქმით, ქრთამის მოთხოვნა და გადაცემა, როგორც წესი, საჯაროდ და მრავალი ადამიანის თანდასწრებით არ ხდება.
კითხვაზე, უშუალოდ მიქაუტაძე მიდიოდა თუ არა სუს-ში და გადასცემდა თუ არა თანხას ლილუაშვილს, ბერძენიშვილმა უპასუხა: „კი, ბატონო. როგორც მოწმე აცხადებს, ასეა“.
პროკურორის თქმით, ამ მიმართულებით გამოძიებამ სხვა პირებიც დაკითხა, რომლებიც მანამდე უშუალოდ ლილუაშვილთან იყვნენ ნამყოფი. მათი ჩვენებებით, ლილუაშვილთან ვიზიტორების აყვანის პროცედურა ყოველთვის ერთნაირი არ ყოფილა.
„მოწმემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საშვის შემოწმებისა და სხვა პროცედურების გავლით ადიოდა შესაბამის კაბინეტამდე. სხვათა შორის, ამ მიმართულებით დაკითხულნი არიან სხვა პირები, რომლებიც მანამდე ნამყოფი იყვნენ უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილთან, მათი ასვლის პროცედურა რაც არის… ასევე დაცვის წევრების მიერ ფიქსირდება ასვლის პროცედურა, რომ ეს არ ხდებოდა აუცილებლად საშვით, გაჩხრეკით და ა.შ. ანუ ეს იყო სრულად ბრალდებულზე დამოკიდებული, როგორ აიყვანდა მასთან ვიზიტორს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ ეს გარემოებები და საქმეში არსებული სხვა ფაქტობრივი მონაცემები აძლიერებს მიქაუტაძის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის სანდოობას.
ბერძენიშვილის განცხადებით, მიქაუტაძის თქმით, ბიზნესმენებს ის უხსნიდა, რომ თანხის გადაცემა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ხდებოდა. პროკურორის თქმით, ეს გარემოება ერთ-ერთმა ბიზნესმენმაც დაადასტურა.
„როგორც მოწმემ განაცხადა, ბიზნესმენებს ის განუმარტავდა, რომ ეს იყო სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ეს დაკითხვისას ერთ-ერთმა ბიზნესმენმაც დაადასტურა. ეს მოცემულობა შეფუთული იყო სახელმწიფო ინტერესით, თუმცა ეს იყო მხოლოდ სახელწოდება და, რა თქმა უნდა, ცხადზე ცხადი იყო ამ პროცესში ჩართული ყველა პირისთვის, რომ ეს ყოველივე არანაირ სახელმწიფო ინტერესს არ ემსახურებოდა“, – განაცხადა პროკურორმა.
ბერძენიშვილმა ასევე დაადასტურა, რომ, გამოძიების ვერსიით, მიქაუტაძეს თანხა ლილუაშვილისთვის კაბინეტში მიჰქონდა და ის თანხას ჩანთით ატარებდა.
„კი ბატონო, ჩანთით ჰქონდა. შენობაში ყოფნას რაც შეეხება, ჩვენ დავკითხეთ დაცვის თანამშრომელი, რომელიც ადასტურებს, რომ იმავე სართულზე ნანახი ჰყავს, მაგალითად, რომეო მიქაუტაძე“, – განაცხადა მან.
ჟურნალისტებმა პროკურორს ასევე ჰკითხეს, შესაძლოა თუ არა, რომ გამოძიების მიხედვით, რომეო მიქაუტაძესაც წარედგინოს ბრალი, ვინაიდან ის თანხას ლილუაშვილთან მიიტანდა.
ბერძენიშვილის განცხადებით, საქმეში მრავალი პირის მონაწილეობა იკვეთება, თუმცა კონკრეტული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე მისი ქმედებისთვის დანაშაულის დარქმევა შეუძლებელია.
„მე წინსწრებით ვერ დავარქმევ დანაშაულს, ვიდრე ამა თუ იმ პირის მიმართ არ იქნება სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული ზოგადად და ვერ დავარქმევ კონკრეტულ ქმედებას დანაშაულს, თუნდაც გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით. მე ვსაუბრობ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით. ზოგადად, ნებისმიერ საქმეში თუ გამოიკვეთება სტანდარტი, შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება მიქაუტაძის მიერ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, პროკურორმა ამას თანამშრომლობა უწოდა. მისი თქმით, დაცვის მხარის მხრიდან იმის ხაზგასმა, თითქოს მიქაუტაძე გამოძიებასთან მხოლოდ გარკვეული ბენეფიტების მისაღებად თანამშრომლობს და ასეთი თანამშრომლობა ცალკე დანაშაულია, არასწორი მიდგომაა.
ამასთან, პროკურორმა არ გამორიცხა, რომ მომავალში რომეო მიქაუტაძის მიმართაც დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუ ამისთვის შესაბამისი სტანდარტი გამოიკვეთება.
„მე არ გამომირიცხავს, მე უბრალოდ, მოცემულობა აღვწერე, რასაც დაცვის მხარე ფუთავს ისე, რომ თითქოს ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა პირის ქმედებას კანონის შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის შესაბამისად ექნება კანონისა და სამართლის ფარგლებში გადაწყვეტილება.“ – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
წინაისტორია
რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილეა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 21 ივნისს დააკავა. სუს-ის განცხადებით, მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებოდნენ.
მიქაუტაძის საქმე თავდაპირველად კორუფციულ ბრალდებებს უკავშირდებოდა. 2026 წლის მარტში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის ფარგლებში მიქაუტაძე სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა და მისი ჩვენება ბრალდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებად განიხილება.
გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 2019 წლიდან 2025 წლის აპრილამდე იყო. მან თანამდებობა 2025 წლის 2 აპრილს დატოვა.
ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლის შემდეგ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად. ბრალდების მიხედვით, საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს, მათ შორის ორ ეპიზოდს, რომლებიც რომეო მიქაუტაძეს უკავშირდება.
ლილუაშვილს წარდგენილი ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და შესაბამისი მუხლით სასჯელი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.