თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკი აგვისტოში პირველ ვიზიტორებს მიიღებს. ზოოპარკი, რომლის მშენებლობაც 2015 წლის წყალდიდობის შემდეგ დაიწყო, ეტაპობრივად იხსნება და, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ გაგრძელდება, დამთვალიერებლებს უკვე შეეძლებათ ახალი სივრცის მონახულება.
ახალ ზოოპარკში უკვე გადავიდა თბილისის ზოოპარკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბინადარი — ბოკვერი შანი, რომელიც პირველ სტუმრებს სწორედ ახალ სივრცეში შეხვდება.
თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილის დავით თაქთაქიშვილის განმარტებით, ახალი ზოოპარკის ტერიტორია ფართოა და მისი სრულად ათვისება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ცხოველების ნაწილი უკვე გადაყვანილია, თუმცა, ვოლიერები ჯერ კიდევ შენდება. სწორედ ამიტომ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები გახსნის შემდეგაც გაგრძელდება.
ზოოპარკის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას უკვე უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ნახოს, როგორ იქმნება ახალი თაობის ზოოპარკი და რამდენად უკეთეს პირობებში იცხოვრებენ ცხოველები ახალ გარემოში.
ახალ ზოოპარკში, გახსნის ეტაპზე ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი იქნება კავკასიის ბიოგეოგრაფიული ზონა. მომავალში ახალი ზოოპარკი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის მიხედვით დაყოფილ სივრცეებს გააერთიანებს, თუმცა პირველ ეტაპზე აქცენტი სწორედ ადგილობრივ ბუნებასა და კავკასიის ფაუნაზე კეთდება.
შესვლის საფასური უცვლელი რჩება: 3 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა, 3-დან 12 წლამდე — 2 ლარი, ხოლო 12 წლიდან — 4 ლარი.
ამასთან, თბილისის არსებული ზოოპარკი ფუნქციონირებას არ წყვეტს. ცხოველების ნაწილი კვლავ ძველ ტერიტორიაზე დარჩება, ამიტომ ვიზიტორებს ორივე ზოოპარკის მონახულება შეეძლებათ. ძველი ზოოპარკი ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
ზოოპარკისთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოსა და კავკასიის უნიკალური ცხოველური სამყაროს სრულყოფილად წარმოჩენა. კავკასიის ზონაში დამთვალიერებლები იხილავენ კეთილშობილ ირემს, დომბას, დათვს, მგელსა და სხვა ადგილობრივ სახეობებს. ამავდროულად, ზოოპარკის სხვა ნაწილების განვითარება გრძელდება.
ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს აფრიკის ზონის მშენებლობა, ხოლო მომავალში ახალი ზოოპარკი ეტაპობრივად შეივსება სხვა ბიოგეოგრაფიული სივრცეებითაც.
ბოლო წლებში ზოოპარკის ფუნქციაც მნიშვნელოვნად შეიცვალა. დღეს მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბუნების კონსერვაცია, გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვა, გამრავლება და მათზე ზრუნვაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი, თანამედროვე სივრცეც, რომელიც მომავალში არა მხოლოდ დასათვალიერებელი ადგილი, არამედ ველური ბუნების დაცვის მნიშვნელოვანი ცენტრი იქნება.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია