თბილისის ცენტრში, “ევროპის მოედანზე”, ცნობილ არქიტექტურულ პროექტს, “რიყის დოქებს” ანგრევენ. შენობების დემონტაჟის ნებართვა თბილისის მერიამ გასცა.
თითქმის 15 წლის განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი შენობის ადგილას სასტუმრო კომპლექსი აშენდება. ამიერიდან, რიყის პარკის დიდი ნაწილი, დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია, კერძო საკუთრება იქნება.
„რიყის დოქებად“ ცნობილი პროექტი – მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრი, თბილისში, ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ტურისტულ უბანში, 2011-2012 წლებში აშენდა. იდეის ავტორი მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. პროექტი იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასმა დააპროექტა.
შენობა სრულყოფილად არასოდეს ამოქმედებულა. მშენებლობის დასრულება საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას დაემთხვა. “ქართულმა ოცნებამ” “რიყის დოქები”, ისევე როგორც სააკაშვილის პერიოდის სხვა არქიტექტურული პროექტები, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აითვალწუნა. “ქართული ოცნების” წევრები ამ ადგილს მოიხსენიებდნენ როგორც ნაგვის ბუდეს. უწოდებდნენ სიმახინჯეს.
ბევრწლიანი უმოქმედობის შემდეგ “რიყის დოქების” გაყიდვა გადაწყვიტეს. გამოცხადებული აუქციონი რამდენჯერმე ჩავარდა.
ბოლოს, 2022 წელს, კომპლექსი ივანიშვილთან დაახლოებულ, რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს მიჰყიდეს 10 მილიონ ლარად. მას შემდეგ, რაც ხიდაშელს დაეძაბა ურთიერთობები ხელისუფლებასთან (რაც მისთვის სხვადასხვა ბიზნესის და ლიცენზიის ჩამორთმევაში გამოიხატა), მან “რიყის დოქების” გაყიდვა გადაწყვიტა.
კომპლექსი გასულ წელს გაიყიდა. მისი ამჟამინდელი მფლობელი 2025 წლის 25 აპრილს რეგისტრირებული კომპანია „რიყე დომია”.
კომპანიამ ამ ადგილას სასტუმრო კომპლექსი უნდა ააშენოს. ვადა 2030 წლამდე აქვს. პროექტის განხორციელებაში კომპანიამ 44 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს.
კორპუფციის მკვლევრები “რიყის დოქების” გაყიდვის პროცესში კორუციის ნიშნებს ხედავენ. შენობები იმაზე გაცილებით დაბალ ფასად გაიყიდა, ვიდრე, ერთი კვადრატული მეტრის ფასია თბილისში, მითუმეტეს, ცენტრალურ, ტურისტულად დატვირთულ უბანში. “რიყის დოქების’ თავდაპირველი ღირებულება, პირველ აუქციონზე, 95 მლნ ლარი იყო.