ნაურუმ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.
უწყების ცნობით, ნაურუს კაბინეტმა 2026 წლის 21 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება “ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და “ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის გამოხატულება უწოდა და განაცხადა, რომ თბილისი მზად არის ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს.
“აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განცხადებით, საქართველო მზად არის ნაურუსთან ორმხრივი თანამშრომლობა გააძლიეროს საერთო ინტერესების საფუძველზე.
ნაურუმ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2009 წელს აღიარა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. ნაურუ ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებმაც მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ეს გადაწყვეტილება გაიზიარეს.
ნაურუ არის პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, მიკრონეზიის რეგიონში. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა როგორც ფართობით, ისე მოსახლეობით. მისი ფართობი დაახლოებით 21 კვადრატული კილომეტრია, ანუ ქვეყანა თბილისის რამდენიმე უბანზე პატარაა, მოსახლეობა კი დაახლოებით 12–13 ათასი ადამიანია.