საია და TI: პოლიციაში ძალადობის კადრები სისტემური დაუსჯელობისა და ძალადობის პოლიტიკაზე მიუთითებს
საია და TI
,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურებიან, რომელშიც პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრებია ნაჩვენები. ორგანიზაციების შეფასებით, გავრცელებული კადრები სისტემური ძალადობის ილუსტრაციაა, რაც რეჟიმის ხელწერად იქცა.
რა მოხდა
სიუჟეტი, რომელსაც ორივე ორგანიზაცია გამოეხმაურა, 12 ივნისს „ნოდარ მელაძის შაბათში“ გავიდა. ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ პოლიციაში სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, კადრებს თავად პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათებში ავრცელებდნენ, ხოლო პირი, რომელმაც აღნიშნული ფაილები მოიპოვა, მოგვიანებით დააკავეს.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვიდეოში ასახული ფაქტი 2022 წლის ზაფხულს, ქობულეთში მოხდა და მასში იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი ფიგურირებს.
სამინისტროს ინფორმაციით, საქმე მიმდინარე წლის თებერვალში გამოვლინდა, ხოლო 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ სამივე პოლიციელი ბრალდებულის სახით დააკავა.
რას ამბობს საია
საიას განცხადებით, გავრცელებული მასალა „სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას“ წარმოადგენს, რომელიც, ორგანიზაციის შეფასებით, წლების განმავლობაში ავტორიტარული მმართველობის ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშნად ჩამოყალიბდა.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ძალადობრივი და დამამცირებელი ქმედებების ვიდეოგადაღება არაერთ შემთხვევაში თავად ძალადობის პროცესის თანმდევ ელემენტად იქცა. საიას შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა შესაძლოა ემსახურებოდეს დაზარალებულთა დაშინებასა და შანტაჟს, ხოლო თავად ფაქტი მიუთითებდეს, რომ მოძალადე პოლიციელებს სისტემის მხრიდან დაუსჯელობის განცდა აქვთ.
საია ასევე აღნიშნავს, რომ 2024-2025 წლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სისტემური და მასშტაბური იყო. ორგანიზაციის თქმით, ეს დასკვნა ეფუძნება როგორც სამოქალაქო საზოგადოების მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას, ასევე სახალხო დამცველისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ანგარიშებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება
კრიტიკული შეფასება გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომაც“, რომელმაც განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოება წლების განმავლობაში მიუთითებდა საპოლიციო სისტემაში ძალის გადამეტების, არასათანადო მოპყრობისა და დაუსჯელობის პრობლემებზე და მოითხოვდა ინსტიტუციურ რეფორმებსა და ეფექტიანი საგამოძიებო მექანიზმების შექმნას.
ორგანიზაციის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნამ პრობლემა ვერ გადაჭრა, ხოლო მოგვიანებით ხელისუფლებამ ეს უწყებაც გააუქმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დამკვიდრდა პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტების იგნორირების, დაზარალებულთა მიმართ „ნულოვანი თანაგრძნობისა“ და დაუსჯელობის პოლიტიკა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დღემდე არ მომხდარა ასობით პირის მიმართ სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება.
ორგანიზაცია პასუხისმგებლობას მმართველ პარტიასა და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და აცხადებს, რომ პოლიციის ძალადობა უკვე აღარ წარმოადგენს ცალკეული თანამშრომლების თვითნებურ ქმედებებს, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილია.