"ქართული ოცნება" აღარ არსებობს" — გიორგი უძილაური საკუთარ დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს
გიორგი უძილაურის წერილი
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პრესსპიკერი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი უძილაური, რომელსაც გამოძიება ჯაშუშობას ედავება, საკუთარ დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს.
მისი მტკიცებით, ხელისუფლების ანტიდასავლური კურსის კრიტიკა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა, რის გამოც ის სამიზნედ იქცა. უძილაური ასევე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება“, რომლის შექმნაშიც თავად მონაწილეობდა, დღეს აღარ არსებობს და მმართველი გუნდი ყოფილ თანამებრძოლებს “წარბშეუხრელად სწირავს“.
ყოფილი მაღალჩინოსნის პოზიცია საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, ბექა გულედანმა გააცნო.
წერილობით განცხადებაში უძილაური საკუთარ პოლიტიკურ გზას იხსენებს და ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია იმ იდეალებს დაშორდა, რომლებმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა. მისი თქმით, ის 2011 წლიდან ბიძინა ივანიშვილის გარშემო ჩამოყალიბებული პირველი პოლიტიკური ჯგუფის წევრი იყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა.
უძილაური წერს, რომ წინა ხელისუფლების მიმართ მისი კრიტიკული დამოკიდებულება უცვლელი რჩება, თუმცა მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება“ დღეს აღარ წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის შექმნაშიც თავად მონაწილეობდა.
ის გულანთებული და ალალი მოძრაობა დღეს აღარ არსებობს, ის “ქართული ოცნება“ მკვდარია – ამბობს უძილაური.
მისი შეფასებით, დემოკრატიული ცვლილებებისა და სამართლიანობის იდეები თანდათან ჩაანაცვლა ძალაუფლების შენარჩუნების სურვილმა, ხოლო პარტიის შიგნით გავლენა მოიპოვეს ადამიანებმა, რომლებსაც ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება არ ჰქონიათ.
ყოფილი მაღალჩინოსანი განსაკუთრებულ ყურადღებას დასავლეთთან ურთიერთობების საკითხზე ამახვილებს. მისი თქმით, 2011-2012 წლებში დასავლელი პარტნიორები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ როგორც პოლიტიკური კონსულტაციების, ისე უსაფრთხოების მიმართულებით. უძილაური აღნიშნავს, რომ თავადაც თანამშრომლობდა ამერიკელ და ევროპელ სპეციალისტებთან, თუმცა, მისი შეფასებით, ხელისუფლების დღევანდელი ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე მსგავსი კავშირები უკვე ეჭვისა და ბრალდებების საფუძვლად იქცა.
“მაღალი იდეალები ჩანაცვლდა მედროვეთა ინტერესებით და სხვის მიერ მოპოვებული გამარჯვებით მიღებული ძალაუფლების შენარჩუნების დაუოკებელი წყურვილით. ხელისუფლებაში მოსულია ხალხი, ვისაც არც ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვამდე უბრძოლია სააკაშვილის რეჟიმთან და არც შემდეგ, 2011-2012 წლებში. მათთვის უცხოა იდეალებიც და გუნდურობაც. ძველი “ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთისთვის თავს სწირავდნენ, დღევანდელი “ოცნების“ ხელმძღვანელობა კი ერთმანეთს სწირავს, წარბშეუხრელად. მათ არ იციან, რომ 2011-2012 წლების ბრძოლაში და მოპოვებულ გამარჯვებაში მონაწილეობდა ის დასავლეთი, რომელსაც მათ მტრის სტატუსი მიანიჭეს.” – ამბობს უძილაური.

უძილაური აღიარებს, რომ საგამოძიებო სამსახურის პარალელურად, ორჯერ იმყოფებოდა პროევროპული სტუდენტების საპროტესტო აქციებზე რუსთაველზე, ერთხელ მოძრაობდა, ხოლო მეორედ იდგა სასტუმრო “თბილისი მარიოტსა” და გალერეას შორის. აქციის დარბევისას არაერთხელ იცვლიდა ლოკაციას. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია პროევროპულ სტუდენტებს გაზით არბევდა, სახე არ დაუმალავს. შესაბამისად, შსს-ს ჰქონდა მისი იდენტიფიკაციის საშუალება.
მისივე განცხადებით, ის წლების განმავლობაში ინფორმირებული იყო, რომ მის კომუნიკაციებსა და საქმიანობაზე კონტროლი ხორციელდებოდა, თუმცა ამის მიუხედავად საჯაროდ აკრიტიკებდა ხელისუფლების ევროპული ინტეგრაციისგან დაშორების პოლიტიკას. წერილში უძილაური იხსენებს, რომ უარს ამბობდა პარტიული დავალებების შესრულებაზე იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი მის პირად შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა, მათ შორის კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ კამპანიებში მონაწილეობაზე.
ადვოკატის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ საგამოძიებო სამსახურში დასაქმებისთანავე გაფრთხილებული იყო, რომ ისმინებოდა მისი ტელეფონები, ხდებოდა ინტერნეტ ტრაფიკის მონიტორინგი, ფიქსირდებოდა სამსახურებრივი ავტომანქანის ლოკაცია და ხორციელდებოდა სალონის მოსმენა, უძლაურს თავი არ შეუზღუდავს არც შეხვედრებში და არც საუბრებსა თუ მიმოწერებში.
“უფრო მეტიც, იგი დაუფარავი ენთუზიაზმით დასცინოდა ხელისუფლების მიერ ევროპის დისკრედიტაციისათვის გამოგონილ საფრთხობელებს (“Deep State“, “ომის პარტია“, “მასონები“, “ევროგეების საფრთხე“…), გმობდა ხელისუფლების სასტიკ პოლიტიკას პროევროპელი სტუდენტების მიმართ, რადგან ამ პოლიტიკას შედეგად მოჰყვება ახალგაზრდების მასიური გადინება საქართველოდან.” – ვკითხულობთ წერილში.
ყოფილი თანამდებობის პირი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ცდილობდა უკრაინულ მხარესთან კომუნიკაციის გაძლიერებას, რასაც, მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები უნდობლად უყურებდნენ. მისი შეფასებით, სწორედ მსგავსი პოზიციები გახდა მისი პოლიტიკური იზოლაციისა და საბოლოოდ სისხლისსამართლებრივი დევნის ერთ-ერთი მიზეზი.
უძილაური საკუთარ თავს კონსერვატორად და ქრისტიან-დემოკრატიული ღირებულებების მიმდევრად აღწერს. მისი თქმით, ეროვნული ტრადიციების დაცვა და ევროპული ინტეგრაცია ურთიერთგამომრიცხავი არ არის. ის აკრიტიკებს საქართველოს საგარეო კურსში იზოლაციონისტური ტენდენციების გაძლიერებას და მიიჩნევს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარი გარანტია ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოებაა და არა რუსეთის მიმართ დათმობებზე დაფუძნებული პოლიტიკა.
წერილის დასასრულს უძილაური აცხადებს, რომ მისი დაკავება მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე არ არის და მას უფრო ფართო პოლიტიკური გზავნილის ნაწილად მიიჩნევს. მისი შეფასებით, საქმე გაფრთხილებაა იმ საჯარო მოხელეებისთვის, რომლებიც ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციებს არ იზიარებენ და სახელმწიფო სტრუქტურებში განსხვავებული აზრის გამოხატვას ცდილობენ.
გიორგი უძილაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 5 მაისს დააკავა. პროკურატურის განცხადებით, ის უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით, მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას, რაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა.
უძილაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯაშუშობისთვის აქვს წარდგენილი. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.