სომხეთის პოლიტიკურმა ძალებმა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დიდი თანხები დახარჯეს Meta-ს რეკლამაზე
ათასობით დოლარი საარჩევნო რეკლამაზე სომხეთში
სომხეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალურ დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, პოლიტიკურმა ძალებმა Meta-ს პლატფორმებზე, Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში ასობით ათასი დოლარი დახარჯეს.
ადგილობრივი გამოცემა Factor TV-ის ინფორმაციით, 8 თებერვლიდან 8 მაისამდე პერიოდში პოლიტიკურ რეკლამაზე Meta-ს პლატფორმებზე 309 000 დოლარზე მეტი დაიხარჯა.
გამოცემის მონაცემებით, სარეკლამო ხარჯების დაახლოებით ორი მესამედი პარტია “ძლიერი სომხეთის“ ანგარიშზე მოდის. პარტია რუს მილიარდერ სამველ კარაპეტიანთან არის დაკავშირებული და მხოლოდ სამ თვეში Meta-ზე 210 322 დოლარი დახარჯა. თანხაში შედის როგორც პარტიის, ისე მასთან დაკავშირებული გვერდების რეკლამები.
Factor TV-ის კვლევა Meta Ad Library-ის მონაცემებს ეფუძნება და ასახავს, თუ როგორ ნაწილდებოდა პოლიტიკური რეკლამის ხარჯები ბოლო სამი თვის განმავლობაში.
Meta-ს ტოპ 10 რეკლამის განმთავსებელთა სიაში პირველი ოთხი ადგილი “ძლიერი სომხეთის“ და მასთან დაკავშირებულ გვერდებს ეკავათ. მათ შორის იყვნენ “ახალგაზრდული სტრუქტურა/ძლიერი სომხეთი“, “სამველ კარაპეტიანი“ და “შენი გზით“.
გვერდი “შენი გზით“ უკავშირდება მოძრაობას, რომელიც სამველ კარაპეტიანის მხარდამჭერებმა 2025 წლის ივნისში, მისი დაკავების შემდეგ შექმნეს. სახელწოდება თავად კარაპეტიანის განცხადებას უკავშირდება, რომელიც მან ხელისუფლებასა და სომხურ ეკლესიას შორის დაძაბულობის კონტექსტში გააკეთა.
კარაპეტიანმა მაშინ განაცხადა, რომ თუ პოლიტიკური ძალები ვითარების მოგვარებას ვერ შეძლებდნენ, მისი მხარდამჭერები “თავიანთი გზით“ ჩაერეოდნენ პროცესში. ხელისუფლებამ ეს განცხადება ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოწოდებად შეაფასა, რის შემდეგაც კარაპეტიანი დააკავეს. ის ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობს.
სამ თვეში “ძლიერი სომხეთის“ და მასთან დაკავშირებულმა გვერდებმა Meta-ზე 168 რეკლამა განათავსეს და საერთო ჯამში 210 322 დოლარი გადაიხადეს.
მმართველმა პარტიამ “სამოქალაქო კონტრაქტმა“ 146 რეკლამაზე 47 882 დოლარი დახარჯა. სარეკლამო ხარჯების მიხედვით პარტია მეორე ადგილზე გავიდა. მის შვილობილ გვერდებს შორის დასახელებულია “C News“, “Civic“, “Tigran Avinyan“ და “Youth Structure/Civil Contract“.
მესამე ადგილზე ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის გვერდი აღმოჩნდა, რომელმაც 86 რეკლამაზე 27 958 დოლარი დახარჯა.
მეოთხე პოზიცია ყოფილ ომბუდსმენს, არმან ტატოიანს, და მის პარტიას, “ერთიანობის ფრთებს“ ერგოთ. თებერვლიდან მაისამდე პერიოდში პარტიამ 54 რეკლამა განათავსა და 15 043 დოლარი გადაიხადა.
ბოლო თვეებში აქტიურად რეკლამდებოდა პარტია “სიცოცხლისთვისაც“. პარტიისა და მისი წარმომადგენლების, მესროპ არაქელიანისა და მანე თანდილიანის გვერდებზე ჯამში 540 ფასიანი რეკლამა გამოქვეყნდა, რისთვისაც 9 923 დოლარი დაიხარჯა.
სამოქალაქო ინიციატივა “ჰაიაქუემ“ Meta-ს პლატფორმებზე 648 პოსტის გასავრცელებლად 4 298 დოლარი გადაიხადა.
არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკურ ძალებს შედარებით მცირე ხარჯები ჰქონდათ:
- რესპუბლიკური პარტია — 3 081 დოლარი 79 პოსტისთვის;
- ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსი — 698 დოლარი 9 პოსტისთვის;
- ანდრანიკ ტევანიანი — 513 დოლარი 47 რეკლამისთვის;
- ჰაიკ მარუტიანი — 503 დოლარი ერთი პოსტისთვის;
- არმან ბაბაჯანიანი — 282 დოლარი 30 რეკლამისთვის.
Factor TV აღნიშნავს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური რეკლამის ხარჯებიც იზრდება.
გამოცემის მონაცემებით, “ძლიერი სომხეთის“ გვერდმა სამ თვეში 183 548 დოლარი დახარჯა, საიდანაც 128 550 დოლარი მხოლოდ ბოლო თვეზე მოდის.
მმართველი პარტიის, “სამოქალაქო კონტრაქტის“ ოფიციალურმა გვერდმა იმავე პერიოდში 44 444 დოლარი დახარჯა, მათგან 35 212 დოლარი ბოლო თვეში.
ანალოგიური ტენდენცია შეინიშნებოდა რობერტ ქოჩარიანის შემთხვევაშიც: სამი თვის განმავლობაში რეკლამაზე დახარჯული 27 958 დოლარიდან 21 630 დოლარი ბოლო თვეში დაიხარჯა.