პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი: ახალი კანონები საქართველოში დამოუკიდებელ მედიას პარალიზების საფრთხეს უქმნის
რეპრესიული კანონები საქართველოში
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI) მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მიღებასა და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობას მნიშვნელოვნად ზღუდავს და გარკვეულ შემთხვევებში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს ცვლილებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის მუშაობას და შესაძლოა მისი საქმიანობის პარალიზებაც გამოიწვიოს.
IPI აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები მნიშვნელოვნად აფართოებს სახელმწიფოს კონტროლს უცხოურ დაფინანსებაზე და შესაძლო სისხლისსამართლებრივ სანქციებს აწესებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან დონორებთან თანამშრომლობისთვის. ორგანიზაციის თქმით, ცვლილებები ასევე ეხება ხელისუფლების ლეგიტიმურობის საჯარო კრიტიკასაც, რაც კრიტიკული ჟურნალისტიკისთვის დამატებით ცენზურულ გარემოს ქმნის.
ორგანიზაციის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები არსებითად აფართოებს “გრანტის“ განმარტებას და მასში პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის უცხოურ ფინანსურ დახმარებას აქცევს, თუ იგი “ბუნდოვნად განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზნებთან” იქნება დაკავშირებული. ასეთ დაფინანსებას მთავრობის თანხმობა დასჭირდება, ხოლო წესების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის პატიმრობაც, იქნება შესაძლებელი.
IPI-ის თქმით, ეს რეგულაციები პირდაპირ შეეხება იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც საერთაშორისო დაფინანსებას იღებენ ჟურნალისტური პროექტებისთვის, ტრენინგებისთვის ან პროფესიულ კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად.
ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კანონში შეტანილ “ექსტრემიზმის“ მუხლზეც. ახალი რეგულაციით, ხელისუფლების ლეგიტიმურობის “სისტემატური“ კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ფიზიკური პირებისთვის სამ წლამდე პატიმრობით შეიძლება დაისაჯოს. ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს, მსგავსი ბრალდებების შემთხვევაში შესაძლოა დაეკისროთ მძიმე ჯარიმები ან დაემუქროთ იძულებითი დახურვა.
IPI-ის შეფასებით, ეს ცვლილებები ემატება იმ საკანონმდებლო ნაბიჯების მზარდ ჩამონათვალს, რომლებიც 2024 და 2025 წლებში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას ზღუდავს.
ორგანიზაცია აცხადებს:
რეპრესიული და არადემოკრატიული კანონმდებლობის მიღება, ფართომასშტაბიან პოლიტიკურ დევნასთან ერთად, უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევს ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის კანდიდატია და ოდესღაც სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის მაგალითად მიიჩნეოდა.
IPI ასევე ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად იყენებს “რუსული ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელ მეთოდებს“ კრიტიკოსების გასაჩუმებლად, ადამიანის უფლებების შესაზღუდად და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებისთვის.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საკანონმდებლო პაკეტი მიღებულ იქნა იმავე დღეს, როდესაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა IPI-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირად დასახელებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ორწლიანი პატიმრობის გასაჩივრების განხილვაზე. IPI-ის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ხელისუფლების განზრახვაზე, მკვეთრად შეამციროს სივრცე დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს აღნიშნული კანონები და შეწყვიტოს მედიის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა.
ამასთან, ორგანიზაცია ევროკავშირსა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მკაცრად უპასუხონ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე განხორციელებულ ზეწოლას, მათ შორის მიზნობრივი სანქციების გამოყენებით. IPI-ის თქმით, ასეთი ზომები უნდა შეეხოს არა მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, არამედ ყველა გადაწყვეტილების მიმღებ პირსა და მოსამართლეს, რომლებიც მედიის თავისუფლების შეზღუდვაში მონაწილეობენ.
ორგანიზაცია ასევე ითხოვს, რომ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმმა“ პირდაპირ შეაფასოს ახალი საკანონმდებლო პაკეტი. მათი აზრით, ამ პროცესმა ეუთოს წევრ ქვეყნებს უნდა უბიძგოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ საქართველოში არსებული ვითარების გამოსასწორებლად, ხოლო ვენეციის კომისიამ დამატებითი მონიტორინგი უნდა განახორციელოს.
IPI-ის განცხადებით, მედიისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების ფუნდამენტური საფუძველია და ისინი ცენტრალურ ადგილს უნდა იკავებდეს საქართველოს ურთიერთობებში ევროკავშირსა და საერთაშორისო პარტნიორებთან.
კონტექსტი
4 მარტს, “ქართულმა ოცნებამ” მესამე მოსმენით მიიღო ე.წ. გრანტების კანონი, რომელიც ასევე მათი ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებასაც გულისხმობს. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 316-ე პრიმა მუხლი – ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რაც ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
გარდა ამისა, ახალი ცვლილებებით, მეწარმე იურიდიული პირი “პოლიტიკური აქტივობისთვის” პირველ ჯერზე 20 000 ლარით დაჯარიმდება, შემდგომი შემთხვევა კი 3 წლამდე ვადით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
ხელისუფლება ასევე სისხლისსამართლებირვი წესით დასჯადს ხდის გარე ლობიზმს, ცვლილებები შეიტანა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში, რომლის მიხედვითაც, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.