ახალი წელი ზოოპარკის ბინადრებისთვისაც დგება. ლელიანის კატებს ზოოპარკის თანამშრომლებმა ვოლიერიც კი მოურთეს.
ლელიანის კატები ბუნებრივად ღამით უფრო აქტიურები არიან, თუმცა ჩვენი ზოოპარკის ბინადრები არც დღე ზარმაცობენ. უყვართ ხის ტოტებზე და ფიცრებზე ძრომიალი. ახალმა ნივთმა მათი დიდი ინტერესი გამოიწვია.
ამ ვიდეოში ნახავთ როგორ ერთობიან კატები საახალწლო დეკორაციით.
ლელიანის კატა საშუალო ზომის მტაცებელი ცხოველია. ის ზომით შინაურ კატაზე ცოტა დიდია და საქართველოში ძირითადად ალაზნის ჭალებში ბინადრობს. ლელიანის კატას დიდი და მომრგვალო ყურები აქვს. ყურების ბოლოებზე შავი ბალნის ფუნჯია, რითაც ის ფოცხვერს წააგავს.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.