პაპა პული ბერბერული მაკაკაა, თბილისის ზოოპარკის ყველაზე მზრუნველი ბინადარი. ბერბერული მაკაკები ჯოგებად ცხოვრობენ, ეს სახეობა მზრუნველი და მეგობრული ქცევით ხასიათდება, მაკაკა პაპა პული კი ამ მხრივ გამორჩეულია. ოჯახის მთავარი მამრი განსაკუთრებით ყურადღებიანი და მზრუნველი მამიკოა. ის ყველა ახალშობილზე ერთნაირად ზრუნავს. პატარებს მთელი დღის განმავლობაში ჩახუტებულს ატარებს და დედებს მხოლოდ მაშინ უბრუნებს, როდესაც ახალშობილებს კვება სჭირდებათ.
სახელი “პაპა პული” მომვლელებმა სწორედ მისი მზრუნველი ხასიათის გამო შეარქვეს. Papa Poule ფრანგული გამოთქმაა და სიტყვა-სიტყვით კრუხ მამას ნიშნავს. ფრანგები ასე ზედმეტად მზრუნველ მამებს ეძახიან.
არანაკლები მზრუნველობით ხასიათდებიან დედა მაიმუნებიც. ჩვილებს დედების მზურნველობა განსაკუთრებით პირველი ექვსი თვე სჭირდებათ, სანამ მათი ძირითადი საკვები დედის რძეა.
თბილისის ზოოპარკში ამჟამად 19 ინდივიდი ცხოვრობს.ველურ ბუნებაში ისინი ძირითადად მცენარეული ნაყოფით იკვებებიან, თუმცა ზოოპარკში უფრო განებივრებულები არიან. განსაკუთრებით უყვართ ხილი, თხილი, მზესუმზირა, ხაჭო და მწვანილი.
ბერბრული მაკაკა, იგივე მაგოტი, უკუდო ვიწროცხვირა მაიმუნია. სხეული დაფარული აქვს ხშირი მუქი-ყვითელი ბალნით, ხშირად მოწითალო ელვარებით. 4-5 წლის ასაკში მაგოტები ზრდასრულ ასაკს აღწევენ და სულ 20 წელს ცხოვრობენ.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.