სტუ-ს აკადემიური საბჭო: არ ვეთანხმებით უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვას, მათ შორის თსუ-თან შესაძლო შერწყმას
გაზიარება
გაზიარება
სტუ-ის აკადემიური საბჭო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში შესაძლო შერწყმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების მონაწილეობის გარეშე, საფრთხეს უქმნის მის ავტონომიას.
აკადემიური საბჭო ხელისუფლებას მოუწოდებს, შეაჩეროს რეორგანიზაციის პროცესი მანამდე, სანამ არ ჩატარდება საფუძვლიანი კვლევა და არ გაიმართება რეალური განხილვა საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან.
საქართველოს ხელისუფლება უმაღლესი განათლების მასშტაბურ რეფორმას იწყებს, რომლის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რეორგანიზაციის გზით გაერთიანდება.
მთავრობის თქმით, მიზანია სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამების ბაზრის მოთხოვნებთან მორგება, ხარისხის კონცენტრაცია და კურსდამთავრებულებისთვის კონკურენტუნარიანი, მაღალანაზღაურებადი პროფესიების შეთავაზება.
ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებასა და რეფორმას, თუმცა კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უნივერსიტეტის ნების გვერდის ავლით მიღებულ გადაწყვეტილებებს. საბჭოს შეფასებით, უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებულ პრინციპებს.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აკადემიური საბჭოს, სენატის, სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების მონაწილეობის გარეშე განხორციელებული რეორგანიზაცია არა მხოლოდ ადმინისტრაციული ცვლილებაა, არამედ პირდაპირი ჩარევაა აკადემიურ თავისუფლებაში.
უნივერსიტეტი მთავრობასა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სთხოვს, დროებით შეაჩერონ კანონქვემდებარე აქტების მიღება, რომლებიც უნივერსიტეტების რეორგანიზაციას ეხება, ვიდრე არ დასრულდება საჭიროებების კვლევა და არ ჩამოყალიბდება საერთო პოზიცია საუნივერსიტეტო საზოგადოების ფარგლებში.
ამავე დროს, ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს მზადყოფნას, ნებისმიერ ფორმატში ჩაერთოს ხელისუფლებასთან დიალოგში. მათი თქმით, მიზანი არა კონფრონტაცია, არამედ საქართველოში უკვე არსებული ძლიერი საინჟინრო სკოლის გაძლიერებაა ეროვნული უმაღლესი განათლების კონცეფციის ფარგლებში.
104-წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ათასობით თანამშრომლისა და სტუდენტის პოზიციას და რეფორმა განხორციელდება არა ზემოდან ნაკარნახევად, არამედ პარტნიორობის პრინციპით.
აკადემიური საბჭოს დადგენილებას მხარი დაუჭირა 36-მა წევრმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. დოკუმენტი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში.