სტაბილურობის ილუზია: რატომ ვერ აგვარებს აფხაზეთი ენერგოკრიზისს იმპორტით
აფხაზეთს ენერგეტიკული კრიზისი
ამ ზამთარს, რამდენიმე წლის შემდეგ პირველად, აფხაზეთში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვები არ დაფიქსირებულა. ფორმალურად ეს შეიძლება სტაბილურობის ნიშნად გამოიყურებოდეს, თუმცა ენერგეტიკული კრიზისი არსად გამქრალა. დეფიციტი უბრალოდ სხვა გზით იფარება – რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით, რაც სოხუმის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწევს.
ენერგოსისტემის პრობლემები კვლავ სისტემურ ხასიათს ატარებს: შეზღუდული გენერაცია, გაცვეთილი ქსელები და სწრაფად მზარდი კომერციული მოხმარება აფხაზეთს ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ენერგეტიკულ სივრცედ აქცევს რეგიონში.
ამ ფონზე, ოპოზიციური Telegram-არხი “აფხაზეთის ანალიტიკური ცენტრი“ ენერგეტიკული კრიზისის მოგვარების ალტერნატიულ ხედვას აქვეყნებს და ხელისუფლების მიდგომას სტრატეგიულად მცდარად აფასებს.
ჯგუფის შეფასებით, მთავრობა პრობლემას ცალმხრივად უყურებს: ყურადღებას მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოების ზრდაზე ამახვილებს, მაშინ როდესაც სისტემის მთავარი სისუსტე მოხმარების უკონტროლო ზრდაშია.
“ენერგიის წარმოების გაზრდა მოხმარების მართვის გარეშე დეფიციტის გადაჭრას არ ნიშნავს. ახალი რესურსი სწრაფად იწოვება და შედეგი ისევ გათიშვებია“, – წერენ ანალიტიკოსები.
ენერგოეფექტურობა როგორც პოლიტიკა და არა ლოზუნგი
“აფხაზეთის ანალიტიკური ცენტრის“ აზრით, პირველი ნაბიჯი უნდა გახდეს ენერგოეფექტურობისა და დაზოგვის შესახებ კანონის მიღება. იდეა მარტივია: სანამ ქვეყანა დამატებით მეგავატებს ეძებს, უნდა ისწავლოს არსებული რესურსის რაციონალური გამოყენება.
საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ცენტრი ამტკიცებს, რომ თანამედროვე ენერგეტიკა ინტენსიური განვითარების გზით მიდის – ანუ ნაკლები დანაკარგი, უკეთესი მართვა და მოქნილი ტარიფები უფრო ეფექტიანია, ვიდრე მხოლოდ ახალი გენერაციის მშენებლობა.
აფხაზეთის პირობებში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: სოხუმს არ გააჩნია “უსაფრთხოების ბადე“ — არც სარეზერვო გენერაცია, არც მდგრადი ქსელები და არც სტაბილური ფინანსური რესურსი იმპორტის უსასრულოდ გასაგრძელებლად.
დიფერენცირებული ტარიფები: ვინ რამდენი უნდა გადაიხადოს
კრიზისის მეორე საყრდენი, ანალიტიკოსების აზრით, დიფერენცირებული ტარიფების შემოღებაა. დღეს მოქმედი ერთიანი ტარიფი, მათი შეფასებით, არაეფექტურ მოხმარებას ახალისებს და არ ასახავს მომხმარებლების რეალურ დატვირთვას სისტემაზე.
ცენტრი რამდენიმე კატეგორიას გამოყოფს:
ბინები და კერძო სახლები — სოციალური სეგმენტი, სადაც უნდა მოქმედებდეს დაბალი სოციალური ტარიფი მოხმარების მოცულობის მიხედვით, სუბსიდიებისა და შეღავათების მექანიზმებით.
სასტუმროები და ტურისტული კომპლექსები — მაღალი მოგება და პიკური დატვირთვა. აქ კომერციული ტარიფი უნდა გაიზარდოს მოხმარებასთან ერთად. სწორედ ეს სექტორი ქმნის დღეს სისტემურ დეფიციტს.
საცხობები და კვება — ენერგომოხმარება მაღალია, მაგრამ სტრატეგიული მნიშვნელობის გამო მათთვის სპეციალური საწარმოო ტარიფია საჭირო, რათა ენერგიის ფასი არ გადაიზარდოს სოციალური პროდუქტის გაძვირებაში.
რესტორნები, საუნები, ავტოსამრეცხაოები, გასართობი ობიექტები — სრულად კომერციული მომხმარებლები სოციალური ფუნქციის გარეშე, რაც ნიშნავს სრულ კომერციულ ტარიფს მოცულობის მიხედვით.
სკოლები, საავადმყოფოები, ბაღები — სოციალური ინფრასტრუქტურა, შეღავათიანი ტარიფით და სავალდებულო ენერგოაუდიტით.
რეფორმა ინვესტიციის გარეშე
დიფერენცირებული ტარიფების იდეა ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული, მაგრამ ტექნიკურად მარტივი ნაბიჯია. ინვესტიციები არ სჭირდება – საჭიროა მენეჯმენტური გადაწყვეტილებები:
- მომხმარებელთა კატეგორიების განსაზღვრა;
- მკაფიო გამიჯვნა სოციალურ და კომერციულ სექტორებს შორის;
- აღრიცხვისა და კონტროლის გამკაცრება;
- მსხვილი მომხმარებლების ენერგოაუდიტი.
“ამ ნაბიჯების გარეშე ნებისმიერი საუბარი ახალი გენერაციის შესახებ ისევ ერთსა და იმავე წრეზე იტრიალებს – იმპორტზე დამოკიდებულებასა და მუდმივ გათიშვებზე“, – წერენ ანალიტიკოსები.
კრიზისი, რომელიც პოლიტიკურ არჩევანს მოითხოვს
აფხაზეთის ენერგეტიკული პრობლემა მხოლოდ ტექნიკური არ არის. ის პოლიტიკური არჩევანის საკითხიცაა: ვინ უნდა დააფინანსოს სისტემა, მოსახლეობამ თუ კომერციულმა სექტორმა; უნდა იზრდებოდეს წარმოება უსასრულოდ თუ უნდა შეიცვალოს მოხმარების კულტურა.
“ენერგოეფექტურობის კანონისა და დიფერენცირებული ტარიფების გარეშე ენერგეტიკის განვითარება აფხაზეთში უბრალოდ შეუძლებელია“, — ასკვნის “აფხაზეთის ანალიტიკური ცენტრი“.
ზამთარი გათიშვების გარეშე შეიძლება სიმშვიდის ილუზიას ქმნიდეს, მაგრამ იმპორტზე დამყარებული სტაბილურობა მყიფეა. რეალური რეფორმა კი იწყება არა ახალი ელექტროსადგურებით, არამედ იმ კითხვით, თუ ვინ, როგორ და რამდენს მოიხმარს.