საქართველო-ევროკავშირის შეხვედრა, სავარაუდოდ, სანქცირებული პირის გამო გადაიდო. რას ამბობს საგარეო უწყება
გაზიარება
გაზიარება
საქართველო-ევროკავშირის შეხვედრა
18 ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. გამოცემა “რეალპოლიტიკას” ცნობით, შეხვედრის გაუქმების მიზეზი ქართულ დელეგაციაში მყოფი სანქცირებული პირი იყო.
ტელეკომპანია “ფორმულამ” გაარკვია იმ პირების ვინაობა, ვინც სავარაუდოდ სანქციების გამო ბრიუსელმა ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეუშვა. წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი არის “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის სანქცირებული მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე. ჟურნალისტების არაერთი ჩაკითხვის მიუხედავად, დარახველიძემ არ გასცა პირდაპირი პასუხი, მოიაზრებოდა თუ არა ზემოხსენებულ დელეგაციაში, თუმცა ეს ცნობა არ უარუყვია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის გაუქმების შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირმა გადადო ზემოხსენებული შეხვედრა “სრულიად მიუღებელი” და გაუმართლებელი საბაბით.
განცხადების თანახმად, ჩნდება ეჭვი, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი. უწყება წერს, რომ ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც გამოყენებულ იქნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისთვის.
“ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.
იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე ევროკავშირის მხარემ ყველა დონეზე შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი, ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრას განიხილავდა, როგორც ევროკავშირთან ჩართულობის შესაძლებლობას, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელზეც ჩვენს საზოგადოებას ხშირად ესმის ბრიუსელის კრიტიკა.
ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო გაწია იმისათვის, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ევროკავშირის მხარისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყოფილიყო შესაძლებელი და სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით შედგა საქართველოს დელეგაციაც შესაბამისი უწყებების მონაწილეობით.
სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მონდომების მიუხედავად, ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით.
აღნიშნული საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება, საფუძვლიან ეჭვს აჩენს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი და ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც გამოყენებულ იქნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისთვის.
ქართული მხარე კონსტრუქციული მიდგომის ერთგულია და მიიჩნევს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობებში დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ბრიუსელის მხრიდან შეწყვეტილი დიალოგის სრულად განახლების შემდეგ განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგის ფორმატებში ჩართვას”. – ნათქვამია განცხადებაში.