"ქართული ოცნება" ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიას იწვევს
ეუთო/ოდირის მისია
“ქართული ოცნება” 4 ოქტომბერს გასამართ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიას იწვევს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
13 აგვისტოს ფორმულას ეუთო/ოდირში განუცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდებიან.
“ეფექტური სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებისა და დამკვირვებლების განლაგებისთვის დარჩენილი შეზღუდული დროის გათვალისწინებით, ODIHR-ს აღარ შეუძლია ჩაატაროს ყოვლისმომცველი და შინაარსიანი არჩევნების დაკვირვება.” – აცხადებს ეუთო/ოდირის სპიკერი კატია ანდრუში ფორმულასთან.
კობახიძე ირწმუნება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის გამო ეუთო/ოდირი ქართული ოპოზიციისა და ასევე ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების მხრიდან ზეწოლის ქვეშ მოექცა და ამბობს, რომ წელს ეს ზეწოლა უფრო გაიზრდება.
“ყველას გახსოვთ, რომ ამ დასკვნის გამო, ეუთო/ოდირი არაერთხელ იქცა რადიკალური ოპოზიციისა და მისი უცხოელი პატრონების თავდასხმის ობიექტად. მათ შორის, ეუთო/ოდირის შარშანდელი დასკვნის მიმართ უხეში უპატივცემულობა ევროპელმა და ყოფილმა ამერიკელმა ბიუროკრატებმაც გამოხატეს.
სამწუხაროდ, ასეთია ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელი სახე. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობენ სამართალს და დემოკრატიას, თუ არჩევნებში მათი ფავორიტი ძალა, საქართველოს შემთხვევაში – კოლექტიური ნაცმოძრაობა იმარჯვებს. სხვა შემთხვევაში, დემოკრატია და ხალხის ნება მათი აგრესიული თავდასხმის ობიექტი ხდება, როგორც ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაშიც ვიხილეთ. ევროპული ბიუროკრატიის ამგვარი მიდგომის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ წელს ეუთო/ოდირის მისიაზე განხორციელდება კიდევ უფრო მძიმე ზეწოლა, ვიდრე ამის მომსწრე შარშან გავხდით. შესაბამისად, გვესმის, რომ საქართველოში მოწვევით, ეუთო/ოდირს სერიოზული გამოწვევის წინაშე ვაყენებთ.” – ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, ყველა გარემოების მიუხედავად, მათ შორის, მიუხედავად იმისა, რომ “რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა არც ჩვენი მოწოდების შემდეგ გამოხატეს პატივისცემა” ეუთო/ოდირის შარშანდელი დასკვნის მიმართ”, იმისათვის, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ.
“ვიმედოვნებთ, რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად, ეუთო/ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს. საქართველოს მთავრობა ადასტურებს სრულ მზაობას, ეუთო/ოდირის მისიას არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის, ტრადიციისამებრ, ყველა პირობა შეუქმნას.” – განაცხადა კობახიძემ.
2024 წლის 20 დეკემბერს ეუთო/ოდირმა საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ არჩევნები შემაშფოთებელ ფონზე მიმდინარეობდა.
● დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველზე ზეწოლაზე. მათივე ცნობით, არჩევნები OSCE/ODIHR-ის მიერ გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულა.
● ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბოლო პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ნეგატიური გავლენა მოახდინა ძირითად თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, შეამცირა საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და გაზარდა ამომრჩეველზე ზეწოლა.
● მათი განმარტებით, ეს საკითხები, არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებთან ერთად, გავლენას ახდენდა ამომრჩეველთა ნაწილზე, რომელთაც შეეშინდათ, რომ ხმის მიცემისას რეპრესიების მსხვერპლი გახდებოდნენ.
● ODIHR-მა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ საჩივრები არასაკმარისად განიხილებოდა, რაც სამართლებრივი საშუალებების შეზღუდვას იწვევს, და ისიც, რომ საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლა და მასობრივი დაკავებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების საერთაშორისო ვალდებულებების დაცვის თვალსაზრისით.
● ეუთო ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის აუცილებელია ამ პრობლემების გადაჭრა დემოკრატიული პრინციპების დასაცავად.