აფხაზ მუსიკოსს კუჯბას რუსეთში შესვლის უფლება მიეცა
რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა, რომელიც აფხაზეთში ცნობილ მუსიკოსს, ბარას კუჯბას ექვსი თვის წინ დაუწესდა, გაუქმედა. აფხაზურმა ოპოზიციამ ეს „ცვლილებების ნიშნად” აღიქვა.
პიანისტმა და დირიჟორმა ბარას კუჯბამ მოსკოვიდან ვიდეომიმართვა ჩაწერა, რითაც მიანიშნა, რომ მის მიმართ დაწესებული პირადი სანქციები გაუქმებულია.
ათი წლით ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა, რუსეთმა ბარას კუჯბას 2025 წლის დასაწყისში დაუწესა. ეს, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო მუსიკოსის მონაწილეობასთან 2024 წლის 15 ნოემბრის მოვლენებში.
იმ დღეს ოპოზიციამ, რომელიც რუსეთ-აფხაზეთს შორის უკიდურესად არახელსაყრელი საინვესტიციო შეთანხმებით იყო აღშფოთებული, სოხუმში მთავრობის შენობათა კომპლექსი დაიკავა და მაშინდელი პრეზიდენტი ასლან ბჟანია აიძულა ნაადრევად გადამდგარიყო.
ასლან ბჟანიამ და მისმა გარემოცვამ განაცხადეს, რომ გადატრიალება ორგანიზებული იყო „ანტირუსული ძალების მიერ, უცხოური სადაზვერვო სამსახურების დახმარებით“. ეს ნარატივი მოგვიანებით ფართოდ გავრცელდა რუსულ მედიაში, რასაც მოჰყვა მოსკოვის მხრიდან სანქციების დაწესება რამდენიმე აფხაზი ოპოზიციონერის, ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტისთვის.
მათ შორის, პარლამენტის წევრს კან კვარჩიასა და აფხაზეთის გმირს ლეუნ მიკაას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს; ჟურნალისტები ინალ ხაშიგი, იზიდა ჭანია და ნიზფა არშბა რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოეთის აგენტებად გამოაცხადა. ხოლო რამდენიმე სხვა აფხაზეთის მცხოვრებს, მათ შორის ბარას კუჯბას, ათი წლით აუკრძალეს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა.
ახლა კი, ამ „სადამსჯელო ზომებიდან“ ერთი მაინც გაუქმებულია.
„ფაქტი, რომ ბარას კუჯბა მოსკოვშია, მხოლოდ ჟესტი არ არის, ეს ცვლილებების ნიშანია. ტყუილები და ინსინუაციები, რომლებსაც ასლან ბჟანია და მისი გარემოცვა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ავრცელებდა, ქრება“.
რუსეთთან ურთიერთობებისადმი ზრუნვის საბაბით, ყოფილმა პრეზიდენტმა შექმნა სისტემა, რომლის მიხედვითაც ყველას, ვინც მის ჩუმ გამდიდრებას ხელს უშლიდა, იარლიყს აკრავდა. სინამდვილეში კი პირიქით მოხდა – სამიზნედ იქცნენ ისინი, ვისაც ნამდვილად სურდა აფხაზეთსა და რუსეთს შორის გულწრფელი და ძლიერი ურთიერთობები.
„დღეს, ახალ პოლიტიკურ პარადიგმაში, სიმართლე იკვეთება. საკითხები ხელახლა განიხილება“, – ასკვნის ოპოზიციური ტელეგრამ არხი „Respublika“.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
აფხაზ მუსიკოსს კუჯბას რუსეთში შესვლის უფლება მიეცა