ოცნების პოლიტსაბჭო ევროპარლამენტის რეზოლუციას განცხადებით პასუხობს და მასაც "დიფ სთეითის გავლენებს" უკავშირებს
ოცნების პოლიტსაბჭო დიფ სთეითზე
ქართული ოცნების პოლიტსაბჭო განცხადებით ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის სანქცირებასა და ოცნების არაღიარებაზეა საუბარი და მასაც “დიფ სთეითის” გავლენებს უკავშირებს.
ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებით, “ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია” და “ან “დიფ სთეითი” გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს “დიფ სთეითის” გავლენას”.
“ქართული ოცნების” განცხადება
“ჯერ კიდევ 2023 წლის 26 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა: „ეს გადამწყვეტი ბრძოლაა. ან “დიფ სთეითი” გაანადგურებს ამერიკას, ან ჩვენ უნდა გავანადგუროთ “დიფ სთეითი”.
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში აქტიურად ჩაება და ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას “დიფ სთეითის” განადგურების საქმეში.
ჩვენი მხრივ, დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან “დიფ სთეითი” გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს “დიფ სთეითის” გავლენას.
როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას “დიფ სთეითის” წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს “დიფ სთეითის” მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით.
ასევე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის გუშინდელი განცხადება – “ევროპული ინსტიტუტების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია”.
ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია.” – წერია განცხადებაში.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 13 თებერვალს დაამტკიცა, რომელიც არ აღიარებს “ქართული ოცნების” მთავრობის ლეგიტიმაციას, მოითხოვს მასთან დაკავშირებული ელიტისთვის სანქციების დაწესებასა და აქციების დროს დაპატიმრებულების გათავისუფლებას.
ახალი რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარებმა გააფართოვეს იმ ადამიანების სია, ვისთვისაც ევროპული სანქციების დაწესებას ითხოვენ. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, “საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლოა მიღწეულ იქნას მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით”.
პროექტში საუბარია პოლიტპატიმრებზე, მათ შორის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის პოლიტიკურ პატიმრობაზე.
ამასთან, რეზოლუციაში ვკითხულობთ მოწოდებას იმის შესახებ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, მოიწვიოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რათა წარმოადგინოს საქართველო ევროპის საბჭოს მომავალ სხდომასა და ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მომავალ სამიტზე.
ევროპარლამენტის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი ინარჩუნებს მოსაზრებას, ევროკავშირის მიერ აქამდე მიღებული ზომები დემოკრატიის აშკარა უკანდახევისა და წინა ვალდებულებების უგულებელყოფის საპასუხოდ ჯერ კიდევ არ ასახავს საქართველოში არსებული სიტუაციის სიმძიმეს და ბოლო მოვლენებს.