აქციაზე დაკავებულ "ბათუმელების" ხელმძღვანელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
დაკავებები ბათუმში
ბათუმში, აქციაზე დაკავებული გამოცემა “ბათუმელების” ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიაომბუდსმენი მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაკავების პროცესში მისი უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლას სთხოვს. მედიაომბუდსმენი, ასევე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ბათუმში დაკავებული პირები, მათ შორის, მზია ამაღლობელი.
მზია ამაღლობელს ბრალი უახლოეს 48 საათში უნდა წარუდგინონ.
რა მოხდა
11 იანვარს, გვიან საღამოს, ბათუმში, აქციაზე პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ უკანონოდ დააკავეს მზია ამაღლობელი, შპს “გაზეთი ბათუმელების” დამფუძნებელი და დირექტორი, თავდაპირველად, პლაკატის გაკვრისთვის წარწერით “იფიცება საქართველო” მანამდე, დღის განმავლობაში, ბათუმში იგივე მიზეზით უკანონოდ დააკავეს ცხრა აქტივისტი. მზია ამაღლობელს სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. მალევე, ბათუმში დაკავებული ყველა ქალი გაათავისუფლეს. მათ შორის, მზია ამაღლობელიც.
მეორედ, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელთან არ უშვებდნენ ადვოკატს. რამდენიმე საათის განმავლობაში ირღვეოდა მისი უფლება ადვოკატთან კომუნიკაციის ნაწილში.
“ბათუმელების” ცნობით, როდესაც ამაღლობელი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო. როგორც თავად ჰყვება, ხელის გათავისუფლების მიზნით, ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელმაც ის მყისიერად, თავადვე დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამაღლობელი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. ბათუმელების დირექტორმა მას განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი არასათანადო მოპყრობას ჰქონდა.
როგორც მზია ამაღლობელი აღნიშნავს, არასათანადო მოპყრობა განხორციელდა სწორედ პოლიციის უფროსის მხრიდან.
მედიაომბუდსმენის განცხადება
შპს “გაზეთი ბათუმელები” ორ მედიაგამოცემას – “ბათუმელებსა” და “ნეტგაზეთს” აერთიანებს. ისინი გამორჩეულად მაღალპროფესიული გამოცემებია, რომლებიც დაარსების დღიდან უშიშრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, თანმიმდევრულად აშუქებენ ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.
თავად მზია ამაღლობელი კი, თავისი სამოქალაქო პოზიციისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების სამიზნე. საგანგაშოა ისიც, რომ მისი დაკავება სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოტივით მოხდა.
მოვითხოვთ:
- სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ შეისწავლოს, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის და დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავების მომენტში მისი უფლებების დარღვევის ფაქტები;
- კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დაისაჯონ მზია ამაღლობელის დაკავების მომენტში მასზე ძალადობის განმახორციელებელი პირები, მათ შორის, აჭარის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყდეს ბათუმში ძალადობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები, მათ შორის, მზია ამაღლობელი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.