პირველად ისტორიაში, საქართველოს ჰყავს დასანქცირებული ხელისუფლება. აქ შევკრიბეთ ყველა სანქცია, 2023 წლიდან დღემდე
დასავლური სანქციები ქართულ ოცნებას
ისტორიაში პირველად, საქართველოში, დასავლელი პარტნიორებისგან – ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, ათობით ადამიანია დასანქცირებული.
სანქცირებულთა შორის არიან მაღალი თანამდებობის პირები, მოსამართლეები, პარლამენტის დეპუტატები, ბიზნესმენები, კერძო პირები და “ქართული ოცნების” სხვა წევრები.
- ეუთოს 17 სახელმწიფოს განცხადება: შეძრწუნებულნი ვართ, რომ ოცნება რეპრესიულ ტაქტიკას აგრძელებს
- 3 არასამთავრობო: აქციების ჩასახშობად შსს-ს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული წამების სისტემა
- ჰელსინკის კომისია: თუ ოცნება ძალაუფლებას შეინარჩუნებს, საქართველოს რუსული, ჩინური და ირანული გავლენის პლატფორმად გადააქცევს
სანქციები მრავალფეროვანია.
110-ზე მეტ ადამიანს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სავიზო შეზღუდვა. ეს შეზღუდვა ეხება დასანქცირებული ადამიანების ოჯახის წევრებსაც. შესაბამისად, იმ პირთა რიცხვი, რომლებიც ვერ შეძლებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობას, რამდენიმე ასეულია.
ასობით ადამიანი (ზუსტი სია არ არსებობს) ვისაც აქვს დიპლომატიური პასპორტები, სანქციები დაუწესა ევროკავშირმა – ისინი ვეღარ შეძლებენ დიპლომატიური პასპორტებით უვიზოდ მოგზაურობას.
6 ადამიანია ე.წ. მაგნისტკის სიაში – ეს არის მკაცრი ფინანსური სანქცია, რომელიც დასანქცირებული პირების მთელი ქონების, წილების და ფინანსების გაყინვას გულისხმობს. ამ ექვს ადამიანს შორის 4 მაღალი თანამდებობის მქონე პირი;
40-ზე მეტი პირი დასანქცირებულია ბალტიის ქვეყნების მიერ;
19 პირს დაუწესა პერსონალური სანქციები უკრაინამ
არაერთი ჩინოვნიკი ერთდრულად რამდენიმე სანქციების პაკეტშია. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე პრემიერი ვახტანგ გომელაური. ის მოხვდა ყველა ქვეყნის სანქციებში, არის მაგნიტსკის სიაშიც.
დასავლელი პარტნიორები ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ სანქციებს აწესებენ დემოკრატიისთვის ხელშეშლის, ადამიანის უფლებების დარღვევის, დეზინფორმაციის გავრცელების, კორუფციისა და დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკი რეპრესიების გამო.
JAMnews-მა შეკრიბა დასანქცირების ყველა შემთხვევა გასული, 2023 წლიდან დღემდე. ამ სტატიაში ვცდილობთ ავხსნათ, ვინ, როდის და რის გამო დასანქცირდა საქართველოში, რას ნიშნავს თითოეული სანქცია და ასევე, როგორ რეაგირებს საქართველოს ხელისუფლება დასანქცირების შემთხვევებზე.
_____________________
2023 წ. აპრილი – მოსამართლეების დასანქცირება
2023 წლის 5 აპრილს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ მოსამართლეს (სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე) სავიზო სანქციები დაუწესა მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო.
▇ ამ გადაწყვეტილებით, ამ მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ.
დასანქცირებულთა სიაში არიან:
- მიხეილ ჩინჩალაძე –თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე;
- ლევან მურუსიძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
- ირაკლი შენგელიას – სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
- ვალერიან ცერცვაძე – სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე
ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებსაც „ქართული ოცნების“ მითითებების აღმსრულებელი სასამართლო კლანის შემქმნელებს უწოდებენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ “აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ”.
ეს იყო პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც პარტნიორმა ქვეყანამ სანქციების მექანიზმი გამოიყენა. ამიტომ, ამ ნაბიჯს „ქართული ოცნების” მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
“ქართულმა ოცნებამ” მოსამართლეების დასანქცირება დააბრალა “ენჯეო სექტორისა და ოპოზიციის მდაბიო კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ”. ხელისუფლებამ აშშ-სგან ჯერ მტკიცებულებები მოითხოვა, ხოლო შემდეგ სანქციების მოხსნა და გააძლიერა ანტიდასავლური რიტორიკა.
2023 წ. სექტემბერი – ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება
2023 წლის 14 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან ანგარებით თანამშრომლობისთვის.
-
ვინ არის ოთარ ფარცხალაძე – ჩამოშალეთ
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი იყო 2013 წლის ნოემბრიდან იმავე წლის დეკემბრამდე, სულ რაღაც 47 დღე. იგი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც გერმანიაში მისი ნასამართლეობის ფაქტი გამჟღავნდა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” დეტალურად შეისწავლა სანქცირებული ფარცხალაძის საქმე. ორგანიზაციამ გამოიკვლია, რომ მაგალითად, თუ 2013 წელს მისი ოჯახი ორ უძრავ ქონებას ფლობდა, 2018 წელს (თანამდებობის დატოვების შემდეგ) მისი ქონება 24 ერთეულამდე გაიზარდა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ასევე მოიპოვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი ჯერ კიდევ 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. მას რუსეთშიც აქვს უძრავი ქონება, მათ შორის, მიწის ნაკვეთები, მშენებარე სახლი და ასევე, მის სახელზე რუსეთში რეგისტრირებულია ტოიოტას მარკის ორი ძვირადღირებული ავტომობილი.
2017 წელს, ოთარ ფარცხალაძე ბრალდებული იყო აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თორდიას ცემაში. თორდიას განმარტებით, თავდასხმა უკავშირდებოდა აუდიტის სამსახურის კვლევას, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა.
2021 წლის იანვარში საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი პროკურორი გაამართლა. ცემის შემდეგ, მალევე თორდიას ქვეყნის დატოვება მოუწია და 2022 წლის სექტემბერში აშშ-მ მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა.
ოთარ ფარცხალაძეს მჭიდრო კავშირები აქვს როგორც ხელისუფლებასთან, ისე ქვეყნის არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილთან. ივანიშვილისვე თქმით, ოთარ ფარცხალაძე მისი შვილის ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარია – ბერა ივანიშვილი ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.
სანქციების ამ პაკეტის თანახმად , ფარცხალაძეს შეეზღუდა როგორც ფულის განკარგვა, ასევე სხვა საფინანსო ოპერაციები. ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა.
▇ ეს ნიშნავს, რომ ფარცხალაძის ყველა ქონება, წილი რაიმე საკუთრებაში აშშ-ს ტერიტორიაზე, დაიბლოკა. ფარცხალაძე ვერ შეძლებს ამ ქონების გაყიდვას, ვინმესთვის გადაცემას, ექსპორტს და ა.შ. – ნებისმიერი სახის ფინანსურ ტრანზაქციას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური [“ეფესბე”] ოთარ ფარცხალაძესთან მუშაობდა, რათა მას გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.
იმ პერიოდში ოთარ ფარცხალაძეს ჰქონდა როგორც რუსეთის, ასევე, საქართველოს მოქალაქეობა. დასანქცირების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.
ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა, სანქციების წესიდან გამომდინარე, ფარცხალაძეს პირად ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა.
სებ-ის ამ გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” ლიდერებმა ანტიკონსტიტუციური უწოდეს და მწვავედ გააკრიტიკეს. ამის შემდეგ სებ-მა შეცვალა თავისი პოზიცია და ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა. ეროვნული ბანკის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
ანუ, კომერციულ ბანკებს სებ-მა უთხრა, რომ მათ შეეძლოთ არ დამორჩილებოდნენ ამ სანქციებს. თუმცა, კომერციული ბანკების უმეტესობა გაემიჯნა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას.
“ჭიქაში ქარიშხალია ატეხილი” – ასე უპასუხა იმდროინდელმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარცხალაძის დასანქცირებას.
სწორედ ხელისუფლების ზეწოლას დაუკავშირეს ექსპერტებმა, სების მიერ “გამონაკლისის” დაშვებას, რითაც, მათი შეფასებით, მაშინ რისკის ქვეშ დადგა მთელი ქართული საბანკო სექტორი.
2024 წ. ივნისი – აშშ-ს სანქციების პირველი პაკეტი, სავიზო შეზღუდვები "ქართული ოცნების" წევრებს
2024 წლის 6 ივნისს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა “ქართული ოცნების” წევრებს, 30-მდე ადამიანს სავიზო აკრძალვები დაუწესა.
ეს იყო სანქციების პირველი ნაკადი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ამ ნაკადში მოიაზრებოდნენ დეპუტატები, ძალოვნები, ოცნების ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები. კონკრეტული გვარები და სახელები არ დასახელებულა.
▇ ეს ნიშნავს, რომ სანქცირებული პირები და მათი ოჯახის წევრები ვეღარ შეძლებენ ამერიკაში მოგზაურობას, მათ არავინ მისცემს ვიზას. ხოლო, თუ ვინმეს უკვე ჰქონდა გრძელვადიანი ვიზა, მისი მოქმედება შეჩერდება.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სანქციები დაუწესდათ იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ისეთი ქმედებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის ძირის გამოთხრა, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის დავალებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება.
სანქციების პირველი პაკეტი მოჰყვა პარლამენტის მიერ აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღებას.
რუსული კანონი აგენტების შესახებ საქართველოს პარლამენტმა მრავალათასიანი, 50-დღიანი უწყვეტი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი განცხადებების ფონზე, 2024 წლის მაისში მიიღო. კანონის მიღებას თან სდევდა დემონსტრანტების ცემა, დარბევა, დაპატიმრებები და ძალადობა. კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრების პროცესი შეაჩერა.
ეს კანონი იმ ორგანიზაციებს, რომელთა წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოური დაფინანსებაა, ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარი“ ორგანიზაცია. ის ვინც ნებაყოფლობით რეგისტრაციაზე უარს იტყვის, 25 ათასი ლარით დაჯარიმდება და, სახელმწიფო მას იძულებით დაარეგისტრირებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენი რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის ვიზების შეზღუდვის ახალი პოლიტიკა 24 მაისს დააანონსა – კანონის მიღებიდან ათ დღეში.
“ვაცხადებ ვიზების შეზღუდვის ახალი პოლიტიკის შესახებ მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის უცხოური აგენტების შესახებ ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ კანონთან დაკავშირებით”, – დაწერაა ბლინკენმა სოციალურ ქსელ X-ზე 24 მაისს.
2024 წ. სექტემბერი – აშშ-ს სანქციების მეორე პაკეტი და მაგნიტსკის სია
2024 წლის 16 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილეობისთვის, დამატებით კიდევ 60-ზე მეტ პირს და მათი ოჯახის წევრებს დაუწესა სავიზო შეზღუდვები.
ყველა სახელი და გვარი არც ამჯერად დასახელებულა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დასანქცირდნენ:
- კორუფციაში ჩართული ბიზნესმენები
- დეზინფორმაციის გამავრცელებელი და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი პირები
- მომიტინგეებზე მოძალადე სამართალდამცველები
- პარლამენტის წევრები
▇ ეს სანქციაც ნიშნავს, რომ სანქცირებული პირები და მათი ოჯახის წევრები ვეღარ შეძლებენ ამერიკაში მოგზაურობას, მათ არავინ მისცემს ვიზას. ხოლო, თუ ვინმეს უკვე ჰქონდა გრძელვადიანი ვიზა, მისი მოქმედება შეჩერდება.
ამავე დღეს, ოთხ ადამიანს, მათ შორის, მაღალი თანამდებობის მქონე პირებს, აშშ-მ ფინანსური სანქციებიც დაუწესა, ისინი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეიყვანა.
ესენი არიან:
- ზვიად ხარაზიშვილი (იგივე ხარება) – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის (ხარებას) მოადგილე
- კონსტანტინე მორგოშია – ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი
- ზურაბ მახარაძე – იგივე ჯგუფის მეორე ლიდერი
ხარაზიშვილი და მისი მოადგილე დასანქცირდნენ დემონსტრანტებზე ძალადობისთვის. კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე კი დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, მათ შორის, 2021 წლის ივლისში ძალადობის წახალისებისთვის
2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში იყო დაანონსებული. ძლადობრივმა ჯგუფებმა ეს მარში ჩაშალეს და იძალადეს თემის წევრებზე და ჟურნალისტებზე. ამ თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა “TV პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც სასტიკად ცემეს.
▇ მაგნიტსკის სიაში შეყვანა არის მძიმე ფინანსური სანქცია. მაგნიტსკის აქტი ითვალისწინებს სიაში შეყვანილ პირებისთვის აშშ-ში არსებული მთელი უძრავ-მოძრავი ქონების გაყინვას, ფინანსური ოპერაციების შეზღუდვას და სავიზო შეზღუდვებს.
“სანქციებს ექვემდებარება არა მხოლოდ სანქცირებული პირი, არამედ ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე სახით დაეხმარება სანქცირებულს სანქციებიდან თავის არიდებაში”, – განმარტავს ექსპერტი საერთაშორისო ბიზნესის და სამართლის საკითხებში ზვიად სხვიტარიძე.
მაგნიტსკის სია არსებობს მაგნიტსკის აქტის საფუძველზე. ეს აქტი ამერიკის კონგრესმა მიიღო 2012 წელს. ამ აქტით მაშინ კონგრესმა სანქციები დაუწესა 2009 წელს რუსი ბიზნესმენის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავე რუს მოხელეებს.
სერგეი მაგნიტსკი იყო რუსი აუდიტორი, რომელმაც 2008 წელს მთავრობის ჩინოსნები კორუფციაში დაადანაშაულა. ის 37 წლის ასაკში დააპატიმრეს და 2009 წლის ნოემბერში ციხეში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მას ციხეში სასტიკად სცემდნენ და სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ.
მას შემდეგ, აშშ, მაგნიტსკის აქტს ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დამრღვევთა და კორუფციაში ჩართული პირების მიმართ იყენებს. სიაში უკვე 650-ზე მეტი ადამიანია.
2024 წ. დეკემბერი – ბალტიის ქვეყნების სანქციები
ბალტიის ქვეყნების (ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთის) მიერ დასანქცირებულთა სიაში 40-ზე მეტი ადამიანია, მათ შორის, “ქართული ოცნების” წევრები, მოსამართლეები, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები.
ბალტიიც ქვეყნებმა თავდაპირველად ერთობლივი სანქციები დაუწესეს 11 პირს, შემდეგ კი, ესტონეთმა და ლიეტუვამ ეს სანქციები გააფართოეს.
ქრონოლოგია ასეთი იყო:
2024 წლის 1 დეკემბერს ბალტიის სამი სახელმწიფო – ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი სანქციებზე შეთანხმდა მათ წინააღმდეგ, ვინც ახშობს საქართველოში ლეგიტიმურ პროტესტს.
“დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ მივესალმებით”, – დაწერეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა სოციალურ ქსელ X-ზე
სამი ქვეყნის ერთბლივი გადაწყვეტილებით სანქციები დაუწესდა ბიძინა ივანიშვილს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს. სულ 11 პირს
სანქცირებულთა სია ასე გამოიყურება:
- ბიძინა ივანიშვილი – “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე;
- ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
- შალვა ბედოიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
- იოსებ ჭელიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
- ალექსანდრე დარახველიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
- გიორგი ბუთხუზი – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
- ზვიად ხარაზიშვილი – იგივე “ხარება”, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე;
- მირზა კეზევაძე – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე;
- ვაჟა სირაძე – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- თეიმურაზ კუპატაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.
დამატებით, 14 დეკემბერს, ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის, არალეგიტიმურ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს. სხვა პირების ვინაობა, ამჯერად, არ გასაჯაროებულა.
▇ ბალტიის ქვეყნების სანქციები ნიშნავს სანქცირებული პირებისთვის ამ ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვას.
15 დეკემბერს სანქციები ლიეტუვამაც გააფართოვა და კიდევ 17 პირი დაასანქცირა. მათ შორის, ირაკლი კობახიძე და მისი მამა, გიორგი კობახიძე.
სრული სია ლიეტუვის გაფართოებული სანქციების გასაჯაროვდა:
- ირაკლი კობახიძე – საქართველოს არალეგიტიმური პრემიერმინისტრი;
- კახა კალაძე – თბილისის მერი;
- მამუკა მდინარაძე – ფრაქცია “ქართული ოცნების” “თავმჯდომარე”;
- თეა წულუკიანი – “ქართული ოცნების” წევრი;
- ლევან მურუსიძე – მოსამართლე;
- დიტო სამხარაძე – “ქართული ოცნების” წევრი;
- გოგა ხაინდრავა – “ოცნების” იდეოლოგი
- გრიგოლ ლილუაშვილი – სუს-ის უფროსი;
- ოთარ ფარცხალაძე – ყოფილი გენ.პროკურორი;
- მიხეილ ჩინჩალაძე – სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე;
- შალვა თადუმაძე – მოსამართლე;
- ვიქტორ ჯაფარიძე -“ქართული ოცნების” წევრი; PosTV-ის მფლობელი;
- ირაკლი რუხაძე – TV იმედის მფლობელი;
- კახა ბექაური – კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი;
- ზვიად შალამბერიძე – იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და “ქართული ოცნების” წევრი;
- ირაკლი ქარსელაძე – ინფრასტრუქტურის მინისტრი
„ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას“, – დაწერა X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა.
“ქართული ოცნების” არალეგიტიმურმა მთავრობამ ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილებას ანტიქართული უწოდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამი იყო, რომ საქართველო ამ ქვეყნებთან დარჩებოდა “ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში”.
2024 წ. დეკემბერი – უკრაინის სანქციები
2024 წლის 4 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და კიდევ 18 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას.
უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, სანქცირებულთა სიაში არიან:
- ბიძინა ივანიშვილი – “ქართული ოცნების” თავმჯდომარე
- ირაკლი კობახიძე – არალეგიტიმური პრემიერმინისტრი
- გრიგოლ ლილუაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
- კახა კალაძე – თბილისის მერი
- მიხეილ ჩინჩალაძე – მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
- მამუკა მდინარაძე – ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
- ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი
- ოთარ ფარცხალაძე – ყოფილი გენერალური პროკურორი
- ირაკლი რუხაძე – ტელეკომპანია იმედის მფლობელი
- ლევან მურუსიძე – მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
- ვიქტორ ჯაფარიძე – ქართული ოცნების დეპუტატი
- დიმიტრი სამხარაძე – ქართული ოცნების დეპუტატი
- გიორგი (გოგა) ხაინდრავა – პროპაგანდისტი
- გიორგი კობახიძე – ირაკლი კობახიძის მამა
- ზვიად შალამბერიძე – ქართული ოცნების დეპუტატი
- შალვა თადუმაძე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
- თეა წულუკიანი – იუსტიციისა და კულტურის ყოფილი მინისტრი, ქართული ოცნების დეპუტატი
- ირაკლი ქარსელაძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
- კახა ბექაური – კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.
2024 წ. დეკემბერი – აშშ-ს სანქციების მესამე პაკეტი, ისევ სავიზო შეზღუდვები
2024 წლის 12 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების მორიგი გადაწყვეტილება გამოაცხადა, დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის.
ამჯერად სანქციები შეეხო 20-მდე ადამიანს.
მათ შორის: მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავ უწყებებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირებსა და კერძო მოქალაქეებს – დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის.
გვარები, არც ამ, მესამე პაკეტში დასახელებულა.
▇ ეს სანქციაც ნიშნავს, რომ სანქცირებული პირები და მათი ოჯახის წევრები ვეღარ შეძლებენ ამერიკაში მოგზაურობას, მათ არავინ მისცემს ვიზას. ხოლო, თუ ვინმეს უკვე ჰქონდა გრძელვადიანი ვიზა, მისი მოქმედება შეჩერდება.
ამით, სიამ იმ ადამიანების, ვისაც ეხება ეს სავიზო შეზღუდვა, უკვე მიაღწია 110 ადამიანს. თუმცა, მათი რაოდენობა სინამდვილეში გაცილებით მეტია,რადგან ეს შეზღუდვა ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.
“სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებითი ქმედების შესახებ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია, ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხება დაახლოებით ოც პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც იკავებენ მთავრობაში მინისტრის თანამდებობას, არიან პარლამენტში, მსახურობენ სამართალდამცავი და უშიშროების სტრუქტერებში და არიან კერძო მოქალაქეები“, – ნათქვამი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
2024წ. დეკემბერი – ევროკავშირის სანქციები
2024 წლის 16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი აუქმებს უვიზო მიმოსვლას დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
▇ ეს ნიშნავს, რომ ყველა ის პირი, რომელსაც აქვს დიპლომატიური პასპორტი, ევროკავშირის ქვეყნებში ამ პასპორტით ვეღარ იმოგზაურებს უვიზოდ. მაგრამ, ისინი შეძლებენ მოგზაურობას ჩვეულებრივი, ორდინალური პასპორტით.
დიპლომატიური პასპორტების გაცემა რეგულირდება საქართველოს კანონით “სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. ამ კანონის თანახმად, საქართველოში დიპლომატიური პასპორტით ასობით ადამიანი სარგებლობს.
მაგალითად, ამ პასპორტით სარგებლობენ:
- საქართველოს პრეზიდენტი (და მისი მეუღლე)
- პარლამენტის თავმჯდომარე (და მისი მეუღლე)
- პრემიერ მინისტრი (და მისი მეუღლე)
- მინისტრები და მათი მოადგილეები
- პარლამენტის წევრები
- უზენაესი, საკონსტიტუციო და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები და წევრები
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები
- საქართველოს მთავარი პროკურორი
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
- საქართველოს სახალხო დამცველი
- სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები
- თბილისის მერი
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
- და ა.შ.
მათ შორის, ამ პასპორტით სარგებლობენ მთავრობის ადმინისტრაციის წევრები, ზოგიერთი სამინისტროს თანამშრომლები. სია ძალიან ვრცელია და სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ – კანონის პირველ დანართში.
ესპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში ვანო ჩხიკვაძე ასე ხსნის ამ გადაწყვეტილებას:
ეს არის დიპლომატიური სიგნალი – რომ ორდინალური პასპორტი უფრო მეტი ძალის მქონეა, ვიდრე დიპლომატიური. რაც, როგორც წესი, პირიქით უნდა იყოს. ამით ევროკავშირმა მოქალაქე უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე თანამდებობის პირი.
“პატარა დისკომფორტი” უწოდა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას:
“ჩაურტყამენ ვიზას და წავა ევროპულ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, პატარა დისკომფორტია, მაგრამ არა უმეტეს”, – თქვა მან.
2024 წ, დეკემბერი – ბრიტანეთის სანქციები
2024 წლის 19 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ, ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივი თავდასხმებისთვის, სანქციები დაუწესა ხუთ ქართველ მაღალჩინოსანს.
▇ სანქცირებულ პირებს ეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში გამგზავრება. გარდა ამისა, გაიყინება მათი უძრავი ქონება დიდ ბრიტანეთში, რაც ნიშნავს, “მათ გარიცხვას დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან”.
დასანქცირებული პირები არიან:
- ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი
- ალექსანდრე დარახველიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
- სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
- ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი
- მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
2024 წ. დეკემბერი – კვლავ მაგნიტსკის სია
2024 წლის 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მოადგილე მირზა კეზევაძე ფინანსური სანქციების, ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეიყვანა.
შეგახსენებთ, ზვიად ხარაზიშვილი და მისი კიდევ ერთი მოადგილე, მილერი ლაგაზაური უკვე არიან მაგნისტსკის სიაში. ისინი სახაზინო დეპარტამენტმა 2024 წლის სექტემბერში დაასანქცირა.
გომელაურსა და კეზევაძეს სანქციები დაუწესდათ მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციონერებისა და მომიტინგეების სასტიკი დარბევისთვის, 2024 წელს გამართულ დემონსტრაციებზე.
▇ ეს სანქციები ნიშნავს, რომ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის ნებისმიერი ქონება, ან წილები იმ ქონებაში, რომელიც აშშ-ში ან აშშ-ის პირების მფლობელობაშია, დაიბლოკება.
ასევე, დაიბლოკება ნებისმიერი ფირმა, კომპანია თუ ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან ჯამურად, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის სანქცირებულ პირებს.
მათ აეკრძალათ ფინანსური ტრანზაქციების განხორცილება და ამერიკაში მოგზაურობა.
შს მინისტრისა და უწყების სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირებას “ქართული ოცნების” მთავრობამ სანქცირებული პირების ღირსების ორდენებზე წარდგენით უპასუხა. სანქცირებული გომელაური კი ვიცე პრემიერად დანიშნა.
ამავე დროს, კობახიძემ თქვა, რომ რაც შეეხება ფინანსურ პრობლემებს, რომლებიც დასანქცირებულ პირებს შეექმნებათ, ფინანსური დანაკლისს მათ სახელმწიფო აუნაზღაურებს.
ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი გვიხსნის, რომ მაგნიტსკის სიაში შეყვანილი ადამიანი მთელი ცხოვრება რჩება ამ სიაში, შესაბამისად, რაც არ უნდა მოხდეს, დარჩება თუ არა ძალაუფლებაში “ქართული ოცნება” ეს ადამიანები მთელი ცხოვრება დარჩებიან ამ სიაში.
მისივე განმარტებით, ამ სიაში ყოფნა ნიშნავს, რომ მათ არ მოემსახურებათ არცერთი ბანკი, საბანკო ბარათებით ვერასდროს და ვერსად ისარგებლებენ.
გარდა ამისა, მაგალითად, ევროპაში მოგზაურობის დროსაც, სანქცირებულ ადამიანებს ყველგან, ნებისმიერი საზღვრის კვეთისას, ყველა ნაბიჯზე შეექმნებათ პრობლემები.
“სანქცირებული პირებს ახლა ძალაუფლება აქვთ და შესაძლოა მათ ნაკლებად შეეხოთ პრობლემები – მათ წინააღმდეგ საქმეს არ აღძრავენ, ფულს, მაგალითად, “ქეშად” გადაუხდიან. მაგრამ, მნიშვნელოვანია რომ ისინი იგრძნობენ ამ წნეხს მაშინვე, როგორც კი ძალაუფლებას დაკარგავენ და მათ უნდა იცოდნენ, რომ მთელი ცხოვრება იქნებიან ამ სიაში, მას თავს ვერასდროს დააღწევენ“, – ამბობს სანდრო ქევხიშვილი.
ქართველი მაღალი თანამდებობის პირების ინტენსიური დასანქცირება, დასავლეთმა, მას შემდეგ დაიწყო, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, მრავალდღიანი მასშტაბური პროტესტების ფონზე, მაინც მიიღო რუსული კანონი. პარალელურად, კი, საპოლიციო ძალები სასტიკი მეთოდებით არბევდნენ საპროტესტო აქციებს.
სანქციების დაწესება გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების და ევროკავშითან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განცხადების შემდეგ, ათიათასობით ადამიანი ისევ გამოვიდა ქუჩაში.
თითქმის ერთი თვეა, ყოველდღე, თბილისის ცენტრში და საქართველოს სხვა ქალაქებში უამრავი ადამიანი იკრიბება ქუჩაში. საპროტესტო აქციები 29 ნოემბერს დაიწყო და პირველი ერთი კვირის განმავლობაში დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებოდნენ – დამიზნებით უშენდნენ წყლის ჭავლს, ასხამდნენ წიწაკის სპრეის, ესროდნენ ცრემლსადენ გაზს.
ამ დრომდე დაკავებულია 500-მდე ადამიანი, 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. დაშავებულთა უმეტესობა, ასობით ადამიანი, სასტიკად ცემეს. სახალხო დამცველმა დემონსტრანტების ცემა წამებას შეადარა.
უკვე ერთი თვეა საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. განცხადება განცხადებაზე ისმის დასავლელი პარტნიორებისგანაც. ეს განცხადებები აჩვენებს, რომ სანქციები გაგრძელდება, მათ შორის, იქნება პერსონალური სანქციები და ეს შეეხება ქვეყნის არაფორმალურ მმართველ, ბიძინა ივანიშვილსაც.