კომენტარი: ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება
ვახტანგ ხმალაძის კომენტარი
კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ XI მოწვევის პარლამენტი და მისი უფლებამოსილება გადაცემა “360 გრადუსში” შეაფასა და აღნიშნა, რომ პარლამენტს საერთოდ არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის.
მისი თქმით, ამ კენჭისყრით პარლამენტმა თავი დააყენა კონსტიტუციის გარეთ.
25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტი საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ამ პარლამენტს არალეგიტიმურად და თვითგამოცხადებულად მიიჩნევენ.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა 25 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ფონზე გაიმართა.
პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებიან – 150 წევრიან პარლამენტში “ქართულმა ოცნებამ” 89 დეპუტატი გაიყვანა. დანარჩენი ოთხი პარტია, რომელთაც ბარიერი გადალახეს, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.
“ოცნების” დეპუტატები შენობაში სპეცრაზმის კორდონმა შეაცილა. პარლამენტი და მთლიანად სამთავრობო კვარტალი დილიდან სავსე იყო სამართალდამცავებითა და სპეციალური ტექნიკით.
ვახტანგ ხმალაძე: “ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, პარლამენტს უფლება არ აქვს იმსჯელოს პარლამენტის წვერთა უფლებამოსილების ცნობაზე.
მოდი, ვთქვათ რა შემთხვევაში ექნებოდა უფლება პარლამენტს: იმ შემთხვევაში თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დასაშვებად არ ცნობდა ამ სარჩელებს, მაგრამ ასეთი რამ საკონსტიტუციო სასამართლოს არ გაუკეთებია. ან თუ დასაშვებად ცნობდა, მაგრამ შემდგომ არ დააკმაყოფილებდა სარჩელებს, არც ერთი მომხდარა, არც მეორე, ამდენად პარლამენტს საერთოდ არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის. ამ კენჭისყრით მან თავი დააყენა კონსტიტუციის გარეთ. ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება, რომელიც ასევე აკრძალულია კონსტიტუციით.
ბოლომდე უნდა იყოს გამოყენებული ყველა გზა
ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რაც კი ვინმეს თავში მოუვა, რომ მას არ შერჩეს ხელისუფლების მიტაცება. იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ შეიძლება შემდეგში ისეთი რაღაცები ჩაიდინოს, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენებს, ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფებს.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა, ხმალაძე განმარტავს, რომ შესაძლებელია თუ სწორი მოსარჩელეები იქნებიან.
“რამდენადაც ვიცი შესაძლებელია თუ სწორი მოსარჩელეები იქნებიან. ვიცი ერთი რამ, რომ არსებობს იმ სუბიექტთა წრე, რომელსაც შეუძლია არჩევნებთან დაკავშირებით მიმართოს სტრასბურგს. ის, რომ ხელისუფლებაზე სხვადასხვა ზემოქმედება განხორციელდეს, რომ ის დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში, ამაზე უნდა ვთქვა ერთი რამ, რომ კონსტიტუცია არის ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი უფლებები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონსტიტუციასაც სჭირდება დაცვა.
როდესაც ვინმე ცდილობს დაარღვიოს კონსტიტუცია, ჩვენ კონსტიტუცია უნდა დავიცვათ. ვინ ვართ ჩვენ? – ხალხმა უნდა დავიცვათ. კონსტიტუციაში წერია, არავის აქვს უფლება ხელისუფლება მიიტაცოს. ეს ტყუილად კი არ წერია. ასეთი რაღაცები მომხდარა და მოხდება კიდეც“, – აღნიშნავს ხმალაძე.
კონსტიტუციონალისტი, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ხელახალ არჩევნებში ხედავს.
„პასუხი არის მარტივი: ეს არის ხელახალი არჩევნები. ხელახალი არჩევნები – პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ეს არის ის ქმედითი იარაღი, რაც წერია კონსტიტუციური სამართლის ყველა სახელმძღვანელოში, რომ რიგგარეშე არჩევნები ინიშნება პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, მაგრამ „ქართული ოცნების“ თავში ეს არ შედის“, – განაცხადა ხმალაძემ.