ფორმულას წყარო: ხელისუფლების დაპირების მეოთხე პუნქტი, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაა
მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგია
ტელეკომპანია “ფორმულას” წყაროს ინფორმაციით, მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” სურს, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად ოფიციალურად გამოცხადდეს. ინფორმაცია მედიას რამდენიმე წყარომ დაუდასტურა.
ინიციატივა მმართველი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
“ფორმულას” წყაროს თქმით, შეთავაზება “ქართული ოცნების” მხრიდან უკვე გაკეთებულია, საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრები კი უკვე მიმდინარეობს. ერთ-ერთი შეხვედრა დღეს გაიმართა, რომელსაც მაღალი იერარქები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცნობილია, რომ 2002 წლის მსგავსად, პატრიარქი ილია მეორე ამ წინადადებას ეწინააღმდეგება, რადგან მისი აზრით ამის აუცილებლობა არ დგას და ასეთი ისტორიული მომენტი ქვეყანაში არ დამდგარა.
ნაციონალური მოძრაობისა და “სატელიტი პარტიების” გასამართლება, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და ტერიტორიული მთლიანობა – “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილ ხალხს 21 აგვისტოს მიმართა და განუმარტა, რატომ უნდა მიიღოს ოცნებამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა.
მისივე თქმით, არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას საჭიროებს, თუმცა ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს მეოთხე პუნქტში.
“სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ადრე წინააღმდეგი იყო პატრიარქი, ამიტომაც შემუშავდა ის კონსტიტუციური ხელშეკრულება და იქ როგორც განისაზღვრა ეკლესიის სტატუსი, დღემდე ამ აზრის არის ეკლესია.
შეიძლება იყო ეს შემოთავაზება არაოფიციალურ დონეზე, ოფიციალურ დონეზე ეს არ ყოფილა. საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ყოფილა, თვითონ სასულიერო პირები იყვნენ შეკრებილები. ერთი შეხვედრა დღეს იყო, როგორც ვიცი და კიდევ აპირებენ შეხვედრას.
საბოლოო დასკვნა ეკლესიას ჯერ არ უთქვამს. საკითხი განიხილეს – ეს შემოთავაზება. ალბათ როცა იქ, ყრილობაზე გაჟღერდა [მაშინ მიიღეს შემოთავაზება]. შეხვედრას სინოდის წევრები ესწრებოდნენ, ოღონდ არა სრული შემადგენლობით. დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქო იგივე პოზიციაზე დარჩება”, – თქვა საპატრიარქოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მამა ლონგინოზ სუარიშვილმა “ფორმულასთან” საუბარში.
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აღნიშნავს, რომ თუ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდება, ეკლესია სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ვერ იქნება:
“სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ ეკლესია არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან და შესაბამისად სახელმწიფო არ არის დამოუკიდებელი ეკლესიისგან. მაგალითად, ეკლესიის იერარქების და სასულიერო პირების დანიშვნა – ასეთ გადაწყვეტილებას ღებულობს სახელმწიფო, უფრო სწორად ეკლესია სთავაზობს და სახელმწიფო ამტკიცებს. ვფიქრობ, რომ ამის აუცილებლობა ქვეყანაში არ არის და სიკეთის მომტანი არ იქნება ეს.”