აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა
თბილისში დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი
აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს, აფგან სადიგოვს 3 თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. აფგან სადიგოვის ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე ამბობს, რომ დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი დააკავეს, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ მას თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო დაბრუნება.
დაკავების ვიდეო სოციალურ ქსელში ჟურნალისტის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა. ის ამბობს, რომ დაკავება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დავალებით მოხდა და ქართველი სამართალდამცველები „აზერბაიჯანელი დიქტატორის მითითებას ასრულებენ“. სადიგოვის ოჯახი ვარაუდობს, რომ დაკავებულ ჟურნალისტს აზერბაიჯანს გადასცემენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ 2024 წლიდან იძებნებოდა “მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის”. აზერბაიჯანის მოქალაქე შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა და მის აზერბაიჯანში ექსტრადირებას გეგმავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც აფგან სადიგოვია გადაყვანილი, 20:00 საათზე ჟურნალისტების აქცია გაიმართება.
ვინ არის აფგან სადიგოვი
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ორჯერ, 2016 წელს და შემდეგ 2020 წელს დააპატიმრეს და ამბობს, რომ სამშობლოში პოლიტიკური ნიშნით იდევნება.
ჟურნალისტი, რომელიც თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ყვება, რომ შვიდი თვეა, რაც თბილისში ცხოვრობს. ჟურნალისტი მანამდე, წელიწად-ნახევრის წინ, საქართველოში სამკურნალოდ ჩამოვიდა. სადიგოვმა “რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ ციხეში ხანგრძლივმა შიმშილობამ ჯანმრთელობა შეურყია – ის აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაპატიმრებული.
“მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ სადიგოვს, როგორც თავად ამბობს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კვლავ პრობლემები შეუქმნა. ის ჰყვება, რომ დაშინებისა და ზეწოლის ქვეშ მოექცა, რის შემდეგაც თბილისში ჩამოვიდა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მისთვის უსაფრთხო არ არის აზერბაიჯანში დაბრუნება.” – განმარტავს მედია.
აფგან სადიგოვი იმ ჟურნალისტების ჩამონათვალში იყო, რომელთა გათავისუფლებას 2019 წელს ორგანიზაცია “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ მოითხოვდა.
გასული წლის 12 იანვარს ილჰამ ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სეიმურ ჰაზი საქართველოში არ შემოუშვეს. სარფში საზღვრის კვეთაზე მას უარი ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს.
სეიმურ ჰაზი ოპოზიციური გაზეთის ჟურნალისტი იყო, რის გამოც იგი აზერბაიჯანული რეჟიმისგან უკვე დიდი ხანია დევნილია.
თუ სადიგოვი აზერბაიჯანს გადასცეს, ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ იქნება — აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმისგან იდევნებოდა და ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წელს უცნობმა პირებმა თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს, სადაც სისხლის სამართლის რამდენიმე ბრალდებით სასჯელს ციხეში იხდიდა.