სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში საინვესტიციო პირობები ჯანსაღია, თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლოს მიმართ
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, რომელიც საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს, საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია, თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ. სახდეპი ხაზს უსვამს, რომ ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება.
ასევე, დოკუმენტის თანახმად, ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატის პირობებში, საქართველო გამჭვირვალობის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური თავისუფლების კუთხით საერთაშორისო რეიტინგებში რეგულარულად იკავებს მაღალ ადგილს.
გარდა ამისა, ანგარიშში საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციაზეც არის საუბარი. აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს დამოუკიდებლად.
რა წერია ანგარიშში
დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს პატარა, მაგრამ ღია ბაზარი აქვს, რომელიც სარგებელს ნახულობს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტირებიდან. 1991 წლიდან განხორციელებული კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების შედეგად ქვეყანაში შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა ჩამოყალიბდა.
2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და დადგინდა ცხრა ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას გაწევრიანების პროცესის გასაგრძელებლად, დეოლიგარქიზაციის და ანტიკორუფციული ძალისხმევის კუთხით წინსვლის ჩათვლით.
საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა გამოიწვევს სტრუქტურული რეფორმების გატარებას ბევრ სფეროში, ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების, კონკურენციის კანონის, სახელმწიფო შესყიდვების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებისა და სანიტარიული და ფიტოსანიტარული ღონისძიებების ჩათვლით.
2005 წლიდან 2023 წლამდე [ეკონომიკური ზრდის] საშუალო ზრდის ტემპი ხუთ პროცენტზე მეტი იყო. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია მცირე დეფიციტზე, ინფლაციის დაბალ დონესა და რეალურ მცურავ გაცვლით კურსზე. კოვიდ პანდემიისა და რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრისგან გამოწვეული ორმაგი შოკის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკაში კარგი შედეგები გრძელდებოდა.
კოვიდ 19-ის პანდემიისგან გაჯანსაღების შემდეგ საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა 10.4 პროცენტიანი ზრდით და 2022 წელს გაგრძელდა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგების მიღება 10,2 პროცენტიანი ზრდით ტურიზმიდან შემოსავლების, ომთან დაკავშირებული იმიგრაციისა და ფინანსური ნაკადების ზრდის და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის ზრდის შედეგად.
ზოგადად, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად, ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება.
ზოგიერთი კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურობას, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობას, პოლიტიკურ ჩარევას, შერჩევით აღსრულებასა და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაჭრის სირთულეებს უჩივიან.
2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში დაძაბულმა ვითარებამ კულმინაციას მიაღწია რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე ომით. რუსეთი შეიჭრა საქართველოში და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს ოკუპაცია მოახდინა. რუსეთი განაგრძობს საქართველოს აღნიშნული რეგიონების ოკუპაციას და ცენტრალური მთავრობა თბილისში ვერ ახორციელებს ამ ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ სცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ადმინისტრაციული სასაზღვრო გამყოფი ხაზების სიახლოვეს კვლავ დაძაბული ვითარებაა, მაგრამ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისზე ეს უშუალო ზემოქმედებას ვერ ახდენს.
ცენტრალური აზიის ბაზრის გაფართოებამ ასევე განაპირობა ტვირთების გადაზიდვის ბოლოდროინდელი ზრდა შუა დერეფნის გავლით, რომელიც ევროპას ცენტრალური აზიის ბაზრებთან აკავშირებს და შეიძლება იყოს საქართველოს გრძელვადიანი ზრდის წყარო, განსაკუთრებით სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ინვესტიციებით და რეგიონული თანამშრომლობით. 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის, შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომლის თავდაპირველი ტენდერი მთავრობამ 2020 წელს გააუქმა. 2024 წლის მარტში მთავრობამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მშენებლობისთვის. 2024 წლის აპრილში მთავრობამ გამოაცხადა ახალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აშენების გეგმები.