პრეზიდენტი რეფერენდუმის ჩატარების იდეით გამოდის. ზურაბიშვილმა მომიტინგეებს მიმართა
პრეზიდენტი რეფერენდუმის იდეით გამოდის
პარლამენტის წინ შეკრებილებს, რომლებიც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპროტესტებდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეკრანიდან მიმართა.
პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოვიდა – ის გამოდის იდეით, ჩატარდეს რეფერენდუმი, სადაც ქართველი ხალხი იტყვის – უნდა ევროპული გზა თუ უნდა რუსული.
პრეზიდენტმა ასევე მოსახლეობას მოუწოდა მოემზადონ 26 ოქტომბრისთვის – საპარლამენტო არჩევნებისთვის.
“ჩვენ ახლა უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე,” – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა “84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე” უწოდა “ქართული ოცნების” დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს “აგენტების კანონს”.
“გაბრაზებულები ხართ დღეს, ხომ? გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე,” – მიმართა მან მომიტინგეებს.
ზურაბიშვილმა მოუწოდა მომიტინგეებს, შეაგროვონ ხელმოწერები რეფერენდუმის ინიციირებისთვის:
“პირველ რიგში, საქმე არის ის, რომ უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი. ანუ ეს ენერგია, რაც თქვენშია, უნდა იმას მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს. გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა?
84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს, ჩვენ გადავწყვეტთ, ყველანი ერთად. 84 კაცი არავინ არაა, იმასთან შედარებით, თუ დღეს ვინც ხართ აქ, ახალი საქართველო, მომავლის საქართველო,” – მიმართა პრეზიდენტმა მომიტინგეებს.
მეორე მთავარი საქმე, რომელიც გასაკეთებელია, პრეზიდენტის თქმით, არის არჩევნების დაცვა:
“მეორე, მთავარი საქმე… როცა უკვე მოაგვარებთ ამ ხელმოწერების შეგროვებას და მოიტანთ ჩემთან, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ თქვენ დაიცვათ არჩევნები, ყველგან, სადაც საჭირო იქნება, რადგან თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და ჩვენი დიასპორის ნახევარი მილიონი ხმა, არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს,” – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მან თქვა, რომ საკუთარ ფუნქცია ხედავს იმაში, რომ დასავლელი პარტნიორების მობილიზაცია და ინფორმირება მოახდინოს:
“მე ამ დროს იმას მივხედავ, რომ ჩვენი პარტნიორები, რომ ჩვენი მეგობრები, იმიტომ რომ ზოგმა ვერ გაიგო, ვინაა მეგობარი და ვინაა საუკუნოვანი მტერი, ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდში იქნებიან, შეიძლება ორჯონიკიძეები დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას, რადგან ქვეყანამ გამოაჩინა, რა არის, სად არის. 26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ. მე ვარ თქვენ გევრდში. მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე”.
პრეზიდენტმა გაამხნევა მომიტინგეები და შეჰპირდა, რომ ამ ბრძოლაში მათთან ერთად იქნება:
“მე ვარ თქვენს გვერდში, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე,” – თქვა მან.
84 ხმა, 4-ის წინააღმდეგ – ასე უყარა კენჭი საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს “აგენტების კანონთან” დაკავშირებით 28 მაისს. ამგვარად დაძლეული იქნა პრეზიდენტის ვეტო და მიღებული იქნა კანონი “აგენტების შესახებ.
პარლამენტის სხდომის პარალელურად, დილიდან პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. დეპუტატებმა პარლამენტის შენობა სტვენისა და “მონებო”, “რუსებო”, “მოღალატეებო” შეძახილების ფონზე დატოვეს.
კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა ხუთი დღის ვადაში მას პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
აგენტების კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები საქართველოში აპრილის დასაწყისში დაიწყო. ხელისუფლებამ კანონი დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მკაცრი დასკვნის მიუხედავად მიიღო.
23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია, რომ„საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.
ვაშინგტონის გადაწყვეტილებით სავიზო შეზღუდვები შეეხება „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც. მანამდე ევროპელმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ კანონი აშორებს საქართველოს ევროკავშირს.
“რუსული კანონი” – ასე უწოდებენ აგენტების კანონს საქართველოში, რადგან იგი რუსულის ანალოგია. კანონის თანახმად, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად გამოცხადდება ის არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოური ფონდებნის მიერაა დაფინანსებული. მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი უმრავლესობა საქართველოში სწორედ ასეთია.
ორგანიზაცია სპეციალურ რეესტრში თავად უნდა დარეგისტრირდეს აგენტად. თუ ამას არ გააკეთებს, მას 25 ათასი ლარით დააჯარიმებენ.
კანონის გამოქვეყნების შემდეგ 60 დღე ექნებათ იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, „უცხოელი აგენტების“ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.