გია ხუხაშვილის მოსაზრება: სააკაშვილმა ცოტა ხანი თავი დაგვანებოს, წიგნი დაწეროს
გია ხუხაშვილის მოსაზრება
სააკაშვილმა ცოტა ხანი თავი დაგვანებოს, წიგნი დაწეროს – ქვეყნის დაზიანებას ციხიდანაც ახერხებდა, უკრაინიდანაც, „რეფრიჟერატორიდანაც“ და პირველად ვხედავ, რომ ადამიანი ამას საავადმყოფოდანაც ახერხებდეს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პოლიტიკურ წრეებში სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, “ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა აქტივი არ აქვს, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის შეწყალება მოითხოვოს, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ეს პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილება იქნება.
ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეიტანა. ამჟამად ოპოზიციაში კანონპროექტის მხარდაჭერისთვის კონსულტაციები მიმდინარეობს. “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ აღნიშნული ამნისტია ყველა მუხლს და ყველა პატიმარს შეეხება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს BBC-ის HARDtalk-ში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, თუმცა პრეზიდენტი არ პასუხობს კითხვას სააკაშვილის შეწყალებაზე და საუბრობს მხოლოდ მის ექსტრადიციის შესაძლებლობაზე.
18 თებერვალს, მიუნხენის კონფერენციაზე საერთო დისკუსიის დროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შესახებ მიმართა და მისი შესაძლო შეწყალების შესახებ ისაუბრა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა პასუხს თავი აარიდა.
გია ხუხაშვილი: “ნაციონალურ მოძრაობაში“ მშვენივრად ესმით, რომ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნა პოლიტიკურად აბსოლუტურად უპერსპექტივო გზაა, მაგრამ მთავარ ნიუსად სხვა რა უნდა ქნან და ითხოვენ მიშას შეწყალებას, რისი იმედიც თავად არ აქვთ. ხელისუფლება არ არის დაინტერესებული, რომ მიხეილ სააკაშვილმა დროშით ირბინოს.
ის არ არის საქართველოს მოქალაქე და რა ვარიანტებია დარჩენილი, პირველი ის, რომ აღძრულია სხვა საქმეები და ყველა ინსტრუმენტი აქვს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მიუხედავად შეწყალებისა, მიშა ციხეში დატოვოს -მიმდინარე საქმეებზე ხომ ვერ შეიწყალებს, ინდულგენციას ხომ არ გამოუწერს ყველაფერზე.
მეორე სცენარია, შეიძლება ამ გზას არ მიმართონ, მაგრამ საავადმყოფოშივე ჩასვამენ მანქანაში და შემდეგ თვითმფრინავი და დეპორტაცია, იმიტომ, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, არასასურველი პირია ფორმალური გაგებით და ამით მთავრდება ყველაფერი.
● მიხეილ სააკაშვილი: პუტინმა, ნავალნის სახით, მოიშორა ნომერ პირველი მტერი – მეორე მის ხელშია და მე ვარ
● ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში მასშტაბური ამნისტიის კანონპროექტი შეიტანა. შეეხება თუ არა ის სააკაშვილს?
● “სერიოზული ხარვეზები” – რა წერია წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნაში “ვივამედისა” და სააკაშვილის შესახებ
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ჩემი აზრია, რომ არ შეიწყალებს და არც არის სწორი პოლიტიკურად სააკაშვილის შეწყალება, გამომდინარე იმ გრძელვადიანი სახელმწიფო ამოცანებიდან, რაც ჩვენ გვიდგას. რა არის ხელისუფლების ტექნოლოგია, რომ ერთგვარი ტიტანიკი შექმნას „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიშასგან, ყველა ოპონენტი ამ გემზე აიყვანოს და მერე ტიტანიკი ჩაძიროს.
ეს არის მათი პოლიტტექნოლოგია, სხვა რამე ვერ ისწავლეს. აქედან გამომდინარე, მიშას ფაქტორი ხელისუფლებასაც აწყობს, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აწყობს, ორივე თავისი ამოცანების შესასრულებლად იყენებს. თუ ზურაბიშვილი აპირებს აქტიურ პოლიტიკაში ყოფნას სამომავლოდ, ამ შემთხვევაში სააკაშვილის შეწყალება უარყოფითად აისახება.
რაც შეეხება სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროპარლამენტის კრიტიკას:
ევროპარლამენტი არის ევროკავშირის საკანონმდებლო ტიპის სტრუქტურა. შენ შეიძლება რაღაც გადაწყვეტილებები არ მოგეწონოს და გააკრიტიკო. შენ თუ იმ სახლში გინდა ცხოვრება, საკუთარი ძმა შეგიძლია გააკრიტიკო, მაგრამ დედა არ უნდა აგინო, რასაც ესენი აკეთებენ. ფული აქვთ აღებულიო და ამ უბედურებას ამბობენ.
ეს ხომ წმინდა რუსული პროპაგანდისტული ხაზია, რომ ევროპარლამენტარები არიან კორუმპირებულები, რომ გარყვნილების ბუდეა ევროპა. ევროკავშირი გაემიჯნოს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებსო, საგიჟეთი არ არის?
შეურაცხყოფას რომ აყენებენ, ეს არც აღმასრულებელ ორგანოს არ მოეწონება, როდესაც მის პარლამენტს ვიღაც გაუგებარი კანდიდატი ქვეყანა ვირეშმაკობებით და მეორე ფრონტის ძახილით რაღაცნაირად გაძვრა და გუშინ რომ დროშებს წვავდნენ, დღეს ააფრიალეს, კიდევ რომ იგივე ტონალობაში გელაპარაკება, ამოგივა ყელში.“