"წინა ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის მემკვიდრეობა" - როგორ ეხმაურება მმართველი პარტია და პრეზიდენტი კირბალში მომხდარს
კირბალში მომხდარი მკვლელობა
რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრები, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურებიან. მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, მომხდარში დამნაშავე წინა ხელისუფლებაა, რომელმაც “დაუშვა ოკუპაცია.” პრეზიდენტი კი ამბობს, რომ “გასაკვირია”, ვინმეს რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკების იმედი ჰქონდეს
საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმოს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა.
შემთხვევა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან მოხდა. რუსმა სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი – გაიტაცეს. როგორც ტელეკომპანია “მთავარი” წერს, მოკლული თამაზ გინტური ყოფილი სპეცრაზმელი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია.
კირბალში გორის მერიის წარმომადგენელი დავით ცერცვაძე ჰყვება, რომ 6 ნოემბერს თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი სოფელ კირბალის სასაფლაოზე მივიდნენ, შემდეგ კი ლომისის ეკლესიაში სანთლის ასანთებად წავიდნენ. სწორედ ამას მოჰყვა საოკუპაციო ძალების მიერ მათი დაკავების მცდელობა და სროლა, ჰყვება ცერცვაძე.
თამაზ გინტური ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობით დაიღუპა, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე:
“პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავისი მოღალატეობრივი ქმედებებით რუსეთს ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციის საშუალება მისცა და ტერიტორიები გადაუფორმა. დღეს ამ ტრაგედიით სარგებლობას ის ხალხი ცდილობს, ვინც ეს უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, ვინც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა.
მათი უამრავი გაფუჭებული გამოვასწორეთ, დამალული მტკიცებულებებისა და შეგნებულად არასწორად ნაწარმოები საქმეების მიუხედავად, ჰააგაც მოვიგეთ და სტრასბურგიც, თუმცა, ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი, წინა ხელისუფლების მიერ და დროიდან დატოვებული უდიდესი პრობლემა – რუსული ოკუპაცია და მისი თანმდევი უმძიმესი შედეგები. კოლექტიური ნაცმოძრაობა კი ბედავს, ამ თემაზეც სხვისკენ გაიშვიროს ხელი.
საქართველო ყველა არსებულ და შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს, რომ დამნაშავეებმა სათანადოდ აგონ პასუხი.”
ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე: “ოკუპაციამ კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის წინა ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რომელთან დაპირისპირებაც ყოველდღიურად გვიწევს. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დამნაშავის დასასჯელად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი: “მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო რუსული საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების დროს მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახის მიმართ. საოკუპაციო ძალებს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც უკანონოდ დააკავეს და შეასრულონ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.”
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:
“არ თავდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა. ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება. ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ საუკუნეების მანძილზე ვუყურებთ რუსეთის აგრესიას და მის განცხადებებს, რომ ვითომ არის ჩვენი ერთსულოვანი მეგობარი და რეალურად ვხედავთ როგორ იქცევა ჩვენ ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი. ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ და არც გვჯერა სხვა პერსპექტივის. ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეს შეიძლება სჯეროდეს რუსეთთან ერთად მომავლის და ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება წავიდეს რუსეთში და რამე ისწავლოს, რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს რუსეთთან. ჩვენი მომავალი არის ჩვენ პარტნიორებთან და ჩვენი მომავალი ევროპაშია.”
‘ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე:
“ოკუპანტი სახელმწიფოა ის, ვინც პასუხისმგებელია მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე. მაგრამ, შეიძლება, ჩვენ აღმოვაჩინოთ ბევრი შეცდომა, რომელმაც შეიძლება განაპირობა ამ რეზულტატის გარდაუვლობა. შეიძლება, ყოფილიყო ნაკლებად მტკივნეული, ნაკლებად ფატალური, ნაკლებად მძიმე ეს ოკუპაცია, რომ არა წინა ხელისუფლების უზარმაზარი შეცდომები. […]
კეთდება ყველაფერი, რაც შესაძლოა რომ გაკეთდეს იმისათვის, რომ დეოკუპაცია განხორციელდეს – ომის გარდა უკლებლივ ყველაფერი. თუ თქვენს კითხვაში გულისხმობთ – ომს ვიწყებთ თუ არა, არ ვიწყებთ. უკვე იცით, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გაცხადებული და მტკიცე პოზიცია.
[…] იმავე ხელისუფლების პირობებში, არაერთი ქართველი მოკლული იგივე მოცემულობაში პრაქტიკულად, როგორც ახლა ამ ტრაგედიის მომსწრენი გავხდით. ეს ოკუპაცია გრძელდება. […] ყველაფერი გაკეთდება ამასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა, ეს კონკრეტული ბარბაროსული დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი.
ირაკლი ქადაგიშვილი, “ქართული ოცნების” დეპუტატი: “დღემდე ერთეული შემთხვევები გვაქვს ასეთი ტრაგიკული. სამწუხაროა, რომ ერთეული არის, მაგრამ ერთეული შემთხვევები გვაქვს და ვიღაც რომ ითხოვს რაღაც მეტს, ანუ მეტ დაპირისპირებას, მეტ დაპირისპირებას მოყვება მეტი ესკალაცია სიტუაციის. სიტუაციის ესკალაცია რა უმართავ პროცესებში გადაიზრდება – ამაზე ვინმე აგებს პასუხს დღევანდელი ოპოზიციიდან? მათი ქმედებების შედეგი იყო, რაც სამწუხაროდ, საქართველოს აგრესიის შედეგად მოუვიდა.”
● “მოგიწოდებთ, დაიკავეთ მტკიცე პოზიცია!” – ოჩამჩირეში რუსულ ფლოტთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერები ნატოს და ევროკავშირს მიმართავენ
● “შემაშფოთებელია განცხადება ოჩამჩირეში რუსული ბაზების მოწყობაზე” – გამოხმაურება თბილისში
● “იარე ლიზა”- რას ჰყვება ახალი ქართული კინო აფხაზეთის ომზე და რატომ მოჰყვა მას ასეთი მძაფრი რეაქცია