ბოდიში პრეზიდენტს და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა. ნიკა გვარამიას განცხადებები საპატიმროს დატოვების შემდეგ
ნიკა გვარამიამ პირველი განცხადებები საპატიმროს დატოვების შემდეგ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეწყალების შესახებ მისთვის მოულოდნელი იყო. გვარამიას თქმით, შეწყალების აქტს სალომე ზურაბიშვილმა ხელი საკუთარი ქვეყნისთვის მოაწერა.
„ველოდებოდი თებერვალ-მარტს, როდესაც მიწევდა პირობით ვადამდე გათავისუფლება. არც მაშინ ველოდი დიდად, რომ გამიშვებდნენ, მაგრამ მაინც რაღაცას წავიაქტიურებდი მაინც მაგ პერიოდში, თუ არ გამიშვებდნენ. მაგრამ მანამდე არაფერს არ ველოდი. უნდა გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა დღეს. მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის. ვფრიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად“, – განაცხადა გვარამიამ.
● ნინო ლომჯარია: პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც არის, რომ ნიკა გვარამია დღემდე ციხეში ზის
● რატომ დააპატიმრეს ნიკა გვარამია. მოკლედ საქმის არსი და შეფასებები
● “დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს, გათავისუფლდნენ სააკაშვილი და გვარამია” – EPP-ის რეზოლუცია
ბოდიში ზურაბიშვილს და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა
საპატიმროს დატოვების შემდეგ მთავარი არხის დამფუძნებელმა სალომე ზურაბიშვილს ბოდიში მოუხადა წარსულში ჩაწერილი ვიდეოების გამო, სადაც ის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია და ზურაბიშვილს „რუსეთის პრეზიდენტი“ უწოდა. ამასთან ნიკა გვარამიამ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„მე არ ვაპირებ ჩემს შეცდომაში გაჯიუტებული ვიყო. ვიდეოებში, რომელსაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ, მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას, ამის გამო. არც ის [სალომე ზურაბიშვილი] უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მან უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნა გვარამიამ.
ამასთან, გვარამიას თქმით, მას შეწყალება არ უთხოვია, რადგან თავს დამნაშავედ არ ცნობს.
“მე არ ვთვლიდი და დღემდე არ ვთვლი, რომ შეწყალება უნდა მეთხოვა, რადგან ჩემი თავი უდანაშაულო მგონია. ამაში დარწმუნებული ვარ და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამას აუცილებლად დავამტკიცებ”, – განაცხადა გვარამიამ.
გვარამიას გეგმები
რაც შეეხება ნიკა გვარამიას გეგმებს – მან თქვა, რომ ციხეში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტულება არ მიუღია. “ჩემთვის მნიშვნელოვანია კონტექსტი, იმის შეგრძნება რა ხდება სინამდვილეში გარეთ”, – განაცხადა მან.
გვარამიამ ასევე თქვა, რომ არ აპირებს “მთავარ არხს” უხელმძღვანელოს, თუმცა დარჩება მის დამფუძნებლად და მთავარი, რასაც ის გააკეთებს იქნება არხის სირთულეებიდან გამოყვანა.
„მთავარი არხი“ გადარჩა, მან აჩვენა, რომ ჩემს გარეშე, თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს, მე ვიტყოდი უკეთესად, ვიდრე ჩემს პირობებში, ამიტომ მე გავაკეთებ იმას „მთავარი არხისთვის“, რაც შეიძლება სხვას არ შეეძლოს, არც „მთავარ არხზე“ და არც სხვაგან. ეს, პირველ რიგში, ეხება მის გამოყვანას ფინანსური კრიზისიდან, მაგრამ „მთავარ არხს“ უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლაც ხელმძღვანელობს, ეს გიორგი გაბუნიაა, მისი დირექტორი. მე ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს. პირველ რიგში, ეს იქნება რასაც გავაკეთებ“, – თქვა გვარამიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ არ იცის, გააგრძელებს თუ არა ტელევიზიასთან ურთიერთობას, როგორც ჟურნალისტი.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს ხელი 22 ივნისს მოაწერა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
ნიკა გვარამია 2022 წლის 16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. კრიტიკული მედიის ხელმძღვანელს სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ეპიზოდზე, რომელშიც მას სამსახურებრივი მანქანის ოჯახის საჭიროებებისთვის გამოყენებას ედავებიან.
“მთავარი არხის” დამფუძნებლის საქმე მოხვდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშშიც. დოკუმენტის ქვეთავებში, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებსა და გამოხატვის თავისუფლება ეხება, საუბარია მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ.
თეთრი სახლი Amnesty International-ზე დაყრდნობით წერს, რომ გვარამიას საქმემ გამოავლინა “მთავრობის მზარდი გავლენა სასამართლოებზე რიგ საქმეებში”, რომლებიც მიზნად ისახავს მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების დათრგუნვას.