აფხაზეთში კორუფციასთან ბრძოლა რეალურად დაიწყო?
აფხაზეთში არ შეგიძლია, ჩინოვნიკს კორუფციონერი უწოდო.
„თუკი უწოდებ – ხვალ მისი ნათესავები მოვლენ და ბრალდებებზე პასუხს გაიძულებენ“, – განუცხადა JAMnews-ს აქტივისტმა, დევიდ გობეჩიამ.
• აფხაზეთი: როგორ გამოიყურება ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე
• ალკოჰოლი, სიჩქარე, კორუფცია – აფხაზეთის გზებზე ავარიების საშიში სტატისტიკის მიზეზები
რისთვის მიდის ბრძოლა
დევიდ გობეჩია – საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრია, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, ცდილობს, აიძულოს პარლამენტი, რატიფიცირება გაუკეთოს „კორუფციის წინააღმდეგ“ გაეროს კონვენციის მე-20 მუხლს და მიაღებინოს კანონი, რომელიც ჩინოვნიკებს უკანონო გამდიდრებისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებს.
„იტყვი, რომ ის კორუფციონერია – შეიძლება დაგაინვალიდონ, ან უბრალოდ მოგკლან. საუკეთესო შემთხვევაში, ცხოვრების ბოლომდე სასამართლოში ივლი, მაგრამ მაინც ვერ დაამტკიცებ, რომ ჩინოვნიკი ქურდია. საზოგადოება ასეთი წესებით ცხოვრებას უკვე მიეჩვია. ჩვენ ხელს ვართმევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ფულს იპარავენ და ამასთან ერთად – შემდეგი თაობების მომავალს“, – ამბობს დევიდ გობეჩია.
როგორ გახდა საზოგადოებრივი ინიციატივა კანონპროექტი
თავდაპირველად, საინიციატივო ჯგუფმა კორუფციასთან ბრძოლის კანონის საკუთარი ვარიანტი შეიმუშავა, სოციალურ ქსელებში განათავსა და მსურველებს მასში შესწორებების შეთავაზებისკენ მოუწოდა. 2018 წლის ზაფხულში, დასრულებული დოკუმენტი პარლამენტს გადასცეს.
ამ ყველაფერს რეაქცია არ მოჰყოლია.
ჯგუფის წევრებმა ხელმოწერების შეგროვება და პარლამენტისთვის მოთხოვნების გაგზავნა გააგრძელეს. როდესაც ამასაც არ მოჰყვა რეაქცია – აქტივისტებმა გადაწყვიტეს, ქუჩის პროტესტი დაეწყოთ.
აქციები 18 თებერვალს დაიწყო, როდესაც პარლამენტი ზამთრის არდადეგებიდან დაბრუნდა. პარლამენტთან 50-მდე ადამიანი შეიკრიბა და კანონპროექტის პირველ სესიაზე განხილვა მოითხოვა. მათ დაჰპირდნენ, რომ განხილვა 22 თებერვლის სხდომაზე გაიმართებოდა.
ხალხი დაიშალა – რომ 22 თებერვალს ისევ შეკრებილიყვნენ პარლამენტთან.
კანონპროექტი იმ დღის შეკრების დღის წესრიგში შეიტანეს – მაგრამ სიის სულ ბოლოში აღმოჩნდა და მისი განხილვა ვეღარ მოასწრეს. ჯგუფი, რომელმაც ნახევარი დღე პარლამენტთან გაატარა, აღშფოთდა და განაცხადა, რომ პერმანენტულ პროტესტს იწყებდა.
თუმცა, ისინი დაარწმუნეს, რომ კანონპროექტს მომდევნო სესიაზე – 25 თებერვალს აუცილებლად განიხილავდნენ. და ადამიანები ისევ დაიშალნენ.
და ამჯერად აქტივისტებმა გამარჯვება იზეიმეს. პარლამენტმა განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი ჩინოვნიკების შემოსავლების, ხარჯებისა და ქონების დეკლარირების შესახებ.
მაგრამ საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მთავარი ჯერ კიდევ გასაკეთებელია.
ვინ იბრძვის
ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც კორუფციასთან ბრძოლა მოდის ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან და არა პოლიტიკოსებისგან. საინიციატივო ჯგუფში, ძირითადად, ახალგაზრდები და ვეტერანები შედიან.
„კორუფციამ, შესაძლოა, არა მხოლოდ დეგრადაციამდე და ჩამოშლამდე, არამედ საერთოდ გაქრობამდე მიიყვანოს აფხაზეთი. კორუფცია იწვევს ტერორიზმს, ნარკოტრაფიკს, მონებით ვაჭრობას, თაღლითობას, ძირს უთხრის და ანადგურებს საჯარო ინსტიტუტებს“, – ამბობს ახალგაზრდა აქტივისტი იანიკ ახსალბა.
„თუკი გაეროს კონვენციის მე-20 მუხლს მიიღებენ – ის ერთგვარი ბაზა და საწყისი გახდება ჩვენთან კორუფციის განადგურების“.
მწერალი ასტამურ კაკალია 43 წლისაა. კორუფციასთან ბრძოლა მან საკუთარ საქმედ ჯერ კიდევ 9 წლის წინ გაიხადა.
მაშინ მის თანამოაზრეებს შორის მხოლოდ 5 ადამიანი იყო – დღეს, თითქმის 30, ამბობს ის.
„ჩვენ ვიბრძვით არა იმდენად კორუფციის წინააღმდეგ, რამდენადაც ჯანსაღი აზრისთვის. ხელისუფლება ანგარიშს ჩააბარებს თუ არა ხალხს – ეს უკვე პრინციპის საქმეა და არა მხოლოდ კანონის“, – აცხადებს ასტამური.
მისი აზრით, ამ კანონის მთავარი ღირსება ის არის, რომ იგი ჩინოვნიკების სრული კორუმპირებულობის პირობებშიც კი იმუშავებს.
„თუკი საკანონმდებლო ბაზა იქნება – ყველაზე კორუმპირებულის გამოვლენა დამწყებ საგადასახადო ინსპექტორს, მილიციელს, ჟურნალისტსა და იურისტსაც შეეძლება“, – მიიჩნევს ასტამური.
დევიდ გობეჩია ამბობს, რომ ხელისუფლების კორუმპირებულობა ყველა სფეროზე აისახება. მათ შორის, აფხაზეთის სამწუხარო დემოგრაფიული სტატისტიკაც ამ პრობლემასთანაა დაკავშირებული.
„როდესაც უკვე 20 წლის ხარ, ოჯახის შექმნაზე იწყებ ფიქრს. და აქ ჩნდება კითხვა: „სად ვიცხოვრო?“, „რითი გამოვკვებო ოჯახი?“ და ა.შ. ჩინოვნიკებსა და მათი ოჯახების აბსოლუტურ უმრავლესობას ასეთი პრობლემები არ აწუხებს. და ყველასთვის გასაგებია – რატომ. იმიტომ, რომ მოსახლეობის ბანალური ძარცვა მიმდინარეობს. და ეს იწვევს ბუნებრივ რისხვას და სამართლიანობის განცდას აღვიძებს“, – ამბობს დევიდი.
შემდეგი ნაბიჯები
აქტივისტები ამბობენ, რომ ახლა, როდესაც პარლამენტში უკვე დაიწყო ჩინოვნიკების შემოსავლების, ხარჯებისა და ქონების დეკლარირების შესახებ კანონპროექტის განხილვა, გაჩნდა შემდეგი მნიშვნელოვანი მიზანი: შეინარჩუნონ კანონპროექტის ტექსტში „უკანონო გამდიდრების“ გაგება.
რამილ აჯიბა არ შედის საინიციატივო ჯგუფში, რომელიც გაეროს კონვენციის მე-20 მუხლის გატანას ცდილობს, მაგრამ აქტიურად უჭერს მათ მხარს ინტერნეტსივრცეში.
დიდი ხნის განმავლობაში, აჯიბა ძალოვან სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2015 წელს ის ეროვნული ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნასაც ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა.
„აფხაზეთის ხელისუფლებაში მითხრეს, რომ კორუფციასთან ბრძოლა – ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა“, – აცხადებს ის.
აქვს რა ასეთი გამოცდილება, აჯიბა ამბობს, რომ დღევანდელ აფხაზეთში მუშაობას მხოლოდ საზოგადოებრივი საგამოძიებო ჯგუფები მოახერხებენ.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჩემ მიერ მომზადებულ კანონპროექტში აღწერილი იყო საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები, მაგრამ ხელისუფლებამ ეს კანონპროექტიდან ამოიღო, ასეთი კანონი კი პრაქტიკაში ვერანაირად ვერ იმუშავებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეგნებულად გააკეთეს. ამ ადამიანებს არ შეიძლებოდა, არ სცოდნოდათ, რა მოჰყვებოდა ასეთი დეკლარაციული კანონის მიღებას“, – ამბობს აჯიბა.
მისი სიტყვებით, დღეს, აფხაზეთში, არცერთ ადამიანს არ შეუძლია, დაასახელოს რომელიმე კორუფციონერის სახელი და გვარი.
ამას იმ ფაქტით ხსნის, რომ რესპუბლიკის მოსახლეობა ძალიან მცირერიცხოვანია. ამის გამო, ნებისმიერი ადამიანი, ვინც კორუმპირებული ჩინოვნიკის წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებს, მასთან რაიმე ნათესაურ კავშირს აუცილებლად აღმოაჩენს.
მაგრამ ამ ჯგუფში შეკრებილი აქტივისტები უკან დახევას არ აპირებენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ საბოლოოდ წარმატებას მიაღწევენ.
„როგორი იქნება წარმატება?“ – იკითხა JAMnews-მა.
„უკანონო გამდიდრება“ აფხაზეთში ეგზოტიკა კი არა, იურიდიული ნორმა იქნება“, – იყო პასუხი